რიცხვნი 24
- 1
იხილა ბილყამმა, რომ ისრაელის კურთხევა სურდა უფალს და არ შეუდგა წინანდებურად მისნობას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
- 2
აღაპყრო ბილყამმა თვალები და იხილა ტომებად დაბანაკებული ისრაელი და გადმოვიდა მასზე ღვთის სული.
- 3
თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, თვალღია კაცისა,
- 4
ნათქვამი ღვთის სიტყვების გამგონისა, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
- 5
რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ!
- 6
როგორც გაშლილი მინდორ-ველები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები.
- 7
იდინებს წყალი მისი კოკებიდან და თესლი მისი უხვწყლიანი იქნება; ამაღლდება მისი მეფე აგაგზე და აღზევდება მისი სამეფო.
- 8
ღმერთმა გამოიყვანა იგი ეგვიპტიდან, მარტორქის ძლიერება აქვს მას, თქვლეფს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით განგმირავს.
- 9
ჩაიმუხლა, მიწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს მას? კურთხეულია მაკურთხებელი შენი და წყეულია მაწყევარი შენი”.
- 10
და აღინთო ბალაკის რისხვა ბილყამის მიმართ, ხელი ხელს შემოკრა და უთხრა ბალაკმა ბილყამს: ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი სამჯერ აკურთხე.
- 11
ახლა, გაიქეცი შენს ადგილას; ვიფიქრე პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა”.
- 12
უთხრა ბილყამმა ბალაკს: "განა არ ვუთხარი შენს მოციქულებს,
- 13
თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს. რასაც უფალი იტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.
- 14
აჰა, მივდივარ ახლა ჩემს ხალხთან; მოდი, გაგანდობ, რას დამართებს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში”.
- 15
და თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
- 16
ნათქვამი ღმერთის სიტყვათა გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ნება, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
- 17
ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.
- 18
საკუთრება გახდება ედომი და თავისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; ხოლო ისრაელი ძლიერად იმოქმედებს.
- 19
იბატონებს შთამომავალი იაკობისა და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ”.
- 20
გადახედა ყამალეკს და წარმოთქვა იგავი: "პირველი ერი იყო ყამალეკი, მაგრამ მისი ბოლო - გაქრობაა.
- 21
გადახედა კენიელთ და წარმოთქვა იგავი: "ძლიერია შენი სამყოფელი და კლდეზე დაგიდვია ბუდე.
- 22
თუმცა გაპარტახდება კაენი, როდემდე ეყოლები ტყვედ აშურს?”
- 23
წარმოთქვა იგავი: "ვაი, ვინ გადარჩება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
- 24
გემები გამოვლენ ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან”.
- 25
ადგა ბილყამი და წავიდა, დაბრუნდა თავის ადგილას და წავიდა ბალაკიც თავისი გზით.