მეორე რჯული 29
- 1
ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.
- 2
მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;
- 3
დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.
- 4
და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.
- 5
ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.
- 6
პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 7
მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.
- 8
ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
- 9
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
- 10
ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;
- 11
თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,
- 12
რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,
- 13
რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
- 14
არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,
- 15
არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.
- 16
რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.
- 17
ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.
- 18
ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
- 19
რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.
- 20
არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
- 21
გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
- 22
და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
- 23
გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
- 24
იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
- 25
და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.
- 26
წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
- 27
და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
- 28
და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
- 29
დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.