გამოსვლა 24
- 1
არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
- 2
მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს, დანარჩენები არ მიუახლოვდნენ; ხალხი არ ამოყვეს მათ”.
- 3
მივიდა მოსე და გადასცა ხალხს უფლის ყოველი სიტყვა და დადგენილება; ერთხმად მიუგო მთელმა ხალხმა: "შევასრულებთ უფლის ნათქვამ ყოველ სიტყვას”.
- 4
და დაწერა მოსემ უფლის ყოველი სიტყვა. ადგა დილაადრიანად, აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ.
- 5
წარავლინა მოსემ ჭაბუკნი, ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი და დაკლეს მოზვრები, სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.
- 6
აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, ხოლო მეორე ნახევარი სამსხვერპლოს მოაპკურა.
- 7
აიღო აღთქმის წიგნი და წაიკითხა ხალხის გასაგონად. მათ თქვეს: "ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით”.
- 8
აიღო მოსემ სისხლი, აპკურა ხალხს და თქვა: "აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ სიტყვისამებრ”.
- 9
ავიდნენ მოსე და აჰარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი.
- 10
და იხილეს მათ ისრაელის ღმერთი. და იყო მის ფეხთა ქვეშ, რაღაც საფირონის ქვაფენილის მსგავსი, ზეცასავით სუფთა.
- 11
და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთა რჩეულებზე. იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს.
- 12
უთხრა უფალმა მოსეს: "ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ შენ ქვის დაფებს, რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე”.
- 13
ადგნენ მოსე და მისი მსახური იეშუა და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
- 14
უთხრა მოსემ უხუცესებს: "დაგველოდეთ, ვიდრე დავბრუნდებით; აჰა, აჰარონი და ხური თქვენთან არიან; ვისაც საქმე ექნება, მათთან მივიდეს”.
- 15
ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა.
- 16
და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა მოსეს შუაგულ ღრუბლიდან.
- 17
მოგიზგიზე ცეცხლივით იყო უფლის დიდება მთის მწვერვალზე ისრაელის ძეთა თვალწინ.
- 18
შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში და ავიდა მთაზე; ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.