1 .
"აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ყურად იღე ყოველი ჩემი გამონათქვამი.
2 .
აჰა, გავხსენი ბაგე და ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს პირში;
3 .
გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;
4 .
ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.
5 .
თუ ძალგიძს - მიპასუხე, მოემზადე და წინ დამიდექი;
6 .
აჰა, მეც შენსავით ვარ ღმერთის წინაშე, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.
7 .
აჰა, ჩემი შიში შენ არ შეგაშინებს და ჩემი ხელი შენ არ დაგამძიმებს;
8 .
აკი ეუბნებოდი ჩემს ყურს და შენი სიტყვების ხმა გავიგონე:
9 .
სუფთა ვარო და უცოდველი, უმწიკვლო და უდანაშაულო;
10 .
მაგრამ მინახაო საბაბი და თავის მტრად შემრაცხა;
11 .
ბორკილები დამადოო ფეხებზე და ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდება!
12 .
აი, ამაში არა ხარ მართალი. გიპასუხებ - რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
13 .
რატომ ეპაექრები? თავის არც ერთ ნამოქმედარზე არ ჩაგაბარებს ანგარიშს.
14 .
ვინაიდან ერთხელ იტყვის ღმერთი და ორჯერ, მაგრამ ვერავინ ამჩნევს.
15 .
სიზმარში, ღამის ხილვაში, როცა სარეცელზე თვლემს კაცი და ძილქუში ეცემა.
16 .
მაშინ უხსნის ადამიანებს ყურებს და თავის შეგონებებს ბეჭდავს მათში,
17 .
რომ ბოროტი საქმისგან მოაბრუნოს იგი და ამპარტავნებისგან იხსნას კაცი,
18 .
რათა იხსნას იგი შავეთისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
19 .
ტკივილით შეაგონებს თავის სარეცელზე და არ უამდება ძვლები,
20 .
ისე რომ პური შესძაგდება მის სიცოცხლეს და მის სულს - სანატრელი საჭმელი.
21 .
დადნება მისი ხორცი, აღარ გამოჩნდება და გამოჩნდებიან მისი ძვლები, რომლებიც არ ჩანდნენ.
22 .
საფლავს მიუახლოვდება იგი და მისი სიცოცხლე - სიცოცხლის მომსწრაფველებს;
23 .
მაგრამ, თუ აღმოჩნდება ათასში ერთი ანგელოზი, მისი მეოხი, რომ შეახსენოს კაცს, რა არის სიმართლე,
24 .
შეიწყალებს მას და იტყვის: "იხსენი იგი საფლავისგან: მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!”
25 .
ყმაწვილკაცივით განუახლდება ხორცი და სიჭაბუკის წლებს დაუბრუნდება;
26 .
შესთხოვს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას, სიხარულით შეხედავს მის სახეს და სიმართლეს აღუდგენს კაცს.
27 .
შეხედავს ადამიანებს და იტყვის: შევცოდე და სწორი გავაუკუღმართე, მაგრამ საზღაური არ მომაგო.
28 .
ორმოში ჩასვლისგან გამომისყიდა და სინათლეს იხილავს სიცოცხლე ჩემი.
29 .
აჰა, ამ ყოველივეს ხანდახან სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს.
30 .
რომ გამოაბრუნოს მისი სული ორმოდან და სიცოცხლის სინათლით განათლდეს იგი.
31 .
ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
32 .
თუ რამ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, რადგან შენი გამართლება მწადია.
33 .
და თუ არა - მე მომისმინე, დადუმდი და გასწავლი სიბრძნეს”.