გამოსვლა 18
- 1
ყველაფერი შეიტყო ითრომ, მიდიანელმა მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, რაც ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს გაუკეთა, როგორ გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან.
- 2
და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, მოსეს ცოლი ციფორა, მისი უკან გაგზავნის შემდეგ.
- 3
და მისი ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რადგან თქვა - "ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
- 4
მეორეს სახელად ელიეზერი ერქვა, რადგან თქვა: "მამაჩემის ღმერთი შემეწია და დამიხსნა ფარაონის მახვილისგან”.
- 5
მივიდნენ ითრო, მოსეს სიმამრი და მისი ცოლი თავისი ძეებითურთ მოსესთან უდაბნოში, სადაც იყო დაბანაკებული, ღვთის მთასთან.
- 6
შეატყობინა მოსეს: "მე, შენი სიმამრი, ითრო, მოვდივარ შენთან და მომყავს შენი ცოლი, თავის ორ ძესთან ერთად”.
- 7
და გავიდა მოსე თავის სიმამრთან შესახვედრად, თაყვანისცა და ეამბორა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.
- 8
უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რა უყო უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და თუ როგორ მფარველობდა მათ უფალი.
- 9
გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა ისრაელს, ეგვიპტელთაგან მათი გამოხსნისას.
- 10
თქვა ითრომ: "კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელთაგან, რომელმაც იხსნა ეს ხალხი ეგვიპტელთა მონობისგან.
- 11
ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი; რადგან რაშიც ამაყად ექცეოდნენ ისრაელიანებს, იმაში იმძლავრა მათზე.
- 12
და შესწირა ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავი ღმერთს. და მივიდნენ აჰარონი და ისრაელის ყველა უხუცესი მოსეს სიმამრთან, ღვთის წინაშე პურის საჭმელად.
- 13
მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე.
- 14
იხილა მოსეს სიმამრმა ყოველივე, რასაც ის ხალხისთვის აკეთებდა და უთხრა: "რას უკეთებ ამ ხალხს? მარტო შენ რად ზიხარ და მთელი ეს ხალხი კი შენს წინ დგას დილიდან საღამომდე?”
- 15
უთხრა მოსემ თავის სიმამრს: "იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საძიებლად.
- 16
როცა რაიმე საქმე აქვთ, ჩემამდე მოაქვთ და განვსჯი კაცსა და მის მოყვასს შორის, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს”.
- 17
უთხრა მოსეს სიმამრმა: "არაა კარგი, რასაც შენ აკეთებ.
- 18
გამოიფიტებით შენც და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, მარტო ვერ შეძლებ ამის კეთებას.
- 19
ახლა ისმინე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და ღმერთი იყოს შენთან: შენ უშუამდგომლე ხალხს ღმერთთან და წარუდგინე მათი საქმენი ღმერთს.
- 20
ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
- 21
ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს.
- 22
მათ განსაჯონ ხალხი ყოველთვის; ყველა დიდი საქმე შენთან მოიტანონ, ხოლო ყოველი მცირე საქმე თვითონ განსაჯონ; ზიდონ ასე ტვირთი შენთან ერთად და შენც შეგიმსუბუქდება.
- 23
თუ ამას გააკეთებ და ღმერთიც ასე გიბრძანებს, მაშინ გაუძლებ და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე”.
- 24
ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და აასრულა ყოველი მისი ნათქვამი.
- 25
ამოარჩია მოსემ მთელი ისრაელიდან უნარიანი კაცები და ხალხს მეთაურებად: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნა.
- 26
და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველთვის: ძნელი საქმე მოსესთან მიჰქონდათ, ყოველ წვრილმან საქმეს კი თვითონ წყვეტდნენ.
- 27
გაისტუმრა მოსემ სიმამრი და წავიდა იგი თავის ქვეყანაში.