ლევიანნი 14
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"ეს იქნება რჯული კეთროვანისთვის, მისი განწმენდის დღეს: მიყვანილ იქნას იგი მღვდელთან;
- 3
და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ, შეხედავს, და თუ განიკურნა კეთროვანი კეთრის წყლულისგან,
- 4
მაშინ უბრძანებს მღვდელი, რომ მოიყვანონ ორი ცოცხალი, წმიდა ფრინველი განწმენდილისთვის, კედრის ტოტი, ძოწეულის ნართი და უსუპი.
- 5
უბრძანებს მღვდელი ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში, გამდინარ წყალზე.
- 6
აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს, ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში.
- 7
შვიდჯერ მოასხურებს კეთრისგან განსაწმედელს, წმიდად გამოაცხადებს მას, ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
- 8
სამოსელი გაირეცხოს განსაწმედელმა, გაიპარსოს მთელი თმა, განიბანოს წყლით და განიწმიდება. მერე მივიდეს ბანაკში და თავისი კარვის გარეთ შვიდი დღე დაჰყოს.
- 9
მეშვიდე დღეს, მთლიანად გაიპარსოს თავი, წვერი, წარბები და მთელი თმა. გაირეცხოს სამოსელი, განიბანოს სხეული წყალში და განიწმიდება.
- 10
მერვე დღეს აიყვანს ორ უნაკლო მამალ ბატკანს, ერთ უნაკლო, წელგამოვლილ დედალ ცხვარს, აიღებს ზეთში შეზელილ ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს პურეულ ძღვნად და ერთ საწყაო ზეთს;
- 11
მღვდელი, რომელიც წმენდს მას, დააყენებს განსაწმედ კაცს მოტანილთან ერთად უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
- 12
აიღებს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს, შესწირავს მას დანაშაულის შესაწირად და ზეთის საწყაულს და შეარხევს მათ შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
- 13
დაკლავს მამალ ბატკანს იმ ადგილზე, სადაც ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს კლავენ, საწმიდრის ადგილზე; რადგან ცოდვის მსხვერპლის მსგავსად, დანაშაულის შესაწირიც მღვდელს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ის.
- 14
აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის სისხლიდან და სცხებს განწმედილის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.
- 15
აიღებს მღვდელი ზეთს საწყაულიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე,
- 16
ჩააწობს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და შვიდჯერ მოაპკურებს თითით ზეთს უფლის წინაშე;
- 17
სცხებს ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს, მარჯვენა ფეხის ცერსა და დანაშაულის შესაწირის სისხლს.
- 18
თავზე დაადებს მღვდელი ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედს და გამოისყიდის მას უფლის წინაშე.
- 19
შესწიროს მღვდელმა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი რათა განიწმინდოს უწმიდური მისი უწმიდურობისგან; მერე კი სრულადდასაწველი დაკლას.
- 20
აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს სამსხვერპლოზე. გამოისყიდის და განიწმიდება.
- 21
თუ ღარიბია ის და არ მიუწვდება ხელი, აიყვანოს ერთი მამალი ბატკანი დანაშაულის შესაწირისთვის, შესარხევად, თავისი გამოსყიდვისთვის; ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი პურეულ შესაწირად და საწყაო ზეთი,
- 22
მტრედის ორი ხუნდი ან ორი გვრიტი, რაზეც ხელი მიუწვდება და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად.
- 23
მიიტანოს ისინი მღვდელთან განწმენდის მერვე დღეს, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
- 24
აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის კრავს, საწყაო ზეთს და შესარხეველ შესაწირად შეარხევს უფლის წინაშე.
- 25
დაკლავს კრავს დანაშაულის შესაწირად, აიღებს მღვდელი მისი სისხლიდან და სცხებს განწმედილს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
- 26
დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე.
- 27
შვიდჯერ მოასხურებს მღვდელი მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, უფლის წინაშე.
- 28
სცხებს მღვდელი განსაწმედელს ზეთს ხელისგულიდან მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერზე, დანაშაულის შესაწირის სისხლის ადგილზე.
- 29
სცხებს მღვდელი განსაწმედელს თავზე ხელისგულზე დარჩენილ ზეთს, მის გამოსასყიდად უფლის წინაშე.
- 30
შესწირავს მტრედის ხუნდთაგან ან გვრიტთაგან, ერთ-ერთს, რაზეც ხელი მიუწვდება, განსაწმედელს
- 31
ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად, პურეულ შესაწირთან ერთად; და გამოისყიდის მღვდელი განსაწმედს უფლის წინაშე.
- 32
ესაა რჯული კეთროვანისთვის, რომელიც ხელმოკლე იქნება განწმედისას”.
- 33
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 34
"როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ სამფლობელოდ და მოვგვრი კეთროვან წყლულს რომელიმე სახლს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში,
- 35
წავიდეს სახლის პატრონი და ასე განუცხადოს მღვდელს: თითქოს წყლული გაჩნდა ჩემს სახლში.
- 36
უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, სანამ მივა წყლულის სანახავად, რათა არ შეიბილწოს ყოველივე, რაც სახლშია; შემდეგ კი მივა მღვდელი სახლის სანახავად.
- 37
შეხედავს წყლულს და, აჰა, თუ სახლის კედლებშია იგი, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად და ღრმადაა კედლის ზედაპირზე;
- 38
მაშინ გამოვა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით დაკეტავს სახლს.
- 39
მიბრუნდება მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ ნახავს, რომ გავრცელდა წყლული სახლის კედლებზე,
- 40
მაშინ გამოანგრევინებს ქვებს, რომლებშიც წყლულია და გადააყრევინებს უწმიდურ ადგილზე, ქალაქგარეთ.
- 41
მოფხეკენ მთელ სახლს შიგნიდან და მოფხეკილ მტვერს ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე გადაყრიან.
- 42
აიღებენ სხვა ქვებს, ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მოიტანენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს.
- 43
თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოანგრიეს ქვები, მოფხიკეს და გალესეს კედლები,
- 44
მივა მღვდელი და ნახავს, რომ მოდებულია წყლული სახლზე, მაშინ მწვავე კეთრია სახლში, არაწმიდაა ის.
- 45
დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, ძელები და გაიტანონ მთელი ნალესი ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე.
- 46
და ყოველი, ვინც იმ დროს შევა სახლში, ვიდრე დაკეტილია იგი, არაწმიდაა საღამომდე.
- 47
სამოსელი უნდა გაირეცხოს იმ სახლში დანაწოლმა და პურნაჭამმა კაცმა;
- 48
მაგრამ თუ შევა მღვდელი და ნახავს, რომ არ გავრცელებულა სახლზე წყლული მისი გალესვის შემდეგ, წმიდად მიიჩნევს იგი სახლს, რადგან განიკურნა წყლული.
- 49
აიღებს სახლის განწმედისთვის ორ ფრინველს, კედრის ხეს, ძოწეულ ნართს და უსუპს.
- 50
დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელში, გამდინარე წყალზე.
- 51
აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში და შვიდჯერ მოასხურებს სახლს.
- 52
განწმედს სახლს ფრინველის სისხლით, გამდინარე წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხით, უსუპით და ძოწეული ნართით.
- 53
გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ მინდორში, გამოისყიდის სახლს და განიწმიდება.
- 54
ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და ქეცისა,
- 55
სამოსელისა და სახლზე მოდებული კეთრისა.
- 56
სიმსივნისა, მუნისა და ლაქებისა.
- 57
იმის სასწავლებლად თუ როდის რა არის უწმიდური ან წმიდა. ეს არის კეთრის რჯული”.