ლევიანნი 11
- 1
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 2
"უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე:
- 3
ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
- 4
იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
- 5
ბოცვერი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
- 6
კურდღელი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
- 7
ღორი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი, მაგრამ საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
- 8
მათი ხორცი არ შეჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის.
- 9
აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყოველი, რასაც კი ფარფლი და ქერეჭი აქვს წყალში, ზღვებსა და მდინარეებში, შეგიძლიათ შეჭამოთ.
- 10
ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერეჭი არა აქვს ზღვებსა და მდინარეებში, წყლის ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც წყალშია, საძაგელია თქვენთვის.
- 11
საძაგელნი იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
- 12
ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის.
- 13
ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ შეჭამოთ, საძაგელნი არიან: არწივი, სვავი და ფსოვი;
- 14
ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,
- 15
ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,
- 16
სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,
- 17
კიოტა, თევზიყლაპია და ძენძერუკი,
- 18
ჭოტი, ვარხვი და კოდალა,
- 19
ყარყატი, ყანჩა და მათი ჯიშისანი; ოფოფი და ღამურა.
- 20
ყოველი მწერი, მფრინავი თუ ოთხზე მოარული, საძაგელია თქვენთვის.
- 21
ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
- 22
ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.
- 23
ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის,
- 24
მათგან გაუწმიდურდებით; ყოველი ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
- 25
და ყველამ, ვინც რამეს აიღებს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს სამოსელი; გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- 26
ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება.
- 27
ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უწმიდურია თქვენთვის; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
- 28
ვინც მათ მძორს შეეხება, გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; უწმიდურები არიან ისინი თქვენთვის.
- 29
აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;
- 30
ანაკა, ნიანგი, ბაყაყი, ლოკოკინა და ქამელეონი.
- 31
ესენია თქვენთვის უწმიდურნი ქვეწარმავლებში; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- 32
და ყველაფერი, რასაც რომელიმე მათგანის მძორი დაეცემა, გაუწმიდურდება: ხის რაიმე ჭურჭელი, ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა და ნებისმიერი საგანი, რომელიც საქმეში გამოიყენება, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და იქნება უწმიდური საღამომდე, მერე კი განიწმიდება.
- 33
ყოველგვარი თიხის ჭურჭელი, რომელშიც რომელიმე იმათგანი ჩავარდება და ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
- 34
ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმევა და მასში ასეთი ჭურჭლიდან შეაღწია წყალმა, გაუწმიდურდება და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ, ყოველ ასეთ ჭურჭელში, გაუწმიდურდება.
- 35
ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება; თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: გაუწმიდურებულნი არიან ისინი და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც.
- 36
მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა, ხოლო ვინც მათ მძორს შეეხება - გაუწმიდურდება.
- 37
და თუ რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც უნდა დაითესოს, დაეცა რაიმე მათი მძორისგან, სუფთაა იგი.
- 38
თუ თესლს წყალი დაესხა და მათი მძორისგან რაიმე დაეცა, უწმიდური იქნება თქვენთვის.
- 39
თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ და მის მძორს ვინმე შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე;
- 40
მისი მძორის მჭამელმა, სამოსელი უნდა გაირეცხოს და იქნება უწმიდური საღამომდე; უნდა გაირეცხოს სამოსელი მისი მძორის წამღებმა და იქნება უწმიდური საღამომდე.
- 41
ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, საძაგელია, არ უნდა შეიჭამოს.
- 42
ყოველი მუცელზე მხოხავი, ყოველი ოთხზე მოარული და ყოველი მრავალფეხა ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, არ ჭამოთ, რადგან საძაგელნი არიან.
- 43
თავს ნუ წაიბილწავთ ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
- 44
რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე და ნუ გაიუწმიდურებთ
- 45
რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
- 46
ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომლებიც წყალში იძვრიან და ყოველი არსებისა, რომლებიც მიწაზე ქვემძრომობენ,
- 47
რათა იყოს განსხვავება უწმიდურსა და წმიდას შორის და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.