ლევიანნი 23
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: ესენია ჩემი დღესასწაულები, დღესასწაულები უფლისა, რომელთაც წმიდა შეკრება უნდა უწოდოთ:
- 3
ექვსი დღე აკეთე საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ აკეთოთ; ეს უფლის შაბათია ყოველი თქვენგანის სადგომში.
- 4
აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრება, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ მათთვის დანიშნულ დროს:
- 5
პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, უფლის პასექია.
- 6
ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარი პურის დღესასწაულია. შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი.
- 7
პირველ დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
- 8
შვიდი დღის განმავლობაში შესწირეთ საცეცხლო შესაწირი უფალს; მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებაა - არავითარი საქმე არ გააკეთოთ”.
- 9
უთხრა უფალმა მოსეს:
- 10
"ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ და მოიმკით სამკალს, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.
- 11
და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე, თქვენი სიკეთისთვის; შაბათის მეორე დღეს შეარხევს.
- 12
შესწირეთ ძნის აღვლენის დღეს უმანკო, ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის.
- 13
და მასთან პურეული შესაწირი: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირად უფლისთვის, საამო კეთილსურნელებად და მასთან ერთად - მეოთხედი ჰინი ღვინო, სასმლის შესაწირი.
- 14
არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული, არც ახალი თავთავი არ ჭამოთ იმ დღემდე, ვიდრე მსხვერპლს არ შესწირავთ თქვენს ღმერთს; ეს მარადიული წესია თქვენს თაობებში ყოველი თქვენგანის სადგომში.
- 15
გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხევი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული შაბათი:
- 16
გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი.
- 17
მიიტანეთ შესარხევად ორი პური თქვენი საცხოვრებლიდან; ორი მეათედი ეფის გამტკიცული ფქვილისაგან უნდა იყოს, საფუარიანი უნდა გამოცხვეს, უფლის პირველნაყოფია ეს.
- 18
შესწირეთ პურთან ერთად შვიდი ერთწლიანი უმანკო კრავი, ერთი მოზვერი და ორი ვერძი, ეს იქნება სრულადდასაწველი უფლისთვის, შესაწირი პურეულისა და საღვრელი შესაწირი, საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის.
- 19
მოამზადეთ ერთი თიკანი ცოდვის შესაწირად და ორი ერთწლიანი კრავი - სამშვიდობო შესაწირად.
- 20
უფლის წინაშე უნდა შეარხიოს მღვდელმა ეს ორი კრავი პირველნაყოფის პურთან ერთად - უფლისათვის ძღვნად. წმიდა შესაწირია ეს უფლისათვის; მღვდელს ეკუთვნის იგი.
- 21
გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თაობიდან თაობამდე ყოველი თქვენგანის სადგომში.
- 22
როცა მოიმკით სამკალს თქვენს მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე, და ნუ აკრეფთ სამკალში დაცვენილს: ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
- 23
უთხრა უფალმა მოსეს:
- 24
"უთხარი ისრაელის შვილებს - მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენება, ბუკისცემის გახსენება, წმიდა შეკრება.
- 25
არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი”.
- 26
უთხრა უფალმა მოსეს:
- 27
"გამოსყიდვის დღეა მეშვიდე თვის მეათე დღე, წმიდა შეკრება გქონდეთ; დაიმდაბლეთ თავი და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი.
- 28
არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს, რადგან გამოსყიდვის დღეა, თქვენი გამოსყიდვისა უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
- 29
ყოველ სულს, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოვკვეთ თავისი ხალხისგან.
- 30
და ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოვსპობ თავისი ხალხისგან.
- 31
არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში.
- 32
დასვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღის საღამოს: საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი”.
- 33
უთხრა უფალმა მოსეს:
- 34
"უთხარი ისრაელის შვილებს: კარვობის დღესასწაულია მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან, შვიდი საუფლო დღე.
- 35
წმიდა შეკრებაა პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
- 36
შვიდ დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; საზეიმო შეკრებაა ეს - არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
- 37
აჰა, დღესასწაულები უფლისა, რომლებსაც წმიდა შეკრებად გამოაცხადებთ, რათა მიართვათ უფალს: სრულადდასაწველი საცეცხლო შესაწირი, პურეული ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და შესაწირი სასმელი - თითოეული თავის დღეს,
- 38
გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვენისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.
- 39
მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს: პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
- 40
აიღეთ პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხისა და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
- 41
შვიდი დღე იზეიმეთ წელიწადში ეს დღესასწაული უფლისთვის: საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
- 42
კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე; ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარავში იცხოვროს,
- 43
რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
- 44
და გამოუცხადა მოსემ უფლის დღესასწაულები ისრაელის შვილებს.