რიცხვნი 19
- 1
ელაპარაკა უფალი მოსესა და აჰარონს:
- 2
"ესაა რჯულის დადგენილება, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანებს, რომ მოგიყვანონ წითელი, უნაკლო დეკეული, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღლის ქვეშ არ მდგარა.
- 3
მიეცით ელეაზარ მღვდელს, გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაიკლას მის წინაშე.
- 4
თითით აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ მოაპკუროს საკრებულო კარვის წინ.
- 5
და დაწვან დეკეული მის თვალინ: მისი ტყავი, ხორცი და სისხლი, განავალთან ერთად დაიწვას.
- 6
აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი, წითელი ძაფი და მიაგდოს ცეცხლმოკიდებულ დეკეულზე.
- 7
გაირეცხოს მღვდელმა სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და მერე შევიდეს ბანაკში; უწმიდური იქნება იგი საღამომდე.
- 8
მისმა დამწველმაც გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და უწმიდური იქნება საღამომდე.
- 9
მოაგროვოს სუფთა კაცმა დეკეულის ფერფლი და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე დადოს, სადაც შეინახება ისრაელის ძეთა თემისთვის, სასხურებელი წყლისთვის, ცოდვისგან გასაწმენდად.
- 10
გაირეცხოს სამოსელი დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა და უწმიდური იქნება საღამომდე. იყოს ეს მარადიულ დადგენილებად ისრაელიანებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისთვის.
- 11
ნებისმიერი გვამის შემხები კაცი, უწმიდური იქნება შვიდი დღე.
- 12
თუ მესამე და მეშვიდე დღეს ფერფლით გაიწმინდება, სუფთა იქნება; ხოლო, თუ არ გაიწმინდება მესამე და მეშვიდე დღეს, მაშინ არ იქნება სუფთა.
- 13
ნებისმიერი, ვინც მკვდარს შეეხო, რომელიმე გარდაცვლილ კაცს და არ განიწმიდა, უფლის აღთქმის კარავი შებილწა მან; უნდა მოისპოს იგი ისრაელისგან, ვინაიდან არ ესხურა ფერფლიანი გამწმენდი წყალი, უწმიდურია იგი და ჯერ კიდევ მასზეა მისი უწმიდურება.
- 14
ასეთია რჯული: თუ კარავში მოკვდება კაცი, მაშინ ყოველი კარავში მყოფი და იქ შემსვლელი უწმიდურია შვიდი დღე.
- 15
ყოველი ღია ჭურჭელი, რომელიც თავსახურით არაა დახურული, უწმიდურია.
- 16
ყველა, ვინც მინდორში მახვილით განგმირულს, მკვდარს, ადამიანის ძვალს ან საფლავს შეეხება, უწმიდურია იგი შვიდი დღე.
- 17
აიღონ უწმიდურისთვის ფერფლი ცოდვის გაწმენდისთვის დამწვარი დეკეულისგან და დაასხან ზედ წყაროს წყალი ჭურჭელში
- 18
აიღოს სუფთა კაცმა უსუპი, ამოავლოს ამ წყალში, მოაპკუროს კარავს, მთელ ჭურჭელს და ყველა კაცს, რომელიც იქ იყო და შეეხო ან ძვალს ან მკვდარს ან მოკლულს ან საფლავს.
- 19
აპკუროს სუფთამ უწმიდურს მესამე და მეშვიდე დღეს და გაიწმიდება მეშვიდე დღეს. გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და გაიწმიდება საღამოს.
- 20
თუ გაუწმიდურდება ვინმე და არ გასუფთავდება, კრებულიდან მოისპობა იგი, ვინაიდან შებილწა უფლის საწმიდარი: არ უსხურებია წყალი განსაწმედად, უწმიდურია იგი.
- 21
და იყოს ეს მათთვის მარადიულ დადგენილებად: ვინც ასხუროს წყალი გასაწმენდად, უნდა გაირეცხოს სამოსელი და ვინც გამწმედ წყალს შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე.
- 22
ყველაფერი, რასაც უწმიდური შეეხება, უწმიდური იქნება და მისი შემხები ადამიანიც უწმიდური იქნება საღამომდე.