ლევიანნი 18
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 3
არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, სადაც ცხოვრობდით, და ქანაანის ქვეყნის ჩვეულებებისამებრ, სადაც მიმყავხართ; ნუ იცხოვრებთ მათი წესებით.
- 4
აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები, მათით იცხოვრეთ; მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- 5
დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუ მათ დაიცავს; მე ვარ უფალი.
- 6
არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.
- 7
მამაშენის და დედაშენის სიშიშვლე არ გამოაჩინო. დედაშენია ის, არ ახადო მის სიშიშვლეს.
- 8
მამაშენის ცოლის სიშიშვლე არ გამოაჩინო. ეს მამაშენის სიშიშვლეა.
- 9
შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო.
- 10
შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულის სიშიშვლეს ნუ ახდი, ვინაიდან ეს შენი სიშიშვლეა.
- 11
მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენისგან შობილის, სიშიშვლეს ნუ ახდი: ის შენი დაა.
- 12
მამაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო: მამაშენის სისხლია იგი.
- 13
დედაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო, რადგან დედაშენის სისხლია იგი.
- 14
მამაშენის ძმის ცოლს არ მიუახლოვდე, ნუ ახდი მის სიშიშვლეს; შენი ბიცოლაა იგი.
- 15
არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი.
- 16
არ ახადო შენი ძმის ცოლის სიშიშვლეს: ეს შენი ძმის სიშიშვლეა.
- 17
ნუ ახდი სიშიშვლეს დედაკაცს და მის ასულს; მისი ძისა და ქალიშვილის ასულს სიშიშვლის ასახდელად ნუ მიუახლოვდები. ერთი სისხლი აქვთ მათ. ეს გარყვნილებაა.
- 18
ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში.
- 19
წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად.
- 20
შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.
- 21
არავინ მისცე მოლოქისთვის ცეცხლში გასატარებლად, ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
- 22
არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.
- 23
არცერთ პირუტყვს არ შეუერთდე, რადგან შეიბილწები მისით; ნურც ქალი დაუდგება წინ პირუტყვს, მასთან შესაერთებლად, ეს გარყვნილებაა.
- 24
ნუ შეიბილწებით ყოველივე ამით, ვინაიდან ამას აკეთებენ ის ხალხები, რომელთაც ვდევნი თქვენგან.
- 25
ამიტომ შეიბილწა ქვეყანა, დავხედე მათ უმართლობას და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი.
- 26
დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და ამ სისაძაგლეებიდან ნურაფერს ჩაიდენს თქვენ შორის მცხოვრები მკვიდრი და მწირი;
- 27
რადგან ყველა ამგვარი საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა;
- 28
რათა არ ამოგანთხიოთ თქვენ ქვეყანამ, როცა შებილწავთ მას, როგორც ის ხალხი, რომელიც თქვენზე წინ იყო.
- 29
რადგან ყოველი, ვინც ამ სისაძაგლეთაგან ჩაიდენს რაიმეს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
- 30
დაიცავით ჩემი ბრძანებანი და ნუ ჩაიდენთ საძაგელ საქმეებს, რაც თქვენამდე კეთდებოდა, რათა არ შეიბილწოთ მათით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.