1 .
იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2 .
დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: "აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.
3 .
იესომ უპასუხა: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?
4 .
როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?
5 .
ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?
6 .
ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
7 .
თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
8 .
რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
9 .
წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.
10 .
და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
11 .
მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?
12 .
ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.
13 .
და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
14 .
ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15 .
იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა,
16 .
და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა.
17 .
რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 .
"აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.
19 .
არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
20 .
ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;
21 .
და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
22 .
მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
23 .
მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”
24 .
ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
25 .
იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
26 .
თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27 .
თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.
28 .
მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
29 .
ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.
30 .
ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
31 .
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32 .
ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33 .
ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.
34 .
იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35 .
კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
36 .
თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37 .
რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.
38 .
მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.
39 .
მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
40 .
რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.
41 .
ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
42 .
სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
43 .
როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.
44 .
მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
45 .
მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.
46 .
როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.
47 .
მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.
48 .
მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”
49 .
გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
50 .
რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.