1 . განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2 . „ცოტა მაცალე და გაიგებ, რომ ჯერ კიდევ არის ღვთის სასარგებლოდ სათქმელი სიტყვები.
3 . შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და სიმართლეს მივაგებ შემოქმედს,
4 . რადგან ნამდვილად არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში; რადგან ცოდნაში უნაკლო შენს წინაშეა.
5 . აჰა, ძლიერია ღმერთი და არავინ სძულს; ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი.
6 . დიდხანს არ აცოცხლებს ბოროტეულს და სამართალს მიაგებს ჩაგრულთ;
7 . თვალს არ მოაშორებს მართლებს, აღამაღლებს მათ და მეფეთა ტახტზე დასვამს სამარადისოდ.
8 . და თუ ვინმეს ბორკილები ადევს ან ტანჯვის საბელით არის შეკრული,
9 . გამოუცხადებს მათ თავიანთ ნამოქმედარს და დანაშაულს, რადგან გაამაყდნენ ისინი;
10 . ყურებს გაუხსნის შეგონებისთვის და უბრძანებს, რომ განუდგნენ ბოროტებას.
11 . თუ გაუგონებენ და ემსახურებიან, კურთხევაში დაასრულებენ დღეებს და წლებს - ნეტარებაში.
12 . და თუ არ გაუგონებენ - მახვილით დაეცემიან და უმეცრებაში დაიხოცებიან.
13 . 13 უღმერთო გული რისხვით აღიძვრება, შველას არ ითხოვს, როდესაც ბორკავს მას.
14 . ახალგაზრდობაშივე კვდებიან და მათი სიცოცხლე თავდება საკერპოს მეძავებში.
15 . ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით და თრგუნვისას ყურს უხსნის მათ.
16 . შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე, სადაც არ არის წუხილი და შენი სუფრაც გაივსებოდა მსუყე საჭმელებით.
17 . მაგრამ უკეთური განკითხვით ავსებულხარ, განსჯა ჩაგჭიდებია შენ და მართლმსაჯულება.
18 . გაფრთხილდი, ბრაზმა მასხარად არ გაქციოს და დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგახვევინოს.
19 . გიშველის ყვირილი გასაჭირში, ოქრო ან მთელი შენი ძალისხმევა?
20 . ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან;
21 . გაფრთხილდი, რომ არ მიუბრუნდე ავკაცობას, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
22 . აჰა, ღმერთი თავისი ძლიერებითაა ამაღლებული, ვინ არის მისი მსგავსი მასწავლებელი?
23 . ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს: დანაშაული ჩაიდინეო?
24 . გახსოვდეს, რომ შენ უნდა ადიდო მისი საქმე, რომელსაც ხალხი უგალობს.
25 . ყველა ადამიანს უნახავს მისი საქმე და შორიდანვე ამჩნევს მას კაცი.
26 . აჰა, ამაღლებულია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, ვინ გამოიკვლევს მის წელთა რიცხვს.
27 . შეკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ნისლად ასხურებს მათ,
28 . ღვრიან მათ ღრუბლები და უხვად ესხურება ადამიანს.
29 . თუ ხვდება ვინმე ღრუბლების გაშლას, ქუხილს - მისი კარვიდან?
30 . რადგან ამით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს.
31 . რადგან ამით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს.
32 . ხელისგულებს ელვით ივსებს და უბრძანებს, ვინ განგმიროს.
33 . ქუხილი გვაუწყებს მასზე და ჯოგი - გრიგალის ამოვარდნას.
1 . იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
2 . ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
3 . უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
4 . რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
5 . უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
6 . უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
7 . შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
8 . ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
9 . რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
10 . უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
11 . აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
12 . ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
13 . ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
14 . თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15 . მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.
16 . მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
17 . უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
18 . აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
19 . რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
20 . ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
21 . რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
22 . იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.
1 . გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
2 . ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
3 . ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
4 . ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
5 . რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
6 . ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
7 . უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
8 . დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
9 . ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
10 . ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი?
11 . რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.
2 . რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3 . თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
4 . უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
5 . უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
6 . ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
7 . რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
1 . ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
2 . შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.
3 . შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
4 . ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
5 . გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
6 . მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
7 . გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.
8 . შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
9 . ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
10 . ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
11 . ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ.
12 . ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.
13 . აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.
14 . იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
15 . მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
2 . შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
3 . რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
4 . სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
5 . დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
6 . შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.
7 . რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
8 . შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
9 . ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
10 . შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
11 . რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
12 . ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
13 . ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
1 . ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,
2 . იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.
3 . ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,
4 . არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.
5 . ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
6 . როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7 . ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
8 . და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
9 . ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
10 . რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
11 . ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,
12 . რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
13 . ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
14 . მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
15 . წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
16 . კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.
17 . რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია კარგი საქმეების გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტ საქმეთა გამო.
18 . რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19 . რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -
20 . ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;
21 . ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,
22 . რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.