ლევიანნი 2
- 1
როცა ვინმე პურეულ მსხვერპლს სწირავს უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დაადოს.
- 2
და მიიტანოს აჰარონის ძეებთან, მღვდლებთან; აიღოს სავსე პეშვი გამტკიცული ფქვილი, ზეთი საკმეველთან ერთად და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი* წილი სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის.
- 3
მონარჩენი კი პურეული ძღვენიდან, აჰარონისა და მისი ძეებისთვის იყოს; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
- 4
თუ თონეში გამომცხვარ პურს შესწირავ მსხვერპლად, გამტკიცული, უსაფუარო, ზეთში აზელილი ფქვილისგან იყოს პურები და ფუნთუშები, უსაფუარო და ზეთნაცხები.
- 5
თუ შენი შესაწირი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული, ზეთში აზელილი, უსაფუარო ფქვილისგან უნდა იყოს.
- 6
დააქუცმაცე და ზეთი მოასხი; ესაა პურეულის შესაწირი.
- 7
თუ ქვაბიდანაა შენი პურეულის შესაწირი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილით უნდა მომზადდეს.
- 8
მიიტანე ამათგან უფლისთვის გაკეთებული ძღვენი, წარუდგინე იგი მღვდელს და შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
- 9
აიღებს მღვდელი ძღვენისგან მის მოსაგონარ წილს და დააკმევს სამსხვერპლოზე; საცეცხლო შესაწირია ეს, საამო კეთილსურნელება უფლისთვის.
- 10
პურეული ძღვენიდან მონარჩენი აჰარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ეს უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
- 11
პურეულის არცერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
- 12
პირველნაყოფთა მსხვერპლად შესწირეთ ისინი უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანოთ საამო კეთილსურნელებად.
- 13
შეაზავე მარილით ყოველი პურეული ძღვენი, ნუმც მოგეკლოს შენი ღმერთის აღთქმის მარილი შენი ძღვენისთვის: ყოველ შენს შესაწირთან ერთად შესწირე მარილი.
- 14
თუ პირველმოწეულ თავთავთაგან შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს, ცეცხლზე მოხალული მარცვალი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
- 15
დაასხი ზეთი და დაადე საკმეველი: ესაა პურეულის შესაწირი.
- 16
დააკმიოს მღვდელმა დაღერღილი და ზეთიანი მარცვლების მოსაგონარი წილი მთელ საკმეველთან ერთად. ესაა საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.