ლევიანნი 9
- 1
მერვე დღეს მოუხმო მოსემ აჰარონს, მის ძეებსა და ისრაელის უხუცესებს.
- 2
უთხრა აჰარონს: "მოიყვანე შენთვის მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და ვერძი სრულადდასაწველად, ორივე უნაკლო, და შესწირე უფლის წინაშე.
- 3
და ასე უთხარი ისრაელის შვილებს: მოიყვანეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად, ერთწლიანი მოზვერი და კრავი, ორივე უნაკლო, სრულადდასაწველად.
- 4
მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად, რათა უფლის წინაშე აღასრულოთ მსხვერპლშეწირვა და პურეულის ძღვენი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი”.
- 5
მოიყვანეს საკრებულო კარვის წინ, რაც ბრძანა მოსემ; მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე.
- 6
თქვა მოსემ: "აი, რისი გაკეთება გიბრძანათ უფალმა, რომ გამოგეცხადოთ უფლის დიდება”.
- 7
უთხრა მოსემ აჰარონს: "მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი და გამოისყიდე შენი თავი და შენი ხალხი და მიიტანე ხალხის შესაწირი და გამოისყიდე ისინი, როგორც ბრძანა უფალმა”.
- 8
მიუახლოვდა აჰარონი სამსხვერპლოს და დაკლა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
- 9
და მიუტანეს აჰარონის ძეებმა სისხლი მამას, თითი ამოაწო მან სისხლში და მოასხურა სამსხვერპლოს რქებზე, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველთან დაღვარა.
- 10
ცოდვისთვის შესაწირის ქონი, თირკმელები და ღვიძლის აპკი სამსხვერპლოზე დააკმია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს;
- 11
ხოლო ხორცი და ტყავი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.
- 12
დაკლა სრულადდასაწველი; და მიართვეს აჰარონის ძეებმა სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 13
ნაჭრებად მიუტანეს სრულადდასაწველი თავთან ერთად და დააკმია სამსხვერპლოზე.
- 14
გარეცხა შიგნეული, წვივები და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე.
- 15
მიიტანა ხალხის შესაწირი; აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად, დაკლა და შესწირა, ცოდვის მსხვერპლის მსგავსად.
- 16
მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა რჯულისამებრ.
- 17
დილის სრულადდასაწველის გარდა, პურეულის ძღვენი მიიტანა, აივსო ხელი და დააკმია სამსხვერპლოზე.
- 18
დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად ხალხისთვის; და მიართვეს აჰარონის ძეებმა სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ.
- 19
მიუტანეს მოზვრისა და ვერძის ქონი, დუმა და შიგნეულის ქონი, თირკმელები და ღვიძლის აპკი.
- 20
დაადეს ქონი მკერდზე და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე.
- 21
შერხევით შეარხია აჰარონმა უფლის წინაშე მკერდი და მარჯვენა ბეჭი, როგორც უბრძანა მოსემ.
- 22
და აღაპყრო აჰარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი და ჩამოვიდა ძირს ცოდვისთვის შესაწირის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ.
- 23
შევიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარავში; გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს.
- 24
გამოვიდა ცეცხლი უფლისგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი; იხილა მთელმა ხალხმა, ყიჟინა დასცა და პირქვე დაემხო.