მეორე რჯული 9
- 1
"ისმინე, ისრაელ! დღეს გადალახავ იორდანეს, რომ წახვიდე და დაიმკვიდრო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დიდი, ზეცამდე გამაგრებული ქალაქები.
- 2
ხალხი დიდი და მაღალი, ყენაკის ძენი, რომელიც იცი და რომელზეც ამბობენ: ვინ აღუდგებაო წინ ყენაკის ძეებს!
- 3
იცოდე დღეს, რომ უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, როგორც მშთანმთქმელი ცეცხლი; ის გაანადგურებს და დაამხობს მათ შენს წინაშე, განდევნი მათ და მალე დაღუპავ, როგორც გითხრა უფალმა;
- 4
და როცა განდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი, ნუ იტყვი გულში: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანაო უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად! რადგან ამ ხალხთა ბოროტების გამო დევნის მათ უფალი შენგან.
- 5
შენი სიმართლისა და გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად; არამედ მათი სიბოროტის გამო დევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს, შენგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
- 6
იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ ბარაქიან ქვეყანას დასამკვიდრებლად, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ.
- 7
გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, როგორ ანრისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, მუდამ უჯანყდებოდი უფალს.
- 8
ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა.
- 9
როცა მთაზე ავედი, ქვის დაფების ჩამოსატანად, აღთქმის დაფების, რომელიც აღგითქვათ უფალმა, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი მთაზე, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია;
- 10
და მომცა უფალმა ღვთის თითით დაწერილი ქვის ორი დაფა, ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც შუაგულ ცეცხლიდან წარმოთქვა მთაზე უფალმა, შეკრების დღეს;
- 11
ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის დასასრულს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა.
- 12
მითხრა უფალმა: "ადექი, სასწრაფოდ ჩადი აქედან, რადგან გაიხრწნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან; მალევე გადაუხვიეს ჩემ მიერ ნაბრძანებ გზას: კერპი ჩამოისხეს”.
- 13
კიდევ მითხრა უფალმა: "ვნახე, რომ ქედმაგარი ყოფილა ეს ხალხი.
- 14
დამანებე, გავანადგურებ და წავშლი მათ სახელს ცისქვეშეთიდან, შენ კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად გაქცევ”.
- 15
პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, მთას კი ცეცხლი ეკიდა, ორივე ხელით მეჭირა აღთქმის ორი ქვის დაფა.
- 16
ვიხილე: აჰა, შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ჩამოსხმული ხბო გაიკეთეთ, მალევე გადაუხვიეთ უფლის მიერ ნაბრძანებ გზას.
- 17
მოვკიდე ხელი ორივე დაფას, გავაგდე ხელებიდან და დავამსხვრიე თქვენს თვალწინ.
- 18
დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს თქვენი ცოდვების გამო, რომლებითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით მის თვალში და აჯავრებდით.
- 19
რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომლითაც განრისხდა უფალი თქვენზე, რათა გაენადგურებინეთ. ამჯერადაც ისმინა უფალმა ჩემი.
- 20
ძლიერ განრისხდა აჰარონზე უფალი, განადგურებას უპირებდა; აჰარონისთვისაც ვილოცე მაშინ.
- 21
თქვენი ცოდვა კი, თქვენს მიერ ჩამოსხმული ხბო, ავიღე და ცეცხლში დავწვი, დავნაყე, მტვრად ვაქციე და მთიდან ჩამოდენილ ღელეში ჩავყარე.
- 22
ანრისხებდით უფალს თაბყერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში.
- 23
როცა გაგგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან სიტყვებით: წადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცითო, წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა.
- 24
მეამბოხენი ხართ უფლის მიმართ იმ დღიდან, რაც გიცნობთ.
- 25
დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვა უფალმა, "გავანადგურებ ამ ხალხს”.
- 26
ვილოცე უფლისადმი და ვთქვი: "უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი სიდიადით და ძლიერი ხელით გამოიყვანე ეგვიპტიდან.
- 27
გაიხსენე შენი მსახურები - აბრაჰამი, ისაკი და იაკობი. ნუ შეხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის უკეთურებასა და ცოდვას,
- 28
რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეძლო უფალმა მათი შეყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, უდაბნოში რომ დაეხოცაო!
- 29
შენი ხალხი და სამკვიდროა იგი, რომელიც შენი დიადი ძალითა და შემართული მკლავით გამოიყვანე”.