გამოსვლა 31
- 1
უთხრა უფალმა მოსეს:
- 2
"აჰა, სახელით მოვუხმე ბეცალელს, ხურის ძეს, ძისა ურისა, იუდას ტომიდან.
- 3
და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით,
- 4
რათა ოსტატურად შეეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა,
- 5
მოსაოჭველი ქვების გათლა და ხის კვეთა, ყოველგვარი ხელოვნებით.
- 6
აჰა, მივეცი მას ოჰოლიაბი, ახისამაქის ძე, დანის ტომიდან და ყოველი ოსტატის გულში ჩავდებ სიბრძნეს, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე:
- 7
საკრებულო კარავი, მოწმობის კიდობანი და სარქველი, რომელიც მასზეა და კარვის ყოველი ჭურჭელი.
- 8
მაგიდა თავისი ჭურჭლით, წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით და საკმევლის სამსხვერპლო;
- 9
სრულადდასაწველის სამსხვერპლო მთელი თავისი ხელსაწყოებით, საბანელი მისი კვარცხლბეკითურთ;
- 10
მსახურების შესამოსელი, აჰარონის წმიდა სამოსელი და მისი ძეების სამოსელი მღვდლობის გასაწევად.
- 11
ზეთი და კეთილსურნელოვანი საკმეველი საწმიდრისთვის; როგორც გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ”.
- 12
უთხრა უფალმა მოსეს:
- 13
"ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
- 14
დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბღალავი უსათუოდ მოკვდება; რადგან ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს ამ დღეს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხისგან.
- 15
ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე - შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
- 16
დაიცვან ისრაელის შვილებმა შაბათი და თაობიდან თაობამდე უქმობდნენ შაბათს, სამარადისოა ეს აღთქმა.
- 17
საუკუნო ნიშანია იგი ჩემსა და ისრაელის შვილთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა”.
- 18
და მისცა მოსეს უფალმა, როცა დაასრულა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.