გამოსვლა 21
- 1
აი, კანონები, რომელთაც დაუდგენ მათ:
- 2
თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
- 3
თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს.
- 4
თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.
- 5
ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,
- 6
მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
- 7
თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება.
- 8
თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
- 9
თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას.
- 10
თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.
- 11
თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.
- 12
თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
- 13
ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს.
- 14
თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
- 15
ვინც თავის მამას ან დედას შემოჰკრავს, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
- 16
ვინც ადამიანი მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოაჩნდეს - სიკვდილით მოკვდეს.
- 17
თავისი მამის და დედის მაწყევარი, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
- 18
თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბნენ და დაჰკრა ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი და გადარჩა კაცი, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
- 19
მერე კი ადგა და გარეთ ყავარჯნით სიარული შეძლო, მაშინ ნუ დაისჯება მისი მცემელი, მხოლოდ სამუშაოდან მისი მოცდენისთვის გადაუხადოს და სრულ გამოჯანმრთელებამდე იზრუნოს მასზე.
- 20
თუ კაცმა ჯოხით სცემა თავისი მონა ან მხევალი და შემოაკვდა, შური იძიეთ მასზე.
- 21
მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე კიდევ იცოცხლა, მაშინ აღარ იძიოთ მასზე შური, რადგან მისი საკუთრებაა იგი.
- 22
თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
- 23
მაგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.
- 24
თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
- 25
დამწვრობა დამწვრობის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
- 26
თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, მაშინ თვალის წილ გაათავისუფლოს იგი.
- 27
თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ.
- 28
თუ ხარმა მამაკაცს ან დედაკაცს ურქინოს და მოკლას, უსათუოდ ჩაიქოლოს ხარი და არ შეიჭამოს მისი ხორცი; ხოლო ხარის პატრონი უდანაშაულოა.
- 29
მაგრამ თუ ხარი მანამდეც მარქენალი იყო და გააფრთხილეს პატრონიც, მან კი არ დაამწყვდია და მოკლა ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარიც ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს.
- 30
თუ გამოსასყიდი დაეკისრება, მაშინ გადაიხადოს საურავი თავისი სიცოცხლის წილ, დაკისრებულის მიხედვით.
- 31
თუ ძეს ან ასულს ურქინოს, ამავე სამართლით მოექეცით მას.
- 32
თუ ყმას ან მხევალს ურქინოს ხარმა, მაშინ მიეცეს მათ ბატონს ოცდაათი ვერცხლი, ხარი კი ჩაიქოლოს.
- 33
თუ ვინმე თავს მოხდის ან ამოთხრის ორმოს და არ დააფარებს, იქ კი ხარი ან სახედარი ჩავარდება,
- 34
მაშინ გადაიხდის ორმოს მფლობელი, ფულით აუნაზღაურებს მათ პატრონს, ხოლო ლეში მისი იქნება.
- 35
და თუ ვინმეს ხარი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ფულიცა და ლეშიც შუაზე გაიყონ.
- 36
ხოლო თუ მანამდეც ცნობილი იყო, რომ ხარი მარქენალია, მისმა პატრონმა კი არ დაამწყვდია, მაშინ გადაიხადოს ხარის წილ, ხოლო ლეში მისი იქნება.