1 . და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.
2 . თვის მეხუთე დღეს, ეს იყო მეფე იოაქინის განდევნიდან მეხუთე წელი,
3 . გამოეცხადა უფლის სიტყვა მღვდელ ეზეკიელს, ბუზის ძეს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას. უფლის ხელი იყო მასზე.
4 . ვიხილე: აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი; ელვარებაა მის ირგვლივ, შუაში კი ელვარე ფოლადივით, ცეცხლის შუაგულში.
5 . მის შუაგულში ოთხი არსება დავინახე, ადამიანის მსგავსნი იყვნენ ისინი.
6 . თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა.
7 . სწორი ფეხები ჰქონდათ, ხოლო ფეხის ტერფები - ხბოს ჩლიქებივით; გაპრიალებული სპილენძივით ბრწყინავდნენ.
8 . ოთხივე მხარეს ფრთების ქვეშ ადამიანის ხელები ესხათ; ოთხივეს სახე და ფრთები ჰქონდათ.
9 . ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, მოძრაობისას სახეს არ აბრუნებდნენ, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მოძრაობდა.
10 . მათი სახეების გამომეტყველება კი ასეთი იყო: მარჯვენა მხარეს ოთხივეს ადამიანისა და ლომის სახე ჰქონდა; მარცხენა მხარეს ოთხივეს ხარის სახე ჰქონდა და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
11 . ასეთი იყო მათი პირსახე; ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ გაშლილი, ორ-ორი ფრთით ერთმანეთს ეხებოდნენ და ორითაც ტანს იფარავდნენ.
12 . თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სულს მიჰყავდა; მიდიოდნენ და არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
13 . ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან.
14 . ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.
15 . შევხედე ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს.
16 . მბრწყინავ ქრიზოლითს ჰგავდნენ შესახედაობითა და ნაკეთობით ეს ბორბლები, ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს. ასეთი იყო მათი შესახედაობა და ნაკეთობა: თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩასმული.
17 . დაიძვრებოდნენ თავიანთი ოთხი მიმართულებით, მოძრაობდნენ და მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
18 . ბორბლების ფერსოები მაღალი და საშინელი იყო; ოთხივე ფერსო გარშემო თვალებით იყო სავსე.
19 . ცხოველები რომ დაიძვრებოდნენ, ბორბლებიც იძვროდნენ მათთან ერთად; ცხოველები მიწიდან რომ აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ.
20 . საითკენაც სული გაიწევდა, იმ მიმართულებით მიდიოდნენ და ბორბლებიც მათთან ერთად მოძრაობდნენ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში.
21 . მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ გასწვრივ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში.
22 . მოციმციმე ბროლის ცის თაღი იყო ცხოველთა თავზე, გასაოცარი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული.
23 . თაღის ქვეშ ერთმანეთს უსწორდებოდნენ მათი ფრთები, თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთი მხარეს და მეორე მხარეს.
24 . მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
25 . გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
26 . თაღის ზემოთ, მათ თავზე რომ იყო, საფირონის ქვის ტახტის მსგავსი რამ იდგა; ამ ტახტის მსგავსზე, მაღლა, ადამიანის მსგავსი რამ იჯდა.
27 . შემდეგ შევნიშნე მის წელს ზემოთ რაღაც განათებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე ცეცხლის მსგავსი რამ და ნათება იყო მის ირგვლივ.
28 . როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.
1 . გავიხედე და, აჰა, ცის თაღზე, ქერუბთა თავზე რომ არის, რაღაც საფირონის ქვის მსგავსი, თითქოს ტახტი გამოჩნდა.
2 . ელაპარაკა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: "შედი ბორბლებს შორის, ქერუბების ქვეშ, აივსე პეშვები ცეცხლის ნაკვერჩხლებით, ქერუბთა შორის რომაა და მოფანტე ქალაქზე”. და ჩემს თვალწინ შევიდა იგი.
3 . იმ კაცის შესვლისას ქერუბები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ; ღრუბელმა აავსო შიდა ეზო.
4 . ამაღლდა უფლის დიდება ქერუბებისგან ტაძრის ზღურბლისაკენ და ღრუბლით აივსო ტაძარი, ეზო კი - უფლის დიდების ბრწყინვალებით.
5 . ქერუბთა ფრთების ხმა გარე ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლისშემძლე ღმერთისა, როცა ლაპარაკობს.
6 . როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს - აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბთა შორისო - შევიდა და დადგა ბორბალთან.
7 . გაიწოდა ქერუბმა ხელი ცეცხლისკენ, ქერუბთა შორის რომ იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გამოვიდა.
8 . ქერუბებს ადამიანის ხელის მსგავსი რამ უჩანდათ ფრთებქვეშ.
9 . შევხედე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბებთან: თითო ბორბალი თითო ქერუბთან. ბორბლები ქრიზოლიტივით ბრწყინავდნენ.
10 . ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩამჯდარი.
11 . გადაადგილდებოდნენ ოთხი მიმართულებით, მიბრუნების გარეშე, საკუთარი მიმართულებით; იქითკენ, საითაც თავები ჰქონდათ მიმართული; მიბრუნების გარეშე მიდიოდნენ.
12 . მთელი მათი სხეული, ზურგი, ხელები, ფრთები და ბორბლები თვალებით იყო ირგვლივ სავსე, ოთხივე მათი ბორბალი.
13 . ჩემს გასაგონად "გრიგალი” უწოდეს ბორბლებს.
14 . ოთხი სახე ჰქონდა თითოეულს, ერთი - ქერუბისა, მეორე - ადამიანისა, მესამე - ლომისა და მეოთხე - არწივის სახე.
15 . ამაღლდნენ ქერუბნი. იგივე არსებანი იყვნენ, მდინარე ქებართან რომ ვიხილე.
16 . დაიძვრებოდნენ ქერუბები და გვერდით მიჰყვებოდნენ ბორბლებიც; ასწევდნენ ფრთებს ქერუბნი, მიწიდან ასამაღლებლად და არ ბრუნდებოდნენ ბორბლები, ისინიც თან მიჰყვებოდნენ.
17 . დადგომისას ისინიც დგებოდნენ, ამაღლებისას ისინიც მაღლდებოდნენ, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
18 . გამოვიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და დაივანა ქერუბებზე.
19 . გაშალეს ქერუბებმა ფრთები და ამაღლდნენ მიწიდან ჩემს თვალწინ. ბორბლებიც თან ჰქონდათ. დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელთან, ისრაელის ღმერთის დიდება ედგათ ზემოდან.
20 . ისინი იგივე არსებანი იყვნენ ისრაელის ღვთის ქვეშ რომ ვნახე მდინარე ქებართან. მიხვდი, რომ ქერუბნი იყვნენ.
21 . თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხი ფრთა ჰქონდა და ადამიანის ხელის მსგავსი რამ ფრთების ქვეშ.
22 . შესახედაობა მათი სახეებისა ისეთივე იყო, მდინარე ქებართან რომ ვნახე. თვითონ ისინიც და მათი შესახედაობაც; თითოეული საკუთარი სახის მიმართულებით მიდიოდა.
1 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: "აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.
2 . მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.
3 . მჯდომი შესახედაობით იასპის ქვასა და სარდიონს წააგავს; ხოლო ტახტს ირგვლივ შემორტყმული ცისარტყელა შესახედაობით ზურმუხტს ჰგავს.
4 . ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი დგას, ხოლო ტახტებზე ოცდაოთხი უხუცესი ზის; თეთრი სამოსი აცვიათ და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ.
5 . ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.
6 . ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუაში და ტახტის ირგვლივ - ოთხი ცოცხალი არსება, წინიდან და უკნიდან თვლებით სავსე.
7 . პირველი არსება ლომს ჰგავს, მეორე - ხარს, მესამეს ადამიანის სახე აქვს, მეოთხე მფრინავ არწივს ჰგავს.
8 . ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
9 . როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,
10 . ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ:
11 . "ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.