1 . მისმინეთ, კუნძულებო, ყური მომაპყრეთ, შორეულო ერებო. უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო, დედაჩემის წიაღშივე ახსენა ჩემი სახელი.
2 . ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირი, თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა; წამახულ ისრად მაქცია და თავის კაპარჭში შემინახა.
3 . მითხრა, ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები!
4 . ვუპასუხე: "არაფრისთვის ვირჯებოდი, ამაოდ და ტყუილად გამოვლიე ძალა, თუმცა უფალშია ჩემი სამართალი და საზღაური ჩემი - ჩემს ღმერთთან!”
5 . ახლა კი ასე ამბობს უფალი: დედის მუცელშივე მის მსახურად გამომსახა, რათა მოვაბრუნო მისკენ იაკობი და მასთან შეიკრიბოს ისრაელი. პატივდებული ვარ უფლის თვალში და ჩემი ღმერთია ჩემი ძალა.
6 . მითხრა: "არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.
7 . ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი და მისი წმიდა, ადამიანთა მიერ აბუჩად აგდებულთ, ერთა მიერ შეძულებულთ, აღზევებულთა მსახურთ: "იხილავენ მეფენი და წამოიმართებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისთვის, რომელიც ერთგულია, ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც ამოგირჩია”.
8 . ასე ამბობს უფალი: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგიფარებ და სახალხო აღთქმად დაგადგენ, რათა აღადგინო ქვეყანა და აოხრებული სამკვიდრებლები დაუბრუნო მემკვიდრეებს;
9 . რათა ტყვეებს უთხრა: გამოდით! და სიბნელეში მსხდომთ: გამოჩნდით! გზების გასწვრივ გამოიკვებებიან და ყველა მოშიშვლებულ სიმაღლეზე მათი საძოვარი იქნება.
10 . არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.
11 . ჩემს ყველა მთას გზად დავადგენ და მომაღლდებიან ჩემი ბილიკები.
12 . აჰა, ესენი შორიდან მოვლენ, ესენი - ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან”.
13 . იყიჟინეთ ცანო, და იმხიარულე ქვეყნიერებავ; ზარზეიმით შემოსძახეთ მთებო, ვინაიდან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალებს თავის ღატაკთ.
14 . ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!
15 . განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუმწოვარ შვილს; განა არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ!
16 . აჰა, ხელის გულებზე ამოგტვიფრე, შენი ზღუდეები მუდამ ჩემს წინაშეა.
17 . შენკენ მოისწრაფიან შენი ძენი და გავლენ შენგან შენი დამარბეველნი და ამაოხრებელნი.
18 . აღაპყარ ირგვლივ თვალები და შეხედე: ყველანი შეიკრიბნენ, შენთან მოვიდნენ. ცოცხალი ვარ! ამბობს უფალი, ყველა მათგანით მოირთვები, სამკაულივით მოიხდენ მათ, როგორც პატარძალი.
19 . ვინაიდან ახლა უკვე ვიწრო იქნება საცხოვრებლად შენი დაქცეული, აოხრებული ადგილები, შენი აკლებული ქვეყანა და ნანგრევები; შენი ჩამყლაპავნი კი მოშორდებიან.
20 . იტყვიან კიდეც შენს გასაგონად შენი დაკარგული შვილები: "ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, გაიწიე, რომ მეც დავსახლდე!”
21 . შენ კი გულში იტყვი: "ვინ მიშვა ესენი? მე ხომ დავკარგე შვილები, უთვისტომო ვიყავი, დევნილი და უკუგდებული; ესენი ვინ გაზარდა? აკი მარტო დავრჩი, სად იყვნენ ესენი?”
22 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, აღვმართავ ხელს ერებისკენ, ტომების წინაშე მოვამაღლებ ჩემს ბაირაღს და მოიყვანენ შენს ძეებს უბით და შენს ასულთ - მხრებით!
23 . მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და დედოფალნი - შენთვის ძუძუს მაწოვებელნი; პირქვე თაყვანს გცემენ მიწამდე და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ; გაიგებ, რომ მე უფალი ვარ, რომ არ შერცხვებიან ჩემი მომლოდინენი!
24 . თუ წაერთმევა ნადავლი ძლევამოსილს ან გამარჯვებულს თუ წაერთმევა ტყვეები?
25 . მაგრამ ასე ამბობს უფალი: "ძლევამოსილსაც წაართმევენ ტყვეებს და სასტიკსაც გამოაცლიან ნადავლს; შენს მოდავესთან კი მე ვიდავებ და გადავარჩენ შენს ძეებს.
26 . თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი - ძლიერი იაკობისა”.
1 . ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
2 . რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს - რაც არ აძღობს? ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.
3 . მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.
4 . აჰა, მოწმედ დაგადგინე ხალხთათვის, მთავრად და მბრძანებლად ერთათვის,
5 . აჰა, მოუხმობ ერს, რომელსაც არ იცნობდი და ერი, რომელიც არ გიცნობდა, გამოიქცევა შენთან, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის გულისთვის, ვინაიდან მან განგადიდა შენ.
6 . ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.
7 . მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
8 . რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! - ამბობს უფალი;
9 . და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები - თქვენს ზრახვებზე.
10 . რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;
11 . ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
12 . მხიარულებით გახვალთ და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი, მთანი და მაღლობნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.
13 . კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად - მურტი; და იქნება იგი უფლის სახსენებლად, მარადიულ ნიშნად და არ მოიკვეთება.
1 . და მითხრა უფალმა: "თვით მოსე და სამუელი რომ დადგნენ ჩემ წინაშე, აღარ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე; მომაშორე, წავიდნენ.
2 . და იქნება, როცა იკითხავენ, საით წავიდეთო? მაშინ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ვინც სასიკვდილო სენისთვისაა განწირული - სასიკვდილო სენისკენ, ვინც მახვილისთვის - მახვილისკენ, ვინც შიმშილისთვის - საშიმშილოდ და ვინც ტყვეობისთვის - ტყვეობაში!
3 . ოთხნაირი სასჯელი დაატყდებათ თავს, ამბობს უფალი, მახვილი - მოსაკლავად, ძაღლები - სათრევად, ცის ფრინველები და მიწის მხეცები - შესაჭმელად და მოსასპობად.
4 . საფრთხობელად ვაქცევ მათ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის, მენაშე ხიზკიას ძის, იუდას მეფის ნამოქმედარის გამო იერუსალიმში.
5 . ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო? ვინ გიგლოვებს? ვინ მობრუნდება შენი სიკეთის მოსაკითხად?
6 . აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.
7 . ფიწლით გაგფანტავ ქვეყნის კარიბჭეში, შვილებს წაგართმევ და მოგსპობ, ჩემო ხალხო, რადგან არ ბრუნდები შენი გზებიდან.
8 . ზღვაში ქვიშაზე მეტად გამიმრავლდა მისი ქვრივები; მოვაწევ მათი ჭაბუკების დედებს შუადღის მძარცველს, მოულოდნელად დავცემ მათზე ძრწოლასა და ელდას.
9 . გათანგულია შვიდი შვილის მშობელი, სულს ღაფავს; დღისით ჩაესვენა მისი მზე, შერცხვენილი და თავმოჭრილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მტრის წინაშე, ამბობს უფალი.
10 . ვაიმე, დედაჩემო, ვინაიდან მთელ ქვეყანასთან საკამათოდ და საჩხუბრად მშობე; ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის.
11 . და თქვა უფალმა: "ნამდვილად გიხსნი შენ სიკეთისთვის და ჭეშმარიტად შემოგევედრება მტერი გაჭირვების ჟამს!
12 . განა გატეხავს ვინმე რკინას? ჩრდილოეთის რკინასა და თითბერს?
13 . შენს სიმდიდრესა და საუნჯეს, საზღვრებში რომ გაქვს, საძარცვად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვის გამო.
14 . წავაყვანინებ შენს თავს შენი მტრების ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღენთო ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც თქვენზე აგიზგიზდა”.
15 . შენ იცი, უფალო. გამიხსენე, მომინახულე და შური იძიე ჩემ გამო ჩემს მდევნელებზე; შენი სულგრძელობით ნუ განმირისხდები. შენ იცი, რომ შენ გამო ვიტან დამცირებას.
16 . ვპოვე შენი სიტყვები და ვჭამე ისინი. სიხარულად მექცა შენი სიტყვები და გულის მხიარულებად, ვინაიდან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
17 . არც მოლაყბეთა წრეში ვმჯდარვარ და არც მიმხიარულია; შენი ხელის წინაშე ვიჯექი მარტოობაში, რადგან რისხვით ამავსე.
18 . რად გამიგრძელდა ტკივილი სამუდამოდ? რატომ არ ინკურნება ჩემი დამაუძლურებელი ჭრილობა? თითქოს მაცდურ წყაროდ და არასაიმედო წყლად მექეცი.
19 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
20 . მიუდგომელ სპილენძის გალავნად დაგადგენ ამ ხალხის წინაშე; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთან ვარ, შენს სახსნელად და გადასარჩენად! ამბობს უფალი.
21 . გამოგიხსნი ბოროტთა ხელიდან და გამოგისყიდი სასტიკთა ბრჭყალებიდან”.
1 . მითხრა: "ძეო კაცისავ, ჭამე, რასაც შენ წინ ხედავ. შეჭამე ეს გრაგნილი, მერე წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს”.
2 . გავაღე პირი და მან შემაჭამა ეს გრაგნილი.
3 . მითხრა: "ძეო კაცისავ! შეჭამე გრაგნილი, რომელსაც მე გაძლევ და მისით აივსე მუცელი”. მეც შევჭამე და თაფლივით დამიტკბა პირში.
4 . მითხრა: "ძეო კაცისავ! მიდი ისრაელის სახლთან და ელაპარაკე ჩემი სიტყვები.
5 . გაუგებარ და მძიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხთან კი არა, ისრაელის სახლთან გაგზავნი,
6 . არა გაუგებარ და მძიმე ენაზე მოლაპარაკე ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებდი. მათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ,
7 . ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.
8 . აჰა, გავამაგრებ შენს სახეს მათი სახის პირისპირ და შენს შუბლს მათი შუბლის პირისპირ.
9 . კაჟზე მაგარი ალმასივით გაგიმაგრე შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი, ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია”.
10 . მითხრა: "ძეო კაცისავ! ყველა სიტყვა, მე რომ გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურადღებით მოისმინე.
11 . წადი, მიდი დევნილებთან, შენი ხალხის ძეებთან, ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; უნდათ მოისმინონ, უნდათ ნუ მოისმენენ”.
12 . ამის შემდეგ სულმა ამიყვანა და მომესმა ჩემს უკან ძლიერი გრუხუნის ხმა: "კურთხეულ იყოს უფლის დიდება მისი სამყოფელიდან”.
13 . ეს იყო არსებების ფრთების ხმა, ერთმანეთს რომ ეხებოდნენ, მათ გვერდით ხმა ბორბლებისა და ძლიერი გრუხუნის ხმა.
14 . სულმა ამიყვანა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული და გაჯავრებული სულით. უფლის ხელი ძლიერად იყო ჩემზე.
15 . მივედი დევნილებთან თელ-აბიბში, მდინარე ქებართან რომ ცხოვრობენ. გაოგნებული ვიჯექი იქ შვიდ დღეს, მათ შორის.
16 . შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემ მიმართ:
17 . "ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ. ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
18 . როცა ბოროტმოქმედს ვეტყვი: უსათუოდ მოკვდები-მეთქი! მაგრამ შენ არ გააფრთხილებ და არაფერს ეტყვი, რომ თავის ბოროტ გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მის სისხლს შენგან მოვიკითხავ.
19 . მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტმოქმედს, ის კი არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.
20 . ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ.
21 . თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, უსათუოდ იცოცხლებს, რადგან მიიღო გაფრთხილება, შენ კი თავს იხსნი”.
22 . იყო იქ ჩემზე უფლის ხელი და მითხრა: "ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები”.
23 . ავდექი, გავედი ველზე და, აჰა, უფლის დიდება იდგა იქ, იმ დიდების მსგავსი, მდინარე ქებარის პირას რომ ვიხილე; პირქვე დავემხე.
24 . შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა; მელაპარაკა; მითხრა: "წადი და ჩაიკეტე შენს სახლში,
25 . ძეო კაცისავ! აჰა, გაგთოკავენ და ისე შეგკრავენ, რომ ვეღარ გახვიდე მათ შორის.
26 . სასას მივაკრავ შენს ენას და დამუნჯდები, აღარ ეყოლები მათ მამხილებელ კაცად, რადგან მეამბოხენი არიან ისინი.
27 . როცა დაგელაპარაკები, პირს გაგიხსნი და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. მსმენელმა მოისმინოს, ხოლო ვისაც არ სურს მოსმენა, ნუ მოისმენს, რადგან მეამბოხენი არიან ისინი!”
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
1 . როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო,
2 . თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,
3 . დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4 . გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 . მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6 . და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 . მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”
8 . რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.
9 . სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.
10 . უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
11 . უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 . ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”
13 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 . ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
15 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.
16 . უთხრა იესომ: "წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი”.
17 . დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,
18 . რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.
19 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 . ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21 . იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 . თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 . მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 . ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
25 . უთხრა დედაკაცმა: "ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
26 . იესომ უთხრა: "მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
27 . ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 . დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა:
29 . "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?”
30 . გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 . ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: "რაბი, ჭამე!”
32 . იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.
33 . მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.
35 . განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 . მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37 . ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38 . მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.
39 . იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 . ამიტომ სამარიელები მასთან რომ მოვიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ.
41 . კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
42 . იმ დედაკაცს კი უთხრეს: "უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
43 . ორი დღე რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა.
44 . თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არა აქვს;
45 . მაგრამ გალილეაში რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში დღესასწაულზე მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46 . ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.
47 . როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 . იესომ უთხრა: "არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”.
49 . მეფის მოხელემ მიუგო: "უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”.
50 . უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.
51 . შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.
52 . გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.
53 . მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54 . ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
1 . ამ ამბების შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და იესო იერუსალიმში ავიდა.
2 . იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და ხუთი დერეფანი აქვს,
3 . მათში იწვა ძალიან ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ.
4 . დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა. წყალი რომ აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა.
5 . იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით.
6 . იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: "გინდა გამოჯანმრთელდე?”
7 . მიუგო ავადმყოფმა: "უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”.
8 . უთხრა იესომ: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე”.
9 . იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.
10 . ამიტომ იუდევლებმა განკურნებულს უთხრეს: "შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა გაქვს”.
11 . მან კი მიუგო: "ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო”.
12 . ჰკითხეს, ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?
13 . განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ხალხს შეერია.
14 . ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: "აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.
15 . ის კაცი წავიდა და უთხრა იუდევლებს, რომ იესომ განკურნა.
16 . იუდევლებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
17 . მან კი მიუგო: "მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
18 . ამიტომ იუდევლები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
19 . უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
20 . რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.
21 . რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.
22 . არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,
23 . რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
25 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
26 . რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27 . განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.
28 . ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.
29 . კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.
30 . ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31 . თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32 . სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.
33 . თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება.
34 . თუმცა ადამიანისგან მოწმობას არ ვიღებ, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
35 . იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.
36 . მე კი იოანეზე აღმატებული მოწმობა მაქვს; რადგან საქმენი, რომლებიც მამამ მომცა აღსასრულებლად და თვით, ჩემ მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემ შესახებ, რომ მამამ მომავლინა.
37 . და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.
38 . მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.
39 . წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
40 . ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41 . ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას,
42 . მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.
43 . მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
44 . როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?
45 . ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ.
46 . რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.
47 . ჰოდა, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა იწამებთ?”
1 . ამის შემდეგ, იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა გავიდა.
2 . უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, ავადმყოფებზე რომ ახდენდა.
3 . იესო ავიდა მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
4 . ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
5 . გაიხედა იესომ და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან. ჰკითხა ფილიპეს: "სად ვიყიდოთ პური, რომ მათ ვაჭამოთ?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა.
7 . მიუგო ფილიპემ: "თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც რომ ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ”.
8 . ერთ-ერთმა მის მოწაფეთაგან, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ უთხრა:
9 . "აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?”
10 . თქვა იესომ: "დასხით ხალხი”. იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა.
11 . იესომ პურები აიღო, მადლი შესწირა და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი - იქ მსხდომთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.
12 . რომ დანაყრდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: "მოაგროვეთ ნარჩენები, რომ არაფერი დაიკარგოს”.
13 . მოაგროვეს და თორმეტი გოდორი აავსეს, ქერის იმ ხუთი პურის ნარჩენით, ჭამის შემდეგ რომ დარჩა.
14 . მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: "ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”.
15 . იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.
16 . მოსაღამოვებულზე მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ,
17 . ავიდნენ ნავზე და გაღმა, კაპერნაუმისკენ გაემართნენ. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
18 . ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვა აღელდა.
19 . ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, ზღვაზე მომავალი იესო დაინახეს, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ;
20 . მან კი უთხრა მათ: "მე ვარ, ნუ გეშინიათ”.
21 . უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი, მაგრამ ნავი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, საითაც მიცურავდნენ.
22 . მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგარმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ; იესო კი არ მჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.
23 . ტიბერიიდან სხვა ნავებიც მოცურდნენ იმ ადგილის მახლობლად, სადაც პური ჭამეს, მას შემდეგ, რაც უფალმა მადლობა შესწირა.
24 . დაინახა ხალხმა, რომ იქ აღარც იესო იყო და აღარც მისი მოწაფეები, ამიტომ თავადაც ჩასხდნენ ნავებში და კაპერნაუმში მივიდნენ იესოს საძებნელად.
25 . ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, ჰკითხეს: "რაბი, აქ როდის მოხვედი?”
26 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სასწაულის გამო კი არ მეძებთ, რომელიც იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
27 . ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.
28 . ჰკითხეს: "როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?”
29 . იესომ მიუგო: "ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.
30 . ამაზე უთხრეს: "რა ნიშანს გვაჩვენებ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?
31 . ჩვენი მამები მანნას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც წერია: ზეციდან მისცა მათ პური საზრდოდ”.
32 . იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
33 . რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.
34 . მაშინ უთხრეს: "უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური”.
35 . უთხრა მათ იესომ: "მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.
36 . მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ.
37 . ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა; ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
38 . რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
39 . ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40 . ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.
41 . დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: "მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”.
42 . ამბობდნენ: "ეს ხომ იესოა, იოსების ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?”
43 . უთხრა მათ იესომ: "ნუ დრტვინავთ ერთმანეთში.
44 . არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
45 . წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
46 . იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა.
47 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
48 . მე ვარ პური სიცოცხლისა.
49 . თქვენმა მამებმა მანნა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ.
50 . ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს.
51 . მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”.
52 . კამათობდნენ იუდევლები ერთმანეთში და ამბობდნენ: "როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?”
53 . იესომ უთხრა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ ჭამთ ძე კაცისას ხორცს და არ სვამთ მის სისხლს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში.
54 . ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
55 . რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელია.
56 . ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი - მასში.
57 . როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს.
58 . ეს არის ზეციდან ჩამოსული პური; ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანნა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს”.
59 . ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60 . ამის მოსმენისას, მის მოწაფეთაგან ბევრი ამბობდა: "მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?”
61 . იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: "ეს გაცდუნებთ თქვენ?
62 . მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო?
63 . სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.
64 . მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65 . უთხრა: "ამიტომ გეუბნებოდით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული”.
66 . ამის შემდეგ ბევრი მის მოწაფეთაგან უკან გაბრუნდა და აღარ მისდევდა მას.
67 . უთხრა თორმეტს იესომ: "თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?”
68 . მიუგო სიმონ-პეტრემ: "უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
69 . ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
70 . უთხრა მათ იესომ: "განა თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია”.
71 . ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას, თორმეტთაგან ერთ-ერთს, უნდა გაეცა იგი.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
2 . საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3 . ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
4 . ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა - ურჯულოებაა.
5 . ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.
6 . ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს; ყოველ შემცოდეს არ უხილავს და არ იცნობს მას.
7 . შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
8 . ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.
9 . ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.
10 . ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
11 . რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
12 . მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
13 . ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.
14 . ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
15 . ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასში მკვიდრობს.
16 . იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
17 . ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
18 . შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
19 . ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე.
20 . რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
21 . საყვარელნო! თუ გული არ გვდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
22 . და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.
23 . ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
24 . მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.
1 . ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2 . რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3 . ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4 . რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;
5 . ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
6 . რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა.
7 . იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
8 . ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.
9 . ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10 . და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11 . და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
12 . ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;
13 . ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14 . რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
15 . ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!”
16 . სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17 . ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.
18 . ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.
19 . ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას.
20 . რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით,
21 . რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.
22 . ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;
23 . და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.
24 . ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
25 . ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26 . ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27 . ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28 . ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
29 . ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;
30 . ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.
31 . ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
32 . ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?
33 . ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
34 . და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.
35 . ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36 . როგორც წერია: "რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”.
37 . მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38 . და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი,
39 . ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, ეფესოში მყოფ წმიდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში:
2 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
3 . კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
4 . როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
5 . წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
6 . თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,
7 . რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
8 . რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
9 . გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.
10 . რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;
11 . მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
12 . რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
13 . მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,
14 . რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
15 . ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
16 . არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
17 . რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
18 . და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;
19 . და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,
20 . რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;
21 . ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლებაზე და ყოველგვარ სახელზე მაღლა, რაც კი წოდებულა არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც.
22 . და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
23 . რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
1 . ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კიდეზე მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც დედამიწის ოთხი ქარი ეჭირათ, რომ არ ექროლა ქარს არც დედამიწაზე, არც ზღვაზე და არც რაიმე ხეზე.
2 . და ვიხილე მზის აღმოსავლიდან ამომავალი სხვა ანგელოზი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე, რომელმაც დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც უფლება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ დედამიწისა და ზღვისთვის,
3 . და უთხრა: "ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.
4 . და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ასორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული ისრაელიანთა ყველა ტომიდან;
5 . იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;
6 . აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;
7 . სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი;
8 . ზებულონის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.
9 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.
10 . დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: "ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის, და კრავს!”
11 . ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს
12 . და ამბობდნენ: "ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”
13 . შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: "ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?”
14 . ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: "ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
15 . ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.
16 . აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.
17 . ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
1 . და ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ზეციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით; მისი სახე იყო, როგორც მზე, ხოლო ფეხები - როგორც ცეცხლის სვეტები.
2 . ხელში გადაშლილი მომცრო წიგნი ეჭირა, მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა - მიწას;
3 . და დაიღრიალა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და რომ დაიღრიალა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.
4 . და როცა ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, ჩაწერა დავაპირე, მაგრამ ჩამომესმა ხმა ზეციდან, რომელმაც მითხრა: "დაბეჭდე, შვიდი ქუხილის ნათქვამი და ნუ ჩაწერ ამას”.
5 . ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;
6 . და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.
7 . მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.
8 . ხმა, ზეციდან რომ მესმა, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: "მიდი და აიღე გადაშლილი მომცრო წიგნი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგარ ანგელოზს უჭირავს ხელში”.
9 . მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: "მომეცი მომცრო წიგნი”. მან მითხრა: "აიღე და შეჭამე იგი, და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბილება”.
10 . ავიღე მომცრო წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და პირში თაფლივით ტკბილი იყო; მაგრამ შევჭამე და მუცელი გამიმწარდა.
11 . მითხრა: "კვლავ მოგიწევს იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე”.
1 . და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა.
2 . მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.
3 . მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.
4 . იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ.
5 . ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
6 . და მითხრა: "სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
7 . "აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს”.
8 . და მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, ყოველივე ეს რომ მაჩვენა, რათა თაყვანი მეცა.
9 . მითხრა: "ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე, თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა; და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.
10 . და მითხრა: "ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო.
11 . დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმინდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს.
12 . "აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
13 . მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული”.
14 . ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
15 . მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
16 . "მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი”.
17 . სული და სასძლო ამბობენ: "მოდი!” გამგონემაც თქვას: "მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
18 . და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
19 . თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
20 . ამის დამმოწმებელი ამბობს: "ჰე, მალე მოვალ!” ამინ, ჰე, მოდი, უფალო იესო!
21 . ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან, ამინ!