გამოსვლა 40
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, საკრებულო კარავი.
- 3
დადგი იქ მოწმობის კიდობანი და ჩამოაფარე კრეტსაბმელი.
- 4
შეიტანე მაგიდა და ზედ მისი საგნები განალაგე, შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
- 5
დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ჩამოკიდე კრეტსაბმელი სავანის შესასვლელთან.
- 6
დადგი ყოვლადდასაწველის სამსხვერპლო საკრებულო კარვის, სავანის შესასვლელის წინ.
- 7
დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხი.
- 8
მოაწყვე ირგვლივ ეზო და ჩამოკიდე ფარდა ეზოს შესასვლელთან.
- 9
აიღე საცხებელი ზეთი, სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია და წმიდა ჰყავ იგი და ყოველი მისი ჭურჭელი; და წმიდა იქნება.
- 10
სცხე ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო; და წმიდათა წმიდა იქნება იგი.
- 11
სცხე საბანებელს და მის კვარცხლბეკს და წმიდა ჰყავ იგი.
- 12
მიიყვანე აჰარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან და განბანე წყლით.
- 13
შემოსე აჰარონი წმიდა სამოსელით, სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს.
- 14
მოიყვანე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით.
- 15
სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რათა მღვდლობა გამიწიონ და იყოს მათი ცხებულება საუკუნო მღვდლობისთვის თაობიდან თაობამდე!”
- 16
და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა.
- 17
და აღმართულ იქნა აღთქმის კარავი მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს.
- 18
აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი კვარცხლბეკები, განალაგა ძელები, დაამაგრა ძელაკები და აღმართა სვეტები.
- 19
გადააფარა საფარველი სავანეს და სახურავი გაუკეთა ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 20
აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობანს რგოლებში და დაადგა სარქველი კიდობანს.
- 21
შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 22
დადგა მაგიდა საკრებულო კარავში, კარვის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ.
- 23
დააწყო მასზე საწინაშეო პური უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 24
დადგა სასანთლე საკრებულო კარავში მაგიდის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
- 25
აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 26
დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში, ფარდის წინ
- 27
და აკმია მასზე კეთილსურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 28
ჩამოკიდა ფარდა სავანის შესასვლელში.
- 29
დადგა სამსხვერპლო სრულადდასაწველთათვის საკრებულო კარვის სავანის შესასვლელში და აღავლინა მასზედ სრულადდასაწველი და პურის შესაწირი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 30
დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხა განსაბანად.
- 31
და განიბანეს მასში მოსემ, აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები.
- 32
საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 33
მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს შესასვლელში. დაასრულა მოსემ საქმე და ღრუბელმა აავსო საკრებულო კარავი.
- 34
დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
- 35
და ვერ შეძლო მოსემ საკრებულო კარავში შესვლა, ვინაიდან ღრუბელმა დაივანა მასზე და უფლის დიდებამ აღავსო სავანე.
- 36
როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი სამგზავროდ.
- 37
და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, იმ დღემდე, ვიდრე არ ასცილდებოდა.