მსაჯულნი 5
- 1
ასე გალობდნენ იმ დღეს დებორა და ბარაკი, აბინოყამის ძე:
- 2
"როცა წამოიმართნენ ისრაელის მთავარნი, ხალხი მოხალისედ გამოვიდა, აკურთხებდეთ უფალს!
- 3
ისმინეთ მეფენო, ყურად იღეთ დიდებულნო: უფალს ვუმღერი, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს.
- 4
უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,
- 5
მთანი იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით სინაის მთაც კი, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
- 6
გაუკაცრიელდა გზები შამგარ ყანათის ძისა და იაყელის დროს, და ოღრო-ჩოღრო ბილიკებს დაადგნენ სწორ გზაზე მავალნი.
- 7
განადგურდა დაბა-სოფლები ისრაელში, მოისპო, სანამ აღვდგებოდი მე, დებორა, ვიდრე აღვდგებოდი მე, დედა, ისრაელში.
- 8
არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?
- 9
ჩემი გული თქვენთანაა, ისრაელის მთავარნო, რომლებიც თქვენი ნებით გამოხვედით ხალხთან. აკურთხეთ უფალი!
- 10
თეთრ სახედრებზე შემომსხდარნო, ძვირფას ხალიჩებზე მორთხმულნო და გზად მიმავალნო, იგალობეთ.
- 11
მეისრეთა ხმაზე მეტად ისმის წყაროსთან შემოკრებილთა ხმა; ისინი უფლის სიმართლის საქმეებზე ლაპარაკობენ; სიმართლის საქმეებზე, რომლებიც მის სოფლებში მცხოვრებთათვის მოიმოქმედა! მერე კი ჩავა უფლის ხალხი კარიბჭეებთან.
- 12
გაიღვიძე, გაიღვიძე დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! წარმოთქვი საგალობელი! ადექი ბარაკ, ტყვედ წამოასხი შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
- 13
მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; მე დამიმორჩილა უფალმა მებრძოლნი.
- 14
ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში ფესვგადგმულნი; ბენიამინიც მოგყვა შენს ხალხს შორის; მაქირისგან წამოვიდნენ მმართველნი და ზებულონისგან აღმრიცხველთა კვერთხის მპყრობელნი.
- 15
მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; როგორც ისაქარი, ისე ბარაკი, ქვეითად წარიგზავნენ ველზე; დიდად ორჭოფობენ რეუბენის რაზმები.
- 16
რისთვის იჯექი ფარეხებში, ჯოგთა ბღავილის მოსასმენად? დიადი ორჭოფობა იყო რეუბენის რაზმებში.
- 17
გილყადი იორდანეს გაღმა დარჩა, დანი რაღად რჩება ხომალდებზე? აშერი ზღვათა სანაპიროზე ზის და ბინადრობს თავის ნავსადგურზე.
- 18
ზებულონის ხალხმა გასწირა თავი სასიკვდილოდ და ნაფთალმა - მინდვრის მაღლობებზე.
- 19
მოვიდნენ მეფენი და იომეს; იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ ვერ ჩაიგდეს ვერცხლის ნადავლი.
- 20
ციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას.
- 21
წალეკა ისინი კიშონის ხევმა, კედუმის ხევმა, კიშონის მდინარემ. გაილაშქრე ძლიერებით თავო ჩემო.
- 22
მაშინ ჭენებით იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები, როცა გარბოდნენ მისი მეომრები.
- 23
თქვა უფლის ანგელოზმა: "დაწყევლეთ მეროზი, მწარედ დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის შემწედ, უფლის შემწედ ძლიერებთან ერთად”.
- 24
კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კენიელი ხებერის ცოლი. კარვის დიაცთა შორის იკურთხოს.
- 25
წყალი სთხოვა სისარამ იაყელს, რძე მისცა, ნაღები მიართვა დიდებულთა ფიალით.
- 26
ერთი ხელით პალოს დასწვდა, მეორე უროსკენ გაიწოდა და დაჰკრა სისარას, თავი გაუპო, განგმირა, საფეთქელი შეუნგრია.
- 27
მის ფეხებთან ჩაიჩოქა, დაეცა, განერთხა; მის ფეხებთან დაიჩოქა, დაეცა; სადაც დაიჩოქა, იქვე დაეცა განგმირული.
- 28
სარკმლიდან იმზირება და მოსთქვამს სისარას დედა: რად იგვიანებს მისი ეტლი, რად ყოვნდებიან მისი ეტლის ნაკვალევნი?
- 29
მიუგებენ გონიერი ასულნი, თვითონაც პასუხობს თავის თავს:
- 30
"ალბათ იპოვეს და იყოფენ ნადავლს - თითოს ან ორ-ორ ქალწულს მეომარზე; ნადავლად ნაქარგი ფერადი სამოსელი სისარას: ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორმხრივად ნაქარგი”.
- 31
ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! ხოლო მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით ანათებდნენ მთელი ძლიერებით!” და არ შეწუხებულა ქვეყანა ორმოც წელიწადს.