ლევიანნი 4
- 1
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"უთხარი ისრაელის შვილებს: თუ უნებლიეთ შესცოდავს ვინმე და ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს,
- 3
თუ ცხებული მღვდელი შესცოდავს და გარევს ხალხს დანაშაულში, შესწიროს უბიწო მოზვერი უფალს თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა; ცოდვის მსხვერპლად.
- 4
და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, ხელი დაადოს მოზვერს თავზე და დაკლას უფლის წინაშე.
- 5
აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში.
- 6
ჩააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს იგი საწმიდრის ფარდის წინ უფლის წინაშე.
- 7
რქებზე მოაპკუროს სისხლი მღვდელმა, უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, ხოლო მოზვრის დანარჩენი სისხლი სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
- 8
და ამოიღოს ცოდვისთვის შეწირული მოზვრის მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა;
- 9
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი ფერდებზე და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ ამოიკვეთოს,
- 10
ისე, როგორც მოზვერი შეიწირება მსხვერპლად სამშვიდობო შესაწირისთვის; სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე დააკმევს მათ მღვდელი.
- 11
ხოლო მოზვრის ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავფეხი, შიგნეული და განავალი,
- 12
გაიტანოს მთლიანი მოზვერი ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარი იყრება და ცეცხლით დაწვას შეშაზე; ნაცრის გადასაყრელზე უნდა დაიწვას იგი.
- 13
თუ შეცდა უნებლიეთ ისრაელის მთელი კრებული და დაიფარება ეს საქმე კრებულისგან; თუ ისეთი რამ ჩაიდინეს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს და დადანაშაულდნენ,
- 14
როდესაც გამომჟღავნდება ცოდვა, რომლითაც შესცოდეს, დაე შესწიროს კრებულმა მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ.
- 15
თავზე დაადონ მოზვერს ხელი თემის უხუცესებმა უფლის წინაშე და დაიკლას მოზვერი უფლის წინაშე.
- 16
და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში;
- 17
ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
- 18
რქებზე მოაპკუროს სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც საკრებულო კარავშია, მთელი მონარჩენი სისხლი კი დაღვაროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველზე, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
- 19
ამოიღოს მთელი მისი ქონი და დააკმიოს სამსხვერპლოზე.
- 20
ისე გაამზადოს ეს მოზვერი, როგორც ცოდვისთვის შესაწირი მოზვერი გაამზადა, გამოისყიდის მათ მღვდელი და ნაპატიები იქნებიან.
- 21
გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი დაწვა: ეს კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლია.
- 22
თუ მთავარი შესცოდავს და უნებლიეთ ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს,
- 23
მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირი უნაკლო ვაცი.
- 24
დაადოს ვაცს თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი.
- 25
აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლიდან თითით და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს, მისი სისხლის მონარჩენი კი სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
- 26
სამსხვერპლოზე დააკმიოს მთელი მისი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირის ქონი; გამოისყიდის მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება.
- 27
თუ უბრალო ხალხიდან შესცოდავს ვინმე უნებლიეთ, ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს, მის ღმერთს, და დააშავებს,
- 28
მერე კი მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიტანოს შესაწირი: დედალი, უნაკლო თხა, თავისი ცოდვისთვის, რომლითაც შესცოდა.
- 29
თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას სრულადდასაწველის ადგილზე.
- 30
თითით აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს; მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
- 31
და ააცალოს მღვდელმა მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირს ააცალა და სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად დააკმიოს უფლისთვის; გამოისყიდის მას მღვდელი და ეპატიება ცოდვა.
- 32
თუ კრავს მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უნაკლო დედალი იყოს.
- 33
თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველს კლავენ.
- 34
აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის მსხვერპლის სისხლისგან და რქებზე მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს, მთელი მისი მონარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვაროს.
- 35
და ააცალოს მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო შესაწირის კრავს ააცალა და დააკმიოს მღვდელმა იგი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად; გამოისყიდოს მისთვის მღვდელმა ცოდვა, რომლითაც შესცოდა და ეპატიება.