რიცხვნი 27
- 1
და მივიდნენ ასულნი ცელაფეხადისა, ხეფერის ძისა, გილყადის ძისა, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა, მენაშეს, იოსების ძის საგვარეულოდან; აი, მისი ასულების სახელები: მახლა, ნოა, ხოგლა, მილქა და თირცა.
- 2
და წარდგნენ მოსესა და ელეაზარ მღვდლის წინაშე, მთავრებისა და მთელი თემის წინაშე კარვის შესასვლელთან ამ სიტყვებით:
- 3
"მამაჩვენი უდაბნოში გარდაიცვალა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ ამბოხებულ კორახის კრებულში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა; და ძენი არ ჰყოლია მას.
- 4
რად უნდა ამოირიცხოს მამაჩვენის სახელი თავისი გვარიდან იმის გამო, რომ ძე არ ყოლია? მოგვეცი სამკვიდრებელი მამაჩვენის ძმათა შორის”.
- 5
და წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე.
- 6
უთხრა უფალმა მოსეს:
- 7
"მართალს ამბობენ ასულნი ცელაფეხადისა; მიეცი მათ სამკვიდრებელი მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე.
- 8
ისრაელის ძეთ კი განუცხადე: თუ მოკვდა კაცი და არ დარჩენია ძე, მაშინ მის ასულზე გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი.
- 9
და თუ არც ასული დარჩა, მაშინ მის ძმებს გადაეცით მისი სამკვიდრებელი.
- 10
და თუ არც ძმები ჰყავს, მაშინ მამამისის ძმებს გადაეცით მისი სამკვიდრებელი.
- 11
და თუ არც მამამისს ჰყოლია ძმები, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის უახლოეს ნათესავს მისი საგვარეულოდან და დაიმკვიდროს იგი. ეს იყოს ისრაელიანთათვის სამართლის დადგენილებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს”.
- 12
უთხრა უფალმა მოსეს: "ადი ყაბარიმის ამ მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მივეცი ისრაელის ძეთ.
- 13
როცა იხილავ, შენც შეუერთდები შენს ხალხს, როგორც შეუერთდა აჰარონი, შენი ძმა;
- 14
რადგან წინაღუდექი ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, თემში განხეთქილებისას, რათა წმიდად გამოგეჩინე წყალზე მათ თვალწინ. ესაა მერიბას წყალი კადეშთან, ცინის უდაბნოში”.
- 15
უთხრა მოსემ უფალს:
- 16
"დაე დაადგინოს უფალმა, ყველა ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ თემზე,
- 17
რომელიც გავა და შემოვა მათ წინაშე; რომელიც გაიყვანს და შემოიყვანს მათ, რათა არ იყოს უფლის თემი, უმწყემსო ცხვარივით”.
- 18
უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე იეშუა ნავეს ძე, კაცი, რომელზეც არის სული და დაასხი ხელი;
- 19
და დააყენე იგი ელეაზარ მღვდლისა და მთელი თემის წინაშე და დაადგინე მათ თვალწინ.
- 20
და უწილადე მას შენი ძალაუფლება, რათა უსმინოს მას ისრაელიანთა მთელმა თემმა.
- 21
დადგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე და გამოუძიებს მას ურიმის სამართალს უფლის წინაშე: მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა თვითონ და ისრაელის ყოველი ძე და მთელი თემი მასთან ერთად”.
- 22
და აღასრულა მოსემ უფლის ბრძანებისამებრ: მოიყვანა იეშუა და წარადგინა იგი ელეაზარ მღვდლისა და მთელი თემის წინაშე,
- 23
დაასხა მას ხელი და დაადგინა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით.