მსაჯულნი 7
- 1
ადგა დილაადრიანად იერუბაყალი, იგივე გედეონი, ასევე მასთან მყოფი მთელი ხალხი და ხაროდის წყაროსთან დაიბანაკეს; მიდიანელთა ბანაკი მისგან ჩრდილოეთით, მორეს მაღლობთან, ველზე იყო.
- 2
უთხრა უფალმა გედეონს: "ბევრი ხალხი გყავს, რომ ჩავუგდო ხელში მიდიანელები, გაყოყოჩდება ისრაელი და იტყვის: ჩემმა ხელმა მიხსნაო.
- 3
ამიტომ, ასე გამოაცხადე ხალხის გასაგონად: "ვისაც ეშინია და ცახცახებს, დაე გაბრუნდეს და დატოვოს გილყადის მთა!” და გაბრუნდა ხალხიდან ოცდაორი ათასი, ათი ათასი კი დარჩა.
- 4
უთხრა უფალმა გედეონს: "ესეც ბევრია; წყალთან ჩაიყვანე, იქ გამოვცდი მათ; რომელზეც გეტყვი: წამოვიდეს-მეთქი, წამოგყვეს, მაგრამ რომელზეც გეტყვი: არ წამოვიდეს-მეთქი, არ წამოგყვეს”.
- 5
ჩაიყვანა ხალხი წყალთან. უთხრა უფალმა გედეონს: "ცალკე დააყენე ყველა, ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს; ისინიც გამოაცალკევე, ვინც მუხლებზე დადგება დასალევად”.
- 6
ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი აღმოჩნდა, დანარჩენებმა კი ჩაიმუხლეს წყლის დასალევად.
- 7
უთხრა უფალმა გედეონს: "ამ სამასი მსვლეპელი კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებთ მიდიანელებს; დანარჩენები შინ გაბრუნდნენ”.
- 8
აიღო ხალხმა საგზალი და რქის საყვირები; დანარჩენი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა გედეონმა, სამასი კაცი კი დაიტოვა; ხოლო მიდიანელნი ქვემოთ, ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
- 9
უთხრა იმავე ღამეს უფალმა: "ადექი, ჩადი ბანაკში, რადგან შენს ხელთა მყავს ჩაგდებული მიდიანი.
- 10
თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ ჩადით შენ და ფურა, შენი მსახური.
- 11
მოისმენ, რას ამბობენ და მკლავები განგიმტკიცდება ბანაკში ჩასასვლელად”. და ჩავიდნენ ის და ფურა, მისი მსახური, ბანაკში, შეიარაღებულთა განაპირა რიგებისკენ.
- 12
მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ყველა ძე კალიებივით მოფენილიყვნენ ველზე. მათ აქლემებს სიმრავლისგან თვლა არ ჰქონდა, როგორც ქვიშას, ზღვის სანაპიროზე.
- 13
მივიდა გედეონი და, აჰა, სიზმარს უყვება კაცი თავის მოყვასს; ამბობს: "მესიზმრა: მოგორავს ქერის პური, მიგორდა მიდიანელთა კარვამდე, დაეჯახა და დასცა, ამოაპირქვავა და მიწასთან გაასწორა იგი”.
- 14
მიუგო მოყვასმა და უთხრა: "ეს სხვა არაფერია, თუ არა გედეონის, იოაშის ძის, ისრაელიანი კაცის მახვილი; აჰა, ხელში ჩაუგდო ღმერთმა მიდიანელნი და მთელი მათი ბანაკი”.
- 15
როცა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა გედეონმა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელის ბანაკში და თქვა: "ადექით! ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანელთა ბანაკი”.
- 16
სამ რაზმად დაჰყო სამასი კაცი, ხელში ყველას რქის საყვირები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში კი - ჩირაღდნები.
- 17
უთხრა მათ: "მიყურეთ და იგივე გააკეთეთ; აჰა, მივდივარ ბანაკის კიდისკენ და ისე მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი!
- 18
ჩავბერავ საყვირში და ვინც ჩემთანაა, ყველამ ჩაბეროს მთელი ბანაკის ირგვლივ, თან იყვირეთ: უფლისა და გედეონისთვის!”
- 19
ას კაცთან ერთად მივიდა ბანაკის კიდესთან გედეონი, შუა გუშაგობა იწყებოდა და გუშაგები ახლად გამოცვლილნი იყვნენ; ჩაბერეს საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები, რომლებიც ხელში ეჭირათ.
- 20
ჩაბერა სამივე რაზმმა საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეკავათ, მარჯვენაში - საყვირები, ახმიანებდნენ და თან ყვიროდნენ: "მახვილი უფლისთვის და გედეონისთვის!”
- 21
თითოეული თავის ადგილზე იდგა ბანაკის ირგვლივ; გაიქცა მთელი ლაშქარი - ღრიალებდნენ და მირბოდნენ.
- 22
როცა რქის სამასი საყვირი დააყვირეს, მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი უფალმა და გარბოდა ლაშქარი ბეთშიტამდე ცერარასკენ, აბელ-მექოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად.
- 23
მოუხმეს ისრაელიანებს ნაფთალის, აშერისა და მთელი მენაშეს ტომთაგან და დაედევნენ მიდიანელებს.
- 24
მოციქულნი წარგზავნა გედეონმა ეფრემელთა მთაზე და შეუთვალა: გამოდით მიდიანელთა წინააღმდეგ და დაიკავეთ მათ წინ მდებარე წყაროები ბეთ-ბარამდე და იორდანე”. და გამოვიდა ეფრემელთა ყველა კაცი და ბეთ-ბარამდე დაიკავეს წყაროები და იორდანე.
- 25
და შეიპყრეს მიდიანელთა ორი მთავარი: ყორები და ზეები. და მოკლეს ყორები ყორების კლდეზე, ზეები კი - ზეების საწნახელთან და სდიეს მიდიანელებს; ხოლო ყორებისა და ზეების თავები გედეონს მიუტანეს იორდანეს გაღმა.