რიცხვნი 30
- 1
უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: "ეს ბრძანა უფალმა:
- 2
კაცმა რომ უფალს აღთქმა მისცეს ან შეჰფიცოს, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, სიტყვა არ უნდა გატეხოს; ყოველივე, რაც მისი ბაგეებიდან გამოვიდა, უნდა შეასრულოს.
- 3
თუ ქალი მისცემს უფალს აღთქმას და რაიმეს აღიკვეთს მამამისის სახლში ყმაწვილქალობისას,
- 4
გაიგებს მამამისიც მის აღთქმულსა და საკუთარი თავისთვის აღკვეთილს და არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთილი, რაც აღიკვეთა;
- 5
მაგრამ თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და აღკვეთა არ შესრულდეს და აპატიებს მას უფალი, რადგან დაუშალა მამამისმა.
- 6
თუ გათხოვდება და აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვაა მასზე, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
- 7
გაიგებს მისი ქმარი და როცა გაიგებს, არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთა, რაც აღიკვეთა.
- 8
ხოლო თუ დაუშლის ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ გააუქმოს აღთქმა ან წამოცდენილი სიტყვა, რომელიც მასზეა, რითაც რაიმე აღიკვეთა და აპატიებს უფალი.
- 9
ქვრივისა და განქორწინებულის აღთქმა და ყოველივე, რაც აღუკვეთა თავის თავს, უნდა შესრულდეს.
- 10
თუ თავისი ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან ფიცით აღუკვეთს რაიმეს თავის თავს,
- 11
გაიგებს მისი ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ შეასრულოს ყოველი აღთქმა და აღკვეთა საკუთარი თავისთვის;
- 12
ხოლო თუ გააუქმებს მათ ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ არ შესრულდება მისი ბაგეებით გამოთქმული აღთქმა და ფიცი; გააუქმა ისინი ქმარმა და აპატიებს უფალი.
- 13
ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს, რომელიც გულს უდრეკს ქალს, ქმარი დაამტკიცებს ან ქმარი გააუქმებს.
- 14
თუ გაუჩუმდება ქმარი დღიდან დღემდე, ამით ადასტურებს ყოველ მის აღთქმას ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა; დაადასტურა ისინი, რადგან არაფერი თქვა, როცა გაიგო.
- 15
თუ მოგვიანებით გააუქმებს ქმარი, თუმცა მანამდე ჰქონდა გაგონილი, მაშინ მასზე იქნება ქალის ცოდვა.
- 16
ეს არის წესები, რომლებიც უბრძანა მოსეს უფალმა, ცოლქმარს შორის, მამასა და მის ასულს შორის, მისი ყმაწვილქალობისას მამამისის სახლში.