1 . უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
2 . შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
3 . ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
4 . შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
5 . რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
6 . მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
7 . დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
8 . განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
9 . ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
10 . გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.
1 . ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
2 . უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
3 . უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.
4 . უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.
5 . რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.
6 . და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.
7 . შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
8 . შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
9 . რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ?
10 . უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
11 . შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
12 . ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.
1 . გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს პირდაპირ.
2 . დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
3 . გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
4 . მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
5 . აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
6 . ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
7 . და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.
8 . ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.
9 . დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
10 . ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
11 . თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.
12 . მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა- პაპანი.
13 . განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
1 . გალობა.ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდისლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.
2 . მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
3 . რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
4 . შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
5 . მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
6 . მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
7 . მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
8 . შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
9 . თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.
10 . ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
11 . განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?
12 . შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
13 . მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
14 . რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
15 . ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
16 . თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
17 . გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
18 . შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.
1 . და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.
2 . რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
3 . და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
4 . ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
5 . ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
6 . სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
7 . მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
8 . გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
9 . მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
10 . შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
11 . და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
1 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: "ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”
2 . კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს;
3 . ამბობდა: "გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4 . და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა:
5 . "წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: "შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
6 . დაგიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს და დავიცავ ამ ქალაქს”.
7 . ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ შეასრულებს უფალი სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა:
8 . "აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.
9 . ხიზკიაჰუს, იუდას მეფის წერილი, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან.
10 . ვთქვი: "ჩემი ცხოვრების შუაძალს შავეთის კარიბჭეში შევდივარ; წამერთვა დარჩენილი წლები”.
11 . ვთქვი: "ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის.
12 . მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.
13 . დილამდე ველოდი, ლომივით შემიმუსრა ყველა ძვალი, დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი;
14 . როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;
15 . რა ვთქვა? მითხრა და თვითონვე აღასრულა; ვიხეტიალებ მთელი წლები სულის სიმწარეში.
16 . უფალო! ამით ცოცხლობენ ადამიანები და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე; გამაჯანსაღე და გამაცოცხლე.
17 . აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
18 . რადგან საფლავი ვერ შეგაქებს, სიკვდილი ვერ შეგასხამს ხოტბას და საფლავში ჩამავალნი ვერ დაიმედდებიან შენს ერთგულებაზე.
19 . ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
20 . უსათუოდ გადამარჩენს უფალი და ჩვენც ავაჟღერებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში”.
21 . თქვა ესაიამ: "მოუტანეთ ლეღვის კვერი, დაადეთ წყლულზე და იცოცხლებს”.
22 . თქვა ხიზკიაჰუმ: "რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?”
1 . 1. უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი. 2. განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა ხელმწიფება მიწიერებზე. 3. მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი. 4. ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე. 6. მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა შეეცნოთ ისინი. 7. აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი. 8. დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ. 10. რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ. 11. წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა. 12. საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები. 13. დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა. 14. უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ. 15. მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს. 17. ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია. 19. მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ გზებზეა მისი თვალები. 20. არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშე. 22. როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს. 23. შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს. 24. ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ, რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე. 25. მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და უკელი შეცოდებებს. 26. ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ შეიძულე სისაძაგლე. 27. ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი. 28. მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს. 29. რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა! 30. ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა. 31. რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი. 32. ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.
1 . 1. დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე. 2. არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით; 3. რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა. 4. მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა. 5. აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა. 6. უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს. 7. ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ. 8. არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან. 9. ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ. 10. არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე. 11. და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს; 12. შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო. 13. აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ. 14. შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს; 15. რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას. 16. უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე, 17. გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს, 18. არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო. 19. არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო, 20. რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ 21. ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას; 22. ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს, 23. შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება. 24. მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან. 25. და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი. 26. დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო, 27. და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით, 28. როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ 29. თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ. 30. ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე. 31. და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად. 32. განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს. 33. და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე, 34. და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; 35. დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას.