1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 . სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზამრუდეს კი სძულს იგი.
3 . სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.
4 . სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.
5 . სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
6 . დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
7 . ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
8 . წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი - საკუთარი თავების მოტყუებაში.
9 . ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
10 . მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
11 . ბოროტეულთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
13 . სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
14 . გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება, კეთილი კი - თავისი გზებით.
15 . გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.
16 . ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17 . გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18 . გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.
19 . ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.
20 . ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21 . თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.
22 . განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
23 . ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
24 . ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
25 . ჭეშმარიტი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ტყუილის მოლაპარაკე კი მოღალატეა.
26 . უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
28 . ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
29 . რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
30 . მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობა.
31 . ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
32 . უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33 . გონიერი კაცის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა შორისაც კი საცნაურია იგი.
34 . სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.
35 . გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
1 . როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
2 . აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
3 . და იქნება: იმ დღეს, როცა მოგასვენებს უფალი შენი ტკივილისგან, შფოთისა და ჯაფისაგან, რომლითაც იტანჯებოდი,
4 . მაშინ წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: "როგორ შეაჩერეს მოძალადე, როგორ აღიკვეთა ჩაგვრა.
5 . შემუსრა უფალმა ბოროტეულთა არგანი, დაამსხვრია ხელმწიფეთა კვერთხი.
6 . რისხვით რომ მუსრავდა ხალხებს უკურნებელი წყლულებით, ბრაზით იმორჩილებდა ერებს და დაუოკებლად დევნიდა მათ.
7 . დაწყნარდა და დამშვიდდა მთელი ქვეყანა, ხმამაღლა ყიჟინებს.
8 . კვიპაროსებიც შემოგხარიან და ლიბანის კედრებიც - რაც ძირს განერთხე, ხის მჭრელი აღარ მოსულა ჩვენთან.
9 . შავეთი, ქვესკნელი შეიძრა შენს შესახვედრად, შენი მოსვლისას; გამოაღვიძა შენთვის აჩრდილნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; ხალხთა მეფენი წამოაყენა თავ-თავისი ტახტებიდან.
10 . მოგიგებს ყველა და გეტყვის: შენც ჩვენსავით დაუძლურდი და ჩვენ დაგვემსგავსე.
11 . ქვესკნელს ჩაეშვა შენი ბრწყინვალება და შენი ებნების ხმა; ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12 . როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო.
13 . გულში ამბობდი: "ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.
14 . ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”
15 . თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.
16 . დაგაკვირდებიან შენი დამნახავნი და ჩაფიქრდებიან - ესაა ის კაცი, მიწას რომ ათრთოლებდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა,
17 . ქვეყნიერებას რომ აუდაბურებდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს არ ათავისუფლებდა ტყვეობის სახლიდან?
18 . ხალხების მეფეები დიდებაში განისვენებენ, თავ-თავიანთ სამყოფელში.
19 . შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, გადაგდებული, როგორც საძაგელი ლერწი, შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან; გათელილ გვამს ჰგავხარ.
20 . მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
21 . სასაკლაო გაამზადეთ მისი შვილებისთვის, მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ, არ დაიპყრონ ქვეყანა და მღელვარებით არ აავსონ მიწის ზედაპირი.
22 . "აღვდგები მათ წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მოვკვეთ ბაბილონის სახელს, მისი მონაგარისა და შთამომავლობის მონარჩენს!” - ამბობს უფალი.
23 . "მაჩვზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ ვაქცევ და განადგურების ცოცხით გავხვეტ!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
24 . დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: "როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება, როგორც განვიზრახე, ისე აღსრულდება.
25 . ჩემს მიწაზე შევმუსრავ აშურს და ჩემს მთებზე გავთელავ მას; გადაიგდება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი ჩამოეხსნებათ მხრებიდან”.
26 . ეს არის განაჩენი, მთელი ქვეყნის მიმართ გამოტანილი და, ეს არის, ხელი მოღერებული ყველა ხალხზე.
27 . რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?
28 . მეფე ახაზის სიკვდილის წელს იქნა ეს წარმოთქმული.
29 . ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
30 . უმწეოთა პირმშონი გამოიკვებებიან და გაჭირვებულნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; შიმშილით გავანადგურებ შენს ფესვს და გავჟლეტ შენს მონარჩენს.
31 . იქვითინე, კარიბჭევ! იტირე, ქალაქო! მთლიანად დადნები, ფილისტიმო, რადგან ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი და არავინ ჩამორჩება მის ბანაკს.
32 . რა პასუხს გასცემს ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა დააფუძნა სიონი და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი”.
1 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! ტვიროსის მთავარს უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთების საკრებულოში ვზივარ შუაგულ ზღვაშიო! შენ კი კაცი ხარ და არა ღმერთი და გულით ღმერთის გულს ეტოლები.
3 . აჰა, შენ ფიქრობ, რომ დანიელზე ბრძენი ხარ და არავითარი საიდუმლო არაა შენთვის დაფარული.
4 . შენი სიბრძნითა და გონიერებით დააგროვე ქონება და ოქრო-ვერცხლი შენს საგანძურებში.
5 . შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.
6 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე,
7 . ამიტომ, აჰა, გამოვიყვან შენზე უცხოებს, ხალხთაგან უსასტიკესთ, იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.
8 . საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები შუაგულ ზღვაში დაფლულთა სიკვდილით.
9 . შენს მკვლელსაც ეტყვი, ღმერთი ვარო? ადამიანი ხარ და არა ღმერთი შენი მკვლელის ხელში.
10 . წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვილაპარაკე, ამბობს უფალი ღმერთი”.
11 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
12 . "ძეო კაცისავ! გოდების ხმა აიმაღლე ტვიროსის მეფეზე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების მაგალითი იყავი, სიბრძნითა და სრული მშვენებით სავსე,
13 . ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყველა ძვირფასი ქვა გემოსა, წითელი ლალი, ტოპაზი და ალმასი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი, საფირონი, ზურმუხტი და ბივრილი; ოსტატურად გესხდა ოქროს ბუდეებში; შენი შექმნის დღეს გამზადდა.
14 . მფარველ ქერუბად გცხე, ღვთის წმიდა მთაზე დაგადგინე; ცეცხლოვან ქვებს შორის დადიოდი.
15 . უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა.
16 . შენი ნავაჭრის სიმრავლემ ძალადობით აგივსო შინაგანი და შესცოდე; მოგაშორე ღმერთის მთას, როგორც შებილწული და გაგაძევე, მფარველო ქერუბო, ცეცხლოვანი ქვების შუაგულიდან.
17 . აღზევდა შენი გული შენი სილამაზით, გაიხრწნა ბრწყინვალება შენი სიბრძნისა; მიწაზე დაგანარცხე, სასეიროდ გაქციე მეფეთა წინაშე.
18 . შენი მრავალი ურჯულოებით, შენი უმართლო ნავაჭრით შებღალე შენი საწმიდარნი; ცეცხლი გამოვიღე მისი წიაღიდან, რომელმაც გშთანთქა და ფერფლად გაქცია, დედამიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ.
19 . ყველა, ვინც გიცნობს ხალხთაგან, შეძრწუნდება შენზე; საფრთხობელად იქეცი და სამუდამოდ გარდახდები”.
20 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
21 . "ძეო კაცისავ! მიმართე სახე სიდონისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე.
22 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სიდონ! განვდიდდები შენში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა აღვასრულებ მასში სამართალს და წმიდად გამოვჩნდები მასში.
23 . შავ ჭირსა და სისხლს დავუშვებ მის ქუჩებში და ყოველი მხრიდან მასზე მომართული მახვილით დაეცემიან მის წიაღში განგმირულნი; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
24 . აღარ ეყოლება ისრაელის სახლს მჩხვლეტავი ეკალი და მტკივნეული ხიწვი ირგვლივ მყოფ ყველა მის მოძულეს შორის; და გაიგებენ, რომ მე ვარ ღმერთი, უფალი!
25 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: შემოვკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ, წმიდად გამოვჩნდები მათში ხალხთა დასანახად და დამკვიდრდებიან თავიანთ მიწაზე, მე რომ მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს.
26 . იცხოვრებენ მასზე უსაფრთხოდ, აიშენებენ სახლებს, ჩაყრიან ვენახებს და იცხოვრებენ უსაფრთხოდ, როცა განვიკითხავ ყველა მათ მოძულეს მათ ირგვლივ. მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.