იესო ნავეს ძე 6
- 1
ჩაიკეტა იერიხო და დახშული იყო ისრაელიანთა გამო: ვერავინ გამოდიოდა იქიდან და ვერავინ შედიოდა იქ.
- 2
უთხრა უფალმა იეშუას: "ნახე, ხელში ჩაგაგდებინე იერიხო და მისი მეფე, თავისი ძლიერი მებრძოლებით.
- 3
გარს შემოუარეთ ქალაქს და ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ერთხელ შემოავლეთ წრე. ასე უარეთ ექვსი დღის მანძილზე;
- 4
და შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდი ბუკით ივლის კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და სცენ ბუკი მღვდლებმა.
- 5
როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქებს და გაიგონებთ ბუკის ხმას, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ხალხმა, იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედელი და ავა მასზე ხალხი, თითოეული თავისი მხრიდან”.
- 6
მოუხმო იეშუა ნავეს ძემ მღვდლებს და უთხრა: "ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ატაროს შვიდმა მღვდელმა ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ!”
- 7
უთხრა ხალხს: "წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, ხოლო შეიარაღებულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ”.
- 8
როგორც კი ეს უთხრა ხალხს იეშუამ, წავიდა შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდ ბუკს რომ დაატარებდა და ჩაჰბერეს ბუკებს, უკან მიჰყვებოდა მათ უფლის აღთქმის კიდობანი.
- 9
წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც ბუკებს სცემდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
- 10
ასე უბრძანა ხალხს იეშუამ: "ნუ აიმაღლებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით: დაეცით ყიჟინა! მაშინ დასცემთ ყიჟინას”.
- 11
და შემოუარეს უფლის კიდობნით ქალაქს, ერთი წრე დაარტყეს; შემდეგ დაბრუნდნენ ბანაკში და იქ გაათიეს.
- 12
ადგა დილაადრიანად იეშუა და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
- 13
და შვიდი მღვდელი, რომელთაც უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი მოჰქონდათ, გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდა, წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
- 14
მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში; ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
- 15
მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს ქალაქს შვიდჯერ.
- 16
და მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის ბუკებს, უთხრა იეშუამ ხალხს: "დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ეს ქალაქი!
- 17
უფლისთვის დარისხდება ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
- 18
ერიდეთ დარისხებულს, რომ თავი არ დაირისხოთ. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, არ შეაჩვენოთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
- 19
მთელი ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისთვის, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს”.
- 20
ახმაურდა ხალხი და ბუკებსაც ჩაჰბერეს. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და იქვე ჩაიქცა კედელი; ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.
- 21
მახვილის პირით მოსრეს ქალაქში ყოველივე, რაც დარისხებული იყო: მამაკაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, ცხვარი და სახედარი.
- 22
უთხრა იეშუამ ქვეყნის დასაზვერად გაგზავნილ კაცებს: "მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ”.
- 23
მივიდნენ მზვერავი ჭაბუკები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, ძმა და ყველა, ვინც ჰყავდა და დატოვეს ისრაელის ბანაკის გარეთ,
- 24
ხოლო ქალაქი და ყოველივე, რაც მასში იყო, ცეცხლით გადაბუგეს; მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი დადეს უფლის სახლის საგანძურში.
- 25
რახაბ მეძავი, მამამისის სახლეული და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იეშუამ და დამკვიდრდა ის ისრაელში დღემდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იერიხოს დასაზვერად გაგზავნა იეშუამ.
- 26
ასეთი წყევლა წარმოთქვა მაშინ იეშუამ: "წყეული იყოს უფლის წინაშე კაცი, რომელიც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს: თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე”.
- 27
უფალი იყო იეშუასთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.