რიცხვნი 35
- 1
უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
- 2
"უბრძანე ისრაელიანებს, რომ წილი მისცენ ლევიანებს თავიანთი სამკვიდრებლებიდან; მისცენ ლევიანებს ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები მათ გარშემო.
- 3
და იქნება ქალაქები მათთვის საცხოვრებლად, საძოვრები კი, მთელი მათი საქონლისთვის, ჯოგებისთვის და პირუტყვისთვის.
- 4
ქალაქთა საძოვრები, რომელთაც მისცემთ ლევიანებს, ათასი წყრთა უნდა იყოს, ქალაქის გარე კედლიდან მის ირგვლივ.
- 5
გადაზომეთ ქალაქგარეთ აღმოსავლეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, სამხრეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, დასავლეთ მხარეს ორი ათასი წყრთა და ჩრდილოეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, ხოლო შუაში ქალაქი იყოს: ეს იქნება მათთვის ქალაქგარე საძოვრები.
- 6
ლევიანთათვის მიცემული ქალაქებიდან, ექვსი ქალაქი თავშესაფრად იყოს, სადაც მკვლელთა გასაქცევი იქნება; მიეცით დამატებით ორმოცდაორი ქალაქი.
- 7
ყველა ქალაქი, რომელიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ორმოცდარვა ქალაქს შეადგენს თავისი სავარგულებით.
- 8
და ქალაქებს, რომლებსაც ისრაელიანთა სამკვიდრებლიდან მისცემთ, მრავალრიცხოვანთაგან მეტი მიეცით, ხოლო მცირერიცხოვანთაგან - ნაკლები; თითოეულმა თავისი სამკვიდრებლის მიხედვით მისცეს ლევიანებს თავისი ქალაქებიდან, რასაც დაიმკვიდრებენ”.
- 9
უთხრა უფალმა მოსეს:
- 10
"განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როცა გადალახავთ იორდანეს, ქანაანის ქვეყნისკენ,
- 11
მაშინ აირჩიეთ ქალაქები, რათა იყოს თავშესაფრად თქვენთვის; გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც განზრახ არ მოუკლავს კაცი.
- 12
გექნებათ ეს ქალაქები თქვენს თავშესაფრად შურისმაძიებელთაგან, რათა თემის სამართლის წინაშე წარდგომამდე არ მოკვდეს მკვლელი.
- 13
თქვენი მიცემული ქალაქებიდან, ექვსი იყოს თავშესაფრად:
- 14
სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა მხარეს მიეცით და სამი - ქანაანის ქვეყანაში: თავშესაფარ ქალაქებად იქნებიან ისინი.
- 15
და იყოს მათ შორის ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად ისრაელიანთათვის, მწირისა და ხიზნისთვის, რათა გაიქცეს იქ ყოველი, ვისაც შემოაკვდება კაცი.
- 16
ხოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს და მოკლავს კაცს, მაშინ მკვლელია იგი; უცილობლად სიკვდილით უნდა დაისაჯოს ასეთი მკვლელი.
- 17
თუ ვინმე ხელით ქვას მოარტყამს კაცს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს მკვლელი.
- 18
თუ ხისგან დამზადებულ ხელის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს ეს მკვლელი.
- 19
მოსისხლე შურისმგებელს თვითონ შეუძლია მკვლელის მოკვლა: როცა შეხვდება მას, თვითონვე მოკლას იგი.
- 20
თუ სიძულვილით უბიძგებს კაცი ვინმეს ან განზრახ ესვრის მას რაიმეს და მოკლავს,
- 21
თუ მტრობით დაარტყამს ხელს და მოკლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს დამრტყმელი, რადგან მკვლელია იგი; და მოსისხლე შურისმგებელს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
- 22
მაგრამ თუ უნებლიეთ, მტრობის გარეშე უბიძგა მას ან განუზრახველად ესროლა რაიმე,
- 23
ან ისეთი ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, ისე, რომ არ დაუნახავს, სტყორცნის და მოკლავს, ის კი არ ყოფილა მისი მტერი და არც სიავე სურდა მისთვის,
- 24
მაშინ უნდა განსაჯოს თემმა ეს ამბავი, მკვლელსა და მოსისხლე შურისმგებელს შორის,
- 25
და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მოსისხლე შურისმგებლისგან; უნდა დააბრუნოს იგი თემმა მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე იქ იცხოვროს.
- 26
ხოლო თუ ოდესმე გასცდება მკვლელი თავისი თავშესაფარი ქალაქის საზღვარს, სადაც გაიქცა,
- 27
და მისი მოსისხლე შურისმგებელი, თავშესაფარი ქალაქის (სადაც იგი გაიქცა) საზღვრის გარეთ იპოვის მას და მოკლავს მოსისხლე შურისმგებელი მკვლელს: მაშინ არ იქნება მასზე სისხლი,
- 28
ვინაიდან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო იგი მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე; ხოლო მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამკვიდრებელს.
- 29
ეს იყოს თქვენთვის რჯულის დადგენილებად თაობიდან თაობამდე, ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე.
- 30
კაცის ყოველი მკვლელი, უნდა მოიკლას მოწმეთა ჩვენებით; მაგრამ ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი არაა ადამიანის წინააღმდეგ სასიკვდილოდ.
- 31
არ აიღოთ სიცოცხლის გამოსასყიდი მკვლელისთვის, რომელიც სასიკვდილოდაა დამნაშავე, რადგან უცილობლად უნდა მოკვდეს;
- 32
და ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისგან, მის სამკვიდრებელში დასაბრუნებლად, ვიდრე მღვდელმთავარი გარდაიცვლებოდეს.
- 33
არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მას. არ განიწმიდება ქვეყანა მასში დაღვრილი სისხლისგან, თუ არა მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით.
- 34
ნუ წაბილწავთ ქვეყანას, რომელშიც იცხოვრებთ და რომელშიც მე ვივანებ, რადგან მე, უფალი, ვმკვიდრდები ისრაელიანთა შორის.