რიცხვნი 15
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"გამოუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როდესაც შეხვალთ დასამკვიდრებლად ქვეყნისა, მე რომ გაძლევთ
- 3
და მიიტანთ შესაწირს უფლისთვის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს ნახირიდან ან ფარიდან, აღთქმის აღსასრულებლად ან სამშვიდობოდ, რათა აკმიოთ საამო კეთილსურნელება უფლისთვის,
- 4
შესწიროს შემწირავმა თავისი ძღვენი უფალს: ეფის მეათედი ნაწილი პურის გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ ზეთში შერეული.
- 5
და ყოველი კრავი, სრულადდასაწველი თუ მსხვერპლად მისატანი, მეოთხედი ჰინი საღვრელი ღვინით მოამზადოს.
- 6
ხოლო ვერძისთვის - მესამედ ჰინ ზეთში შერეული ორი მეათედი ეფა გამტკიცული პურის ფქვილი მოამზადოს.
- 7
საღვრელად კი ჰინის მესამედი ნაწილი ღვინო შესწიროს საამო კეთილსურნელებად უფალს.
- 8
როცა სრულადდასაწველ ან მსხვერპლად მისატან ზვარაკს მოამზადებს, უფლისთვის აღთქმის აღსასრულებლად თუ სამშვიდობო შესაწირად,
- 9
მაშინ, ზვარაკთან ერთად, ნახევარ ჰინ ზეთში შერეული სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი შესწიროს.
- 10
თან მიიტანე ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო შესაწირად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
- 11
ასე გაკეთდეს თითოეული ზვარაკის, ვერძის, კრავის ან თხისთვის.
- 12
რამდენსაც შესწირავს, იმის მიხედვით მოამზადოს თითოეული, მისი რაოდენობის მიხედვით.
- 13
ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს, ვინც მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად.
- 14
ყოველი ხიზანი თქვენ შორის და შემოკედლებული, ვინც არ უნდა იყოს, თაობიდან თაობამდე, თუ მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად, მაშინ როგორც თქვენ გააკეთებთ, ისე გააკეთოს.
- 15
ერთი წესი იყოს უფლის კრებულისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენში ცხოვრობს, სამარადისოდ თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.
- 16
ერთი რჯული და ერთი სამართალი იქნება თქვენთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენთან ცხოვრობს”.
- 17
უთხრა უფალმა მოსეს:
- 18
"განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, მე რომ მიგიყვანთ,
- 19
და შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, აღუვლინეთ შესაწირი უფალს.
- 20
პირველმოწეული ფქვილის კვერიც აღუვლინეთ. თითქოს კალოს ლეწვისას შეგეწიროთ, ისე აღუვლინეთ.
- 21
პირველმოზელილი ცომიც შესწირეთ უფალს აღსავლენად, თაობიდან თაობამდე.
- 22
როცა უნებურად შეცდებით და არ აღასრულებთ ყოველ მცნებას, რომელიც დაუდო უფალმა მოსეს,
- 23
ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს მეშვეობით იმ დღიდან, როცა გამცნოთ უფალმა და ამიერიდან თქვენს თაობებში;
- 24
თუ თემის წინდაუხედაობით მოხდა ეს შეცდომა, დაე მთელმა თემმა შესწიროს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის, მისი პურეული ძღვენი, საღვრელი, წესისამებრ, და ერთი მამალი თხა ცოდვისგან განმწმედ შესაწირად.
- 25
გამოისყიდის მღვდელი ისრაელიანთა მთელ თემს და მიეტევება მათ, რადგან უნებურად მოხდა ეს, მიიტანენ ისინი სრულადდასაწველს უფლის წინაშე, თავისი წინდაუხედაობისთვის.
- 26
მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემს და მათ შორის მცხოვრებ ხიზანს, რადგან უცოდინრობით შეცდა ხალხი.
- 27
თუ ერთი სული შესცოდავს წინდაუხედაობით, დაე შესწიროს ერთწლიანი დედალი თხა ცოდვისგან განსაწმედად.
- 28
და გამოისყიდის მღვდელი შეცთომილს, ვინაიდან განზრახ არ შეუცოდავს უფლისთვის და მიეტევება.
- 29
ერთი რჯული იყოს განუზრახველად დაშვებული შეცდომისთვის, ისრაელიანი მკვიდრი იქნება თუ მათ შორის მცხოვრები ხიზანი.
- 30
ის კი, ვინც განზრახ ბოროტმოქმედებს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, გმობს უფალს; ასეთი კაცი მოისპოს თავისი ხალხისგან,
- 31
ვინაიდან სიტყვა უფლისა შეურაცხჰყო და მისი მცნება დაარღვია. ბოლომდე შეიმუსროს იგი; მასზეა მისი ცოდვა”.
- 32
და როცა უდაბნოში იყვნენ ისრაელიანები, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
- 33
მიიყვანეს იგი მპოვნელებმა მოსესთან, აჰარონთან და მთელ თემთან.
- 34
დაატუსაღეს, ვინაიდან ჯერ არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.
- 35
უთხრა უფალმა მოსეს: "უცილობლად მოკვდეს ეს კაცი; ქვებით ჩაქოლოს მთელმა თემმა ბანაკის გარეთ”.
- 36
გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა ქვებით; მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 37
უთხრა უფალმა მოსეს:
- 38
"განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი, რომ ფოჩები გაიკეთონ სამოსლის კიდეებზე, თაობიდან თაობამდე და ცისფერი ძაფი ჩაატანონ ფოჩებში.
- 39
როცა შეხედავთ, ეს ფოჩი გაგახსენებთ, უფლის ყოველ მცნებას აღსასრულებლად; რათა არ აჰყვეთ გულისთქმასა და თვალს, რომლებიც მრუშობისკენ გიზიდავენ;
- 40
რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას და წმიდები იყოთ თქვენი ღმერთისთვის.
- 41
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.