მსაჯულნი 9
- 1
წავიდა აბიმელექი, იერუბაყალის ძე, შექემში თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მთელ მამისსახლს:
- 2
"ჩააგონეთ შექემის ყველა მცხოვრებს: "რა გირჩევნიათ, იერუბაყალის სამოცდაათი ძე ბატონობდეს თქვენზე, თუ ერთი კაცი იყოს თქვენი ბატონი?” გახსოვდეთ, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი”.
- 3
ჩააგონეს დედის ძმებმა შექემელების ყურს ეს სიტყვები და მიიდრიკა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ჩვენი ძმააო იგი.
- 4
და მისცეს სამოცდაათი შეკელი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან. დაიქირავა ამ ფულით აბიმელექმა უკეთური და უღირსი კაცები და თან გაიყოლა.
- 5
მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.
- 6
შეიკრიბა ყველა შექემელი და მილოს მთელი სახლეული, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი შექემში, მუხასთან აღმართულ სვეტთან.
- 7
როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა, დადგა გერიზიმის მთაზე, აღიმაღლა ხმა და გადმოსძახა მათ: "ისმინეთ ჩემი, შექემის მცხოვრებნო, რათა ღმერთმაც მოგისმინოთ!”
- 8
მოინდომეს ხეებმა მეფის არჩევა; უთხრეს ზეთისხილს: "იმეფე ჩვენზე”.
- 9
მიუგო მათ ზეთისხილმა: "მივატოვებ განა ჩემს სიმსუყეს, რომლითაც ღმერთსა და ხალხს პატივს მიაგებენ და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
- 10
უთხრეს ხეებმა ლეღვს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
- 11
უპასუხა მათ ლეღვმა: "მივატოვებ განა ჩემს სიტკბოებასა და კეთილ ნაყოფს და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
- 12
უთხრეს ხეებმა ვაზის ლერწს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
- 13
მიუგო მათ ვაზის ლერწმა: "მივატოვებ განა ჩემს მაჭარს - ღვთისა და ადამიანთა გამხარებელს - და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?
- 14
უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
- 15
და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: "თუ ნამვილად მეფედ გინდივართ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; თუ არადა, გამოვა ცეცხლი კვრინჩხიდან და შთაინთქმებიან ლიბანის კედრები”.
- 16
განა ჭეშმარიტად და წრფელად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? ნუთუ ამით კეთილი მიაგეთ იერუბაყალსა და მის სახლეულს? დამსახურებისამებრ მოექეცით მას?
- 17
თქვენთვის იბრძოდა მამაჩემი, საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს და გიხსნათ მიდიანელთაგან;
- 18
თქვენ კი აუჯანყდით დღეს მამაჩემის სახლს და მისი სამოცდაათი ძე ერთ ქვას დააკალით, აბიმელექი კი, მისი მხევლის ძე, მეფედ დაუსვით შექემის მკვიდრთ, რადგან თქვენი ძმაა იგი.
- 19
ახლა კი, თუ ჭეშმარიტად და კეთილსინდისიერად მოექეცით იერუბაყალსა და მის სახლეულს, იხარებდეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით;
- 20
თუ არადა, გამოვიდეს ცეცხლი აბიმელექისგან და შთანთქას შექემის მკვიდრნი და მილოს სახლეული, გამოვიდეს ცეცხლი შექემის მკვიდრთაგან და მილოს სახლეულიდან და შთანთქას აბიმელექი!”
- 21
გამოიპარა იოთამი, გაიქცა და ბეერში ჩავიდა; იქ მკვიდრობდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.
- 22
სამი წელი ბატონობდა აბიმელექი ისრაელზე.
- 23
მიავლინა ღმერთმა ბოროტი სული აბიმელექსა და შექემის მკვიდრთა შორის და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს,
- 24
რათა არ შერჩენოდათ იერუბაყალის სამოცდაათი ძის სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი და შექემელებს, რომლებიც გვერდში ედგნენ ძმების დახოცვისას.
- 25
ხალხი ჩაასაფრეს მის წინააღმდეგ შექემელებმა მთებზე და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ გვერდით გაივლიდა გზაზე. და მოახსენეს ამის შესახებ აბიმელექს.
- 26
მოვიდნენ გაყალ ყებედის ძე და ძმანი მისნი, დადიოდნენ შექემში და მიემხრნენ შექემის მკვიდრნი.
- 27
გადიოდნენ ვენახში, კრეფდნენ ყურძენს, წურავდნენ საწნახელში, დღესასწაულობდნენ, თავიანთი ღმერთის სახლში დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
- 28
თქვა გაყალ ყებედის ძემ: "სად აბიმელექი და სად შექემი, რომ ვემონებოდეთ? განა იერუბაყალის ძე არაა იგი და განა ზაბული არაა მისი მოურავი? ხამორის, შექემის მამის კაცებს დაემორჩილეთ, მაგას რატომ უნდა ვემსახურებოდეთ?
- 29
ეს ხალხი, რომ ჩემს ხელქვეით იყოს, მოვაშორებდი აბიმელექს; ვეტყოდი აბიმელექს გაიმრავლე ჯარი და გამოდი!”
- 30
ესმა ზებულს, ქალაქის მთავარს, გაყალ ყებედის ძის სიტყვები და ძალიან გაჯავრდა.
- 31
ფარულად წარგზავნა მოციქულნი აბიმელექთან და შეუთვალა: "აჰა, მოდის გაყალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და შენს წინააღმდეგ განაწყობს ქალაქს.
- 32
ადექი ღამე შენი ხალხით და ველზე ჩაუსაფრდი.
- 33
დილაადრიანად, განთიადისას, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შეესიე ქალაქს; გამოვლენ შენს წინააღმდეგ ის და მისი ხალხი და ისე მოექეცი მას, რასაც შენი ხელი შეძლებს”.
- 34
ღამიანად ადგნენ აბიმელექი და მთელი მისი ხალხი და ოთხი რაზმი ჩაუსაფრა შექემთან.
- 35
გამოვიდა გაყალ ყებედის ძე და დადგა ქალაქის კარიბჭესთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად.
- 36
გაყალმა რომ ხალხი დაინახა, უთხრა ზებულს: "შეხედე ხალხი ეშვება მთის ფერდობებზე”. უპასუხა ზებულმა: "მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება”.
- 37
კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: "ხალხი ეშვება მაღლობიდან, ერთი რაზმი კი მისნების მუხნარის გზით მოდის”.
- 38
უთხრა ზებულმა: "შენ არ ამბობდი, ვინაა აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო? ეს ის ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ”.
- 39
გავიდა გაყალი შექემელებთან ერთად და შეება აბიმელექს.
- 40
გამოედევნა აბიმელექი გაქცეულ გაყალს და შექემელთაგან მრავალი დაეცა მოკლული კარიბჭემდე.
- 41
ყარუმაში რჩებოდა აბიმელექი, ზებულმა კი განდევნა გაყალი და მისი ძმანი, რათა შექემში არ დამკვიდრებულიყვნენ.
- 42
გავიდა ხალხი ველად მეორე დღეს და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
- 43
გაიყვანა თავისი ხალხი, სამ რაზმად დაჰყო და ველზე ჩასაფრდა. როცა ქალაქიდან გამომავალი ხალხი დაინახა, თავს დაესხა და მოსრა.
- 44
აბიმელექი და მისი ხალხი წავიდნენ და ქალაქის კარიბჭესთან დადგნენ, ხოლო ორი სხვა რაზმი ველზე გამოსულებს ესხმოდა თავს და მუსრს ავლებდა.
- 45
მთელი ის დღე იბრძოლა აბიმელექმა ქალაქში, ბოლოს აიღო, დახოცა მაცხოვრებლები, ქალაქი დაანგრია და მარილი დათესა.
- 46
როდესაც ესმათ ეს ამბავი შექემის კოშკის მთავრებს, შეცვივდნენ ბერითის საკერპო სახლში.
- 47
და ეუწყა აბიმელექს, სად შეიკრიბნენ შექემის კოშკის მკვიდრნი.
- 48
ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე თავის ხალხთან ერთად, აიღო ცული, თავის ხელით მოჭრა ხის ტოტი, ასწია და მხარზე დაიდო; უთხრა თავის ხალხს: "ხომ დაინახეთ, რაც გავაკეთე, ისწრაფეთ და ჩემსავით მოიქეცით”.
- 49
მოჭრა თითოეულმა თითო ტოტი და გაჰყვა აბიმელექს; შემოულაგეს ტოტები საკერპოს და ცეცხლით დაწვეს და მოკვდა შექემის კოშკის ყოველი მკვიდრი, დაახლოებით ათასი კაცი და ქალი.
- 50
წავიდა აბიმელექი თებეცში, ალყა შემოარტყა და აიღო.
- 51
მყარი კოშკი იდგა შუა ქალაქში, შიგ შეცვივდა ყველა კაცი, ქალი და ქალაქის მთავარი; ჩარაზეს კარი და ავიდნენ კოშკის ერდოზე.
- 52
მივიდა აბიმელექი კოშკთან და ალყა შემოარტყა; ახლოს მივიდა კოშკის შესასვლელთან, რათა ცეცხლით დაეწვა.
- 53
ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა.
- 54
მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: "იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.
- 55
იხილეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, წავიდა თითოეული და დაუბრუნდა თავის სახლს.
- 56
ასე მიაგო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რაც უყო მან მამამისს, როცა დახოცა თავისი სამოცდაათი ძმა.
- 57
შექემელთა ბოროტება მათზევე მოაქცია ღმერთმა. ეწიათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა.