ლევიანნი 27
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ ვინმე განსაკუთრებული აღთქმით მიუძღვნის რომელიმე სულს უფალს, შენი შეფასებით შეაფასე.
- 3
შეფასდეს ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად, საწმიდარის შეკელით, შენი შეფასებით.
- 4
თუ ქალია, მაშინ ოცდაათი შეკელი იყოს შენი შეფასება.
- 5
თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის ოცი შეკელი იყოს, ქალისთვის კი - ათი.
- 6
თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ვაჟისთვის ვერცხლის ხუთი შეკელი იყოს, ხოლო ქალისთვის - ვერცხლის სამი შეკელი.
- 7
თუ სამოცი წლის ან უფრო მეტისაა, მამაკაცისთვის შენი შეფასება თხუთმეტი შეკელი იყოს და ქალისთვის - ათი.
- 8
თუ ღარიბია და შენი შეფასებით არ შეუძლია საფასურის გადახდა, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს მას; აღთქმის მიმცემის ქონების შესაბამისად შეაფასოს იგი მღვდელმა.
- 9
თუ პირუტყვია აღთქმული, მსხვერპლად რომ შეიწირება უფლისთვის, უფლისთვის მიცემული, წმიდა უნდა იყოს.
- 10
არ შეიძლება გაიცვალოს და არც შეიცვალოს კარგი ცუდით, ან ცუდი კარგით; და თუ შეცვლის, შეცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იქნება.
- 11
თუ არაწმიდაა პირუტყვი, ისეთი, როგორიც არ უნდა მიუტანო მსხვერპლად უფალს, მაშინ მღვდელს წარუდგინონ პირუტყვი.
- 12
შეაფასოს მღვდელმა კარგია თუ ცუდი და როგორც შეაფასებს, ისე იყოს.
- 13
თუ გამომსყიდველი გამოისყიდის, მაშინ დაუმატოს მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას.
- 14
თუ ვინმე თავის სახლს სიწმიდედ შესწირავს უფალს, მაშინ შეაფასოს მღვდელმა, კარგია თუ ცუდი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.
- 15
თუ გამოისყიდის თავის სახლს შემწირავი, საფასურის მეხუთედი დაუმატოს შენს შეფასებას და მისი იქნება.
- 16
თუ ვინმე თავისი საკუთარი სამფლობელოდან ყანის ნაწილს მიუძღვნის უფალს, საფასური ნათესის ზომის მიხედვით უნდა განისაზღვროს: ერთი ღომერი ქერის ნათესისთვის - ვერცხლის ორმოცდაათი შეკელი.
- 17
თუ ვინმე საზეიმო წლის დროს მიუძღვნის თავის ყანას, მაშინ შენი შეფასებისამებრ მოხდეს.
- 18
და თუ ვინმე ზეიმის შემდეგ მიუძღვნის თავის ყანას, მაშინ მღვდელმა ფული საზეიმო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით იანგარიშოს და მისი საფასურიდან გამოუქვითოს.
- 19
თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირავი, მაშინ შენ შეფასებას ფულის მეხუთედი ნაწილი დაუმატოს და მას დარჩება.
- 20
თუ არ გამოისყიდის ყანას ან თუ ყანა სხვა კაცს მიჰყიდა, მაშინ ვეღარ გამოისყიდის.
- 21
თუ ყანას საზეიმო წელიწადი ათავისუფლებს, უფლის სიწმიდედ ჩაითვალოს, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ.
- 22
თუ მიუძღვნის უფალს ნაყიდ ყანას, რომელიც არ არის მისი სამფლობელო ყანებიდან,
- 23
უანგარიშოს მღვდელმა საფასური საზეიმო წლამდე და ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს გადაიხადოს ფული, როგორც სიწმიდე უფლისთვის.
- 24
საზეიმო წელს ყანა იმას დაუბრუნდება, ვისგანაც იყო ნაყიდი, ვისაც მიწის მფლობელობა ეკუთვნის.
- 25
ყოველი შენი შეფასება საწმიდრის შეკელით იყოს, ოცი გერა იყოს შეკელში.
- 26
საქონლის პირველმოგებულს კი, რომელიც პირველმონაგებია და უფალს ეკუთვნის, ვერავინ მიუძღვნის - ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.
- 27
თუ უწმიდურია პირუტყვი, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით.
- 28
ხოლო ყოველი აღკვეთილი, რასაც თავისი საკუთრებიდან აღკვეთს კაცი უფლისთვის: ადამიანს, საქონელს, თავის სამფლობელო ყანას, არ გაიყიდება და არც გამოისყიდება; ყოველი აღკვეთილი ყოვლად წმიდაა უფლისთვის.
- 29
ყოველი აღკვეთილი, რაც ადამიანმა აღკვეთა, არ გამოისყიდება - უნდა მოკვდეს.
- 30
ყოველი მეათედი მიწისა: მიწის თესლისა, ხის ნაყოფისა, უფლისაა, უფლის წმიდაა.
- 31
თუ ვინმეს თავისი მეათედის გამოსყიდვა უნდა, მისი მეხუთედი ნაწილი დაუმატოს.
- 32
ყოველი მეათედი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა, ყოველი, რაც მეათე კვერთხის ქვეშ გაივლის, უფლის წმიდაა;
- 33
არ გაირჩეს კარგი და ცუდი და არ შეიცვალოს; და თუ შეცვლით, ორივე შეცვლილთან ერთად წმიდა იქნება და არ გამოისყიდება”.
- 34
ეს არის ბრძანებანი, რომლებიც ამცნო უფალმა მოსეს სინაის მთაზე ისრაელიანთათვის.