გამოსვლა 1
- 1
ეს არის ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც, თითოეული თავისი სახლეულით, იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში.
- 2
რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
- 3
ისაქარი, ზებულონი და ბენიამინი,
- 4
დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
- 5
ყოველი მათგანი იაკობის საზარდულიდან იყო გამოსული, სულ სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
- 6
და გარდაიცვალა იოსები, ყველა მისი ძმა და მთელი მათი თაობა;
- 7
ისრაელის ძენი კი მომრავლდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ, მეტისმეტად გაძლიერდნენ და აღივსო ის ქვეყანა მათით.
- 8
და დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
- 9
უთხრა თავის ხალხს: "ჩვენზე ბევრნი და ძლიერნი არიან ისრაელის ძეთა ხალხი.
- 10
ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან; და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, იომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან”.
- 11
და დაუნიშნეს მათ სამუშაოს უფროსნი, რომ მძიმე შრომით დაეუძლურებინათ ისინი. აუშენეს მათ ფარაონს სამარაგო ქალაქები - ფითომი და რაყმესესი.
- 12
მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელის ძეთა წინაშე.
- 13
უმოწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელის ძეებს ეგვიპტელნი.
- 14
სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხაზე, აგურზე და მინდვრებში. ყველა საქმეში, რომლითაც ამუშავებდნენ, დაუნდობლად ექცეოდნენ მათ.
- 15
უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს შიფრა, ხოლო მეორეს ფუყა ერქვა.
- 16
უთხრა: "ებრაელ ქალებს, რომ მოამშობიარებთ, შეხედეთ, თუ ვაჟი იქნება, მოკალით, ხოლო თუ ქალი იქნა - იცოცხლოს”.
- 17
მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
- 18
იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და ჰკითხა: "რატომ იქცევით ასე, ცოცხლად რად ტოვებთ ვაჟებს?”
- 19
უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: "ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, უფრო ჯანსაღნი არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ”.
- 20
სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.
- 21
და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.
- 22
და ასე უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს: "ყოველი ახალშობილი ვაჟი მდინარეში ჩააგდეთ, ქალი კი ცოცხალი დატოვეთ!”