იესო ნავეს ძე 13
- 1
მოხუცდა იეშუა, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: "მოხუცდი შენ და ხანში შეხვედი, მიწა კი ძალიან ბევრი რჩება დასამკვიდრებელი;
- 2
ეს არის მიწა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა ყველა მხარე და მთელი გეშური;
- 3
ეგვიპტის მოპირდაპირე შიხორიდან ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანის კუთვნილებად ითვლება; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზის, აშდოდის, აშკელონის, გათისა და ყეკრონის ანუ ყავიმისა.
- 4
ქანაანელთა მთელი მიწა სამხრეთით და სიდონელთა გვერდით მეყარადან აფეკამდე, ამორელთა საზღვრამდე;
- 5
გიბლელთა მიწა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლისკენ, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირში, ხამათის შესასვლელამდე.
- 6
მთის ყველა მკვიდრს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდე და ყოველ სიდონელს განვდევნი ისრაელის ძეთაგან. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე მიწები ისრაელს, როგორც ნაბრძანები მაქვს.
- 7
დაუნაწილე ახლა ეს ქვეყანა სამკვიდრებლად ცხრა ტომსა და მენაშეს ნახევარ ტომს”.
- 8
მეორე ნახევარმა კი რეუბენისა და გადის ძეებთან ერთად მიიღეს თავისი სამკვიდრებელი, რომელიც იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა.
- 9
ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას, ქალაქი, რომელიც შუა ხევშია და მედებას მთელი დაბლობი დიბონამდე;
- 10
ყველა ქალაქი სიხონისა, ამორელთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე;
- 11
ასევე გილყადი, გეშურელთა და მაყაქათელთა მხარე და მთელი ბაშანი სალქამდე.
- 12
ბაშანში - მთელი სამეფო ყოგისა, რომელიც ყაშთაროთსა და ედრეყში მეფობდა. ისღა დარჩა უკანასკნელ რეფაიმელთაგან, ვინაიდან მოსრა ისინი მოსემ და განდევნა.
- 13
მაგრამ არ განუდევნიათ ისრაელის ძეებს გეშურელნი და მაყაქათელნი და ამ დღემდე მკვიდრობენ ისინი ისრაელის ძეთა შორის.
- 14
მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრებელი. უფლის, ისრაელის ღმერთის, საცეცხლო შესაწირები იყო მისი მემკვიდრეობა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის.
- 15
და მისცა მოსემ სამკვიდრებელი რეუბენის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით:
- 16
არნონის ხეობის გასწვრივ, ყაროყერიდან იყო მათი საზღვარი და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია, მედებას მთელ დაბლობთან ერთად.
- 17
ხეშბონი და ყველა მისი ქალაქი, რომელიც ტაფობზეა: დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი;
- 18
იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი;
- 19
კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-შახარი ყემეკის მთაზე;
- 20
ბეთ-ფეღორი და ფისგას ფერდობები და ბეთ-იეშიმოთი.
- 21
ყოველი ქალაქი დაბლობზე და მთელი სამეფო სიხონისა, ამორელი მეფისა, რომელიც ხეშბონში მეფობდა, მოსრა მოსემ ის და მიდიანის მთავრები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, სიხონის მთავარნი, ამ ქვეყნის მკვიდრნი.
- 22
ასევე ნათელმხილველი ბეყორის ძე, ბილყამიც მოაკვდინეს ისრაელის ძეებმა მახვილით.
- 23
იორდანე იყო რეუბენის ძეთა საზღვრად. საგვარეულოთა მიხედვით დანაწილდა მათი სამკვიდრო, ქალაქები და სოფლები.
- 24
და მისცა მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით:
- 25
იაყზერი, გილყადის ყოველი ქალაქი და ყამონიანთა ნახევარი ქვეყანა იყო მათ საზღვრად, ყაროყერამდე, რომელიც რაბას პირდაპირაა.
- 26
ხეშბონიდან რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე.
- 27
დაბლობზე: ბეთ-ჰარამ, ბეთნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის მიწის დარჩენილი ნაწილი; იორდანე ესაზღვრებოდა ქინეროთის ანუ გალილეის ზღვამდე, იორდანეს მეორე მხარეს, აღმოსავლეთით.
- 28
ეს იყო გადის ძეების სამკვიდრებელი, ქალაქები და სოფლები მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 29
და მისცა მოსემ მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით:
- 30
აჰა, მათი საზღვარი: მახანაიმიდან - მთელი ბაშანი, ყოგის, ბაშანის მეფის მთელი სამეფო და იაირის მთელი დასახლება, რომელიც ბაშანშია - სამოცი ქალაქი.
- 31
ნახევარი გილყადი, ყაშთაროთი და ედრეყი, ყოგის სამეფო ქალაქები ბაშანში, მენაშეს ძის, მაქირის ძეთა ნახევარს ერგო, მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 32
ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ველებზე, იორდანეს გაღმა, იერიხოს აღმოსავლეთით.
- 33
ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრებელი: უფალი, ისრაელის ღმერთი იყო მათი სამკვიდრებელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის.