რუთი 1
- 1
იმ დღეებში, მსაჯულთა მმართველობის დროს, შიმშილი იყო ქვეყანაზე. იუდას ბეთლემიდან კაცი გაიხიზნა მოაბის ველებზე საცხოვრებლად, თავის ცოლსა და ორ ძესთან ერთად.
- 2
ელიმელექი ერქვა იმ კაცს, მის ცოლს - ნაყომი, ძეებს კი - მახლონი და ქილიონი, ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. და მივიდნენ მოაბის ველებზე და იქ დარჩნენ.
- 3
მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ძით.
- 4
შეირთეს მათ მოაბელი ცოლები - ერთს ყორფა ერქვა, მეორეს - რუთი და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ იქ.
- 5
მაგრამ დაიხოცნენ მახლონი და ქილიონი და დარჩა ნაყომი თავის ქმრისა და შვილების გარეშე.
- 6
და როცა შეიტყო მოაბის ქვეყანაში, რომ მოხედა თავის ხალხს უფალმა და მისცა სანოვაგე, სახლში დასაბრუნებლად მოემზადა ნაყომი თავის რძლებთან ერთად.
- 7
დატოვა თავის რძლებთან ერთად ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა და გაუდგა გზას იუდას მიწისკენ.
- 8
უთხრა ნაყომიმ თავის რძლებს: "წადით, თითოეული თქვენი დედის სახლში დაბრუნდით! კეთილად მოგექცეთ უფალი, როგორც თქვენ გვექცეოდით გარდაცვლილებსა და მე!
- 9
უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე, თითოეულს თავისი ქმრის სახლში!” და ეამბორა რძლებს. მათ კი ხმა აიმაღლეს და ტიროდნენ.
- 10
უთხრეს ნაყომის: "შენთან ერთად დავბრუნდებით შენს ხალხთან!”
- 11
მაგრამ უპასუხა ნაყომიმ: "გაბრუნდით, ჩემო ასულნო, რად მომყვებით? განა კიდევ მეყოლება ვაჟები, რომ თქვენზე იქორწინონ?
- 12
გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი,
- 13
ნუთუ დაელოდებით მათ დაზრდას? განა მათი გულისთვის დარჩებით გაუთხოვარნი? არა, ჩემო ასულნო, ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა უფლის ხელი!”
- 14
კვლავ აღიმაღლეს ხმა და აქვითინდნენ. და ეამბორა ყორფა თავის დედამთილს გამოსამშვიდობებლად, რუთი კი არ მოეშვა.
- 15
უთხრა: "აჰა, შენი მაზლის ცოლი ბრუნდება თავის ხალხთან და ღმერთთან. შენც დაბრუნდი!”
- 16
უპასუხა რუთმა: "ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი - ჩემი ღმერთი.
- 17
სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!”
- 18
დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა.
- 19
და გაუდგნენ გზას ორივენი, ვიდრე ბეთლემს მიაღწევდნენ. ბეთლემში რომ შევიდნენ, მთელი ქალაქი შეჩოჩქოლდა. ამბობდნენ: "ნუთუ ნაყომია ეს ქალი?”
- 20
უთხრა მათ ნაყომიმ: "ნუღარ მიწოდებთ ნაყომის (სასიამოვნოს), არამედ დამიძახეთ მარა (სიმწარე), რადგან ფრიად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
- 21
სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღად მიწოდებთ ნაყომის? ჩემს წინააღმდეგ განეწყო უფალი და უბედურება დამატეხა ყოვლადძლიერმა.
- 22
ასე დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად და ქერის მკა იწყებოდა ბეთლემში რომ მივიდნენ.