ლევიანნი 21
- 1
უთხრა უფალმა მოსეს: "განუცხადე მღვდლებს, აჰარონის ძეებს, და უთხარი: არცერთი მათგანი არ შეიბილწოს მიცვალებულის შეხებით თავის ხალხში.
- 2
მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების გამო: დედის და მამის, ძისა და ასულის, თავისი ძმის,
- 3
და თავისი დის, ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი - მათთვის შეუძლია გაუწმიდურება.
- 4
ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს.
- 5
არ მოიტიტვლონ თავი და წვერის კიდეები არ მოიპარსონ, სხეულზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
- 6
წმიდები იყვნენ ისინი თავისი ღმერთისთვის და არ შებღალონ თავისი ღმერთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირს, თავისი ღმერთის პურს სწირავენ ისინი და ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები.
- 7
მეძავი და წაბილწული არ ითხოვონ ცოლად, ასევე განქორწინებული თავისი ქმრისაგან, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისთვის.
- 8
შენ აკურთხე იგი, რადგან შენს ღმერთს სწირავს პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი განმწმედელი.
- 9
თუ რომელიმე მღვდლის ასული მრუშობით შეიბღალავს თავს, ამით მამამისსაც შებღალავს, ცეცხლში დაიწვას იგი.
- 10
მთავარი მღვდელი თავის ძმათაგან, რომელსაც ზეთი სცხეს თავზე და აკურთხეს, რომ შეიმოსოს შესამოსელით - თავს ნუ მოიშიშვლებს და სამოსელს ნუ შემოიხევს.
- 11
არცერთ გვამს არ უნდა მიეკაროს; არც მამას და არც დედას, რომ არ წაიბილწოს.
- 12
საწმიდარიდან არ გავიდეს, რათა თავისი ღმერთის საწმიდარი არ წაბილწოს, რადგან მისი ღმერთის ზეთითაა ნაკურთხი. მე ვარ უფალი.
- 13
ცოლად ქალწული შეირთოს.
- 14
ქვრივი, ქმარგაყრილი ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს; მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან.
- 15
არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი მისი გამწმედი”.
- 16
უთხრა უფალმა მოსეს:
- 17
"ასე უთხარი აჰარონს: კაცი, რომელსაც სხეულის ნაკლი ექნება შენს შთამომავალთაგან თავის თაობებში, არ მივიდეს პურის შესაწირად თავისი ღმერთის წინაშე.
- 18
და არცერთი, ვისაც ნაკლი აქვს, არ მივიდეს: კაცი ბრმა ან კოჭლი, ან ცხვირჩაჭყლეტილი ან მახინჯი,
- 19
ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ხელი აქვს მოტეხილი,
- 20
ან კუზიანი, ან ქონდრისკაცი, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე გადაკრული, ან ქეცი სჭირს, ან კვერცხები აქვს დაჭყლეტილი.
- 21
ყოველი კაცი, რომელსაც ნაკლი აქვს აჰარონის, მღვდლის შთამომავალთაგან, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო შესაწირთა შესაწირად; ნაკლიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
- 22
თავისი ღმერთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს,
- 23
მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ნაკლი აქვს; და არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი”.
- 24
და ელაპარაკა მოსე აჰარონსა და მის ძეებს და ისრაელის ყოველ შვილს.