1 . დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
2 . ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
3 . ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
4 . შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
5 . წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
6 . გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.
7 . ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
8 . კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
9 . წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
10 . ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
11 . შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
12 . ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
13 . მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
14 . საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
15 . ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
16 . გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.
17 . განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
18 . შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
19 . შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
20 . შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.
21 . უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
22 . იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.
1 . მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
2 . ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
3 . როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
4 . რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
5 . ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.
6 . ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.
7 . შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.
8 . გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
9 . ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
10 . მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
11 . იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ,როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
2 . მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
3 . რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
4 . შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
5 . აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
6 . აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
7 . მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
8 . მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
9 . სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
10 . სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
11 . ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
12 . დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
13 . ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
14 . მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
15 . უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
16 . რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
17 . შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
18 . კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
19 . მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
1 . ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
2 . მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს.
3 . დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
4 . სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.
5 . როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
6 . გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
7 . რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
8 . ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
9 . დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
10 . რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა.
11 . მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
12 . დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.
13 . ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითისფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
2 . რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
3 . რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
4 . ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
5 . მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
6 . დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
7 . განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
8 . იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.
9 . დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
10 . იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
11 . მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
12 . ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.
13 . გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
14 . გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
15 . იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
16 . იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
17 . და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.
18 . და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.
19 . იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.
20 . ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.
21 . ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
22 . რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.
23 . ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
24 . მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
25 . და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
26 . შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
27 . დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.
28 . ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
29 . შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
30 . შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.
31 . რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
1 . და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.
2 . რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
3 . და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
4 . ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
5 . ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
6 . სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
7 . მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
8 . გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
9 . მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
10 . შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
11 . და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
1 . იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე.
2 . რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;
3 . რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
4 . ამას გწერთ იმისთვის, რომ სრული იყოს თქვენი სიხარული.
5 . აჰა, უწყება, რომელიც მისგან მოვისმინეთ და თქვენ გაუწყებთ: ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
6 . თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.
7 . ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.
8 . თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9 . თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
10 . თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
2 . მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე- სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
3 . რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
4 . გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
5 . შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
6 . შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
7 . შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
8 . და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
9 . შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
10 . რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
11 . ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.
12 . გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.
13 . რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
14 . მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
15 . შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან.
16 . უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.
17 . უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში.
18 . დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.
19 . რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.
20 . შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან.
21 . კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში.
22 . და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
23 . შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
24 . გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
1 . უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
2 . შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
3 . ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
4 . შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
5 . რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
6 . მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
7 . დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
8 . განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
9 . ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
10 . გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.
1 . გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
2 . რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
3 . უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
4 . თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
5 . დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
6 . აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
7 . გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
8 . უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
9 . შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
10 . ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
11 . ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
12 . მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
13 . მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
14 . აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
15 . ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
16 . მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
17 . ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
1 . დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
2 . მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
3 . ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
4 . მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
5 . რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
6 . ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
7 . უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
8 . უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
1 . პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.
2 . მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
3 . კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
4 . უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
5 . ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
6 . ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
7 . რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
8 . ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით,
9 . რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს - სულის ხსნას,
10 . ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ.
11 . იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
12 . რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
13 . ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
14 . როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
15 . არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
16 . ვინაიდან დაწერილია: "იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”.
17 . თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.
18 . რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,
19 . არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
20 . რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
21 . ვინც მის მიერ იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
22 . და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
23 . რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ.
24 . რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
25 . უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.