მეორე რჯული 6
- 1
"ასეთია მცნებანი, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც მიბრძანა თქვენთვის უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა აღასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ.
- 2
გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, რათა მთელი თქვენი ცხოვრების დღეებში დაიცვათ ყველა მისი დადგენილება და მცნება, რომელსაც გამცნებთ თქვენ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რათა იდღეგრძელოთ.
- 3
ისმინე, ისრაელ და იფხიზლე მათ შესასრულებლად, რათა კარგად იყო და ფრიად გამრავლდე, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, იმ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
- 4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი - ერთი უფალია.
- 5
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.
- 6
გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს.
- 7
შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
- 8
ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის.
- 9
დააწერე შენი სახლის წირთხლსა და კარებს.
- 10
როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, რათა მოგცეს დიდი და კარგი ქალაქები, რომლებიც შენ არ აგიშენებია;
- 11
და ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, რომლებიც შენ არ აგივსია და ამოკვეთილი ჭები, რომლებიც შენ არ ამოგიკვეთავს, ბაღ-ვენახები და ზეთისხილის ხეები, რომლებიც არ დაგირგავს; და, როცა შეჭამ და გაძღები,
- 12
გაფრთხილდი, არ დაივიწყო შენი უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
- 13
გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.
- 14
ნუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, შენს გარშემო მყოფი ხალხების ღმერთებს,
- 15
ვინაიდან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენს შორის რომ არის, ეჭვიანია, არ აღინთოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ მოგსპოთ მიწის პირისგან.
- 16
არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი, როგორც მასაში გამოსცადე.
- 17
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, მისი მოწმობანი და დადგენილებანი, რომლებიც ნაბრძანები აქვს.
- 18
სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის წინაშე, რათა კარგად იყო, მიხვიდე და დაიმკვიდრო ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
- 19
რათა განდევნოს ყოველი შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
- 20
და როცა გკითხავს შენი შვილი: "რა მოწმობები, წესები და სამართალია ეს, უფლის, ჩვენი ღმერთისგან რომაა ნაბრძანები?”
- 21
უპასუხე: "მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში და უფალმა ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან.
- 22
ჩვენს თვალწინ მოავლინა უფალმა ნიშნები და დამღუპველი სასწაულები ეგვიპტის ფარაონისა და მთელი მისი სახლეულის წინააღმდეგ.
- 23
გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა ჩვენს მამებს;
- 24
და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.
- 25
სიმართლედ ჩაგვეთვლება თუ გულმოდგინედ აღვასრულებთ ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც ნაბრძანები გვაქვს”.