1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2 . არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
3 . რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
4 . არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
5 . ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
6 . არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
7 . ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
8 . მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
9 . ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
10 . ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
11 . ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
12 . ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
13 . ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
14 . უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
15 . და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
16 . იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
17 . ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
18 . ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
19 . შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
20 . და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
21 . მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
1 . 1. წიგნი მეორე ეზრა წინასწარმეტყველისა ძისა სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხელკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, 2. ძისა ახიასი, ძისა ფინხასისა, ძისა ელიასი, ძისა ამარიასი, ძისა ასიელისა, ძისა მერიმოთისა, ძისა არნასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბორითისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, 3. ძისა აარონისა ლევის მოდგმიდან, რომელიც იყო დატყვევებული მიდიელთა ქვეყანაში, არტაქსერქსეს, სპარსეთის მეფის დროს. 4. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი, 5. წადი და აუწყე ჩემს ხალხს მათი ბოროტმოქმედება და მათი შვილების უკეთურებანი, ჩემს წინააღმდეგ მომართული, რათა ეუწყოს მათ შვილებს. 6. რადგან ღვივდება მათში მშობლების ცოდვები; ჩემი დამვიწყებელნი უცხო ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს. 7. განა მე არ გავიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან? მათ კი განმარისხეს მე და შეიძულეს ჩემი რჩევები. 8. ხოლო შენ მოიკვეცე თმა და დააყარე მას ყოველგვარი უკეთურება, რადგან არ ემორჩილება ჩემს რჯულს გაჯიუტებული ხალხი. 9. როდემდის მოვუთმინო მათ, ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია? 10. დავამხე მათ განსადიდებლად ურიცხვი მეფე, შევმუსრე ფარაონი, მისი მორჩილნი და მთელი მისი ლაშქარი. 11. მრავალი ტომი მათ თვალწინ აღვგავე მიწის პირიდან, აღმოსავლეთში ორი მხარის - ტვიროსისა და ციდონის ხალხი გავფანტე; მათ მტრებსაც, ყველას გავავლე მუსრი. 12. შენ კი უნდა უთხრა მათ: ამას გაუწყებთ-თქო უფალი. 13. განა მე არ გამოგიყვანეთ ზღვით და მისი მტკიცე გზა გამოგიჩინეთ? მე არ მოგეცით წინამძღოლად მოსე და მღვდელი აარონი? 14. დაგიდგინეთ ცეცხლის ნათელი სვეტად და ბევრი სასწაულიც მოგივლინეთ. თქვენ კი დამივიწყეთ მე, ამბობს უფალი. 15. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: მწყერი ნიშნად გქონდათ, სიმაგრედ და საფარველად მოგეცით და იქაც ბუზღუნებდით. 16. არ ზეიმობდით ჩემთ სახელით თქვენს მტერთა განადგურებას, არამედ დღემდე ბუზღუნებთ. 17. სად არის წყალობანი, რაც მოგანიჭეთ? განა უდაბნოში დამშეულნი არ შემომღაღადებდით? 18. ამბობდით: ნუთუ დასაღუპად მოგვიყვანე ამ უდაბნოში? განა ეგვიპტელთა მორჩილება არ გვერჩია ამ უდაბნოში სიკვდილსო? 19. მე შემაწუხა თქვენმა ოხვრა-კვნესამ და მოგეცით მანანა საჭმელად, ანგელოზთა პურით გკვებავდით. 20. განა თქვენთვის არ გავხეთქე ქვა, როცა გწყუროდათ, და არ გადმოჩქეფა უხვად წყალმა? ხვატისაგან ხეთა ფოთლებით დაგფარეთ. 21. დაგინაწილეთ ნაყოფიერი მიწები; ქანაანელები, ფერიზეველები და ფილისტიმელები თქვენს თვალწინ შევმუსრე და მეტი რაღა გიყოთ? ამბობს უფალი. 22. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: როცა ისხედით უდაბნოში მორეველთა მდინარის წყლით დარწყულებულნი და გმობდით ჩემს სახელს, 23. გმობის სანაცვლოდ ცეცხლი არ მომივლენია თქვენთვის, არამედ ძელი ჩავუშვი მდინარეში და დავატკბე წყალი. 24. შენ რა გიყო, იაკობ? არ გსურს მორჩილება, იუდა. მეც სხვა ხალხთან წავალ, მათ მივცემ ჩემს სახელს, რათა დაიცვან ჩემი მცნებები. 25. რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ შეგიწყალებთ. 26. მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად. 27. მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი. 28. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები. 29. რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ - შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი. 30. ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან. 31. ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები, ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე. 32. გიგზავნით ჩემს შვილებს - წინასწარმეტყველებს, თქვენ კი შეიპყრობთ მათ და ხოცავთ და ხორცს უგლეჯთ; სისხლს მე მოვიკითხავ, ამბობს უფალი. 33. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: უკაცრიელია თქვენი სახლი და გაგფანტავთ, როგორც ბზეს ფანტავს ქარი. 34. შვილები ვეღარ შექმნიან შთამომავლობას, რადგან უარყვეს ჩემი მცნება და ბოროტს სჩადიოდნენ ჩემს წინაშე. 35. მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს. 36. წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს. 37. მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ, ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს. 38. ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან მომავალი, 39. რომელსაც მივცემ წინამძღოლად აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას, ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას, 40. ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც უფლის ანგელოზადაც არის წოდებული.