1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2 . "ამაო სიტყვებს უნდა ამბობდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
3 . განა უნდა კამათობდეს უსარგებლო სიტყვებით და ლაპარაკით, რომელშიც არავითარი სიკეთე არ არის?
4 . ღვთის შიში მოგიშორებია და აკნინებ მის წინაშე ლოცვას,
5 . შენივე დანაშაული წარმართავს შენს ბაგეს და ცბიერთა ენა ამოირჩიე.
6 . შენივე პირი გდებს ბრალს, მე კი არა, შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7 . პირველშობილი ხომ არ ხარ კაცთა შორის, მთებზე უწინ ხომ არ შექმნილხარ?
8 . ღვთის საიდუმლო ხომ არ ისმინე და მისი სიბრძნე ხომ არ მიისაკუთრე?
9 . რა იცი შენ, რაც ჩვენ არ ვიცით? ისეთი რა გაიგე, რაც ჩვენ არ გვესმის?
10 . ჭაღარაც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე მეტი დღეების მქონე.
11 . ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
12 . რად გიტაცებს შენი გული და თვალებს რატომ ახამხამებ?
13 . რად წარმართავ შენს სულს ღვთის წინააღმდეგ და ასეთ სიტყვებს წარმოთქვამ შენი ბაგედან?!
14 . რა არის კაცი, რომ წმიდა იყოს? ან მართლობდეს დედაკაცის მიერ შობილი?
15 . აჰა, თავის წმინდანებსაც არ ენდობა და ცანიც არ არიან სუფთა მის თვალში.
16 . მით უმეტეს საძაგელი და გახრწნილი კაცი, წყალივით რომ სვამს უსამართლობას.
17 . გეტყვი და მომისმინე, რაც ნანახი მაქვს, გეტყვი.
18 . რაც სმენიათ ბრძენებს და არ დაუფარავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
19 . მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, უცხოს არ გაუვლია მათ შორის.
20 . ურჯულო მთელი ცხოვრება იტანჯება; დათვლილია მტარვალთა წელთა რიცხვი,
21 . შიშის ზარია მის ყურებში და მშვიდობის ჟამსაც მიუვა გამანადგურებელი.
22 . იმედი არა აქვს, რომ სიბნელეს გაექცევა; მახვილისთვის არის განწირული.
23 . ლუკმა-პურისთვის დახეტიალობს - ამბობს, სად არისო? იცის, რომ ახლოა შავი დღე.
24 . აძრწუნებს მას გაჭირვება და უბედურება, გადასძალავს, როგორც ბრძოლისათვის შემართული მეფე.
25 . რადგან ღმერთის წინააღმდეგ გაიწოდა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26 . უტევდა მას ჯიუტად, თავისი ჯავშნის სქელი შვერილებით,
27 . რადგან ქონით დაიფარა სახე და გვერდები ხორცით დაიმძიმა.
28 . აოხრებულ ქალაქებში ცხოვრობდა - დასანგრევად გამზადებულ უკაცრიელ სახლებში.
29 . ვერ გამდიდრდება და ვერ გაძლებს ქონება მისი და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში.
30 . ბნელს ვერ გადაურჩება, ალი გაახმობს მის ყლორტებს და მისი პირის ამონასუნთქი განაშორებს მას ამ წუთისოფელს.
31 . ნუ მიენდობა ამაოებას ასეთი კაცი და თავს ნუ მოიტყუებს, რადგან ამაოებავე იქნება მისი საზღაური.
32 . უდღეურად დაჭკნება და მისი ტოტები არ ამწვანდება.
33 . მკვახე ყურძენი დასცვივა მისი ვაზის ლერწებს და დაიბერტყება მისი ზეთისხილის ყვავილი.
34 . რადგან უნაყოფოა უღმრთოთა კრებული და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.
35 . დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”
1 . ყურად იღე ჩემი ნათქვამი, უფალო, ჩასწვდი ჩემს წუხილს.
2 . ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
3 . უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
4 . რადგან არა ხარ სიავის მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
5 . ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.
6 . შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
7 . მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.
8 . უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
9 . რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.
10 . განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
11 . გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
12 . რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
1 . გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
2 . რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
3 . უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
4 . თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
5 . დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
6 . აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
7 . გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
8 . უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
9 . შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
10 . ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
11 . ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
12 . მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
13 . მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
14 . აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
15 . ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
16 . მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
17 . ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
1 . გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
2 . ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
3 . ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
4 . რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
5 . განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
6 . მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
7 . ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
8 . და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
9 . უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
10 . შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
11 . უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
12 . რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
13 . შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
14 . რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
15 . ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
16 . ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
17 . დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
18 . სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
19 . აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
20 . უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
21 . რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
22 . ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
23 . რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
24 . ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
25 . გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
26 . თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
27 . მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
28 . ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
29 . დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
30 . მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
31 . თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
32 . აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
33 . რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
34 . უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
35 . გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
36 . უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
37 . უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
38 . გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
1 . აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2 . არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
3 . რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
4 . არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
5 . ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
6 . არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
7 . ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
8 . მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
9 . ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
10 . ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
11 . ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
12 . ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
13 . ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
14 . უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
15 . და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
16 . იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
17 . ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
18 . ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
19 . შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
20 . და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
21 . მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
1 . იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
2 . ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3 . რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
4 . მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5 . თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
6 . ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
7 . ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
8 . გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
9 . თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
10 . მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
11 . ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
12 . ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
13 . ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
14 . არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15 . როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16 . ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17 . ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
18 . მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19 . ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
20 . რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21 . ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22 . იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23 . რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
24 . შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25 . მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26 . თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
27 . ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
1 . 1. შვილო, შესცოდე? ნუღარ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე. 2. გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი. 3. ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა - მისი ნაჭრევი არ განიკურნება. 4. დაშინებით და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება, ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი. 5. ღატაკის ვედრება მისი პირიდან ღვთის ყურამდე აღწევს და სწრაფადვე მოდის მისი განაჩენი. 6. მხილების მოძულე ცოდვილის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს. 7. ენით ძლიერი შორიდან შეიცნობა, მაგრამ გამჭრიახი ხედავს, სად წაიბორძიკებს იგი. 8. რაღა სხვისი ხარჯით თავისი სახლის მშენებელი და რაღა საკუთარი საფლავისთვის ქვების შემგროვებელი. 9. ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვაა და მათი აღსასრული ცეცხლის ალია. 10. ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია. 11. რჯულის დამცველი განაგებს თავის ფიქრებს და სიბრძნე უფლის შიშის განსრულებაა. 12. უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ ნიჭი სიმწარეს ამრავლებს. 13. ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა. 14. ბრიყვის გონება გატეხილ ჭურჭელს ჰგავს - ვერავითარ ცოდნას ვერ დაიჭერს. 15. გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, შეაქებს მას და თავადაც შეითვისებს; თავქარიანი მოისმენს, არ მოეწონება და ზურგს უკან მოისვრის. 16. ბრიყვის მონათხრობი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეებზე კი მადლი იპოვება. 17. ჭკვიანი კაცის პირს საკრებულოში დაუწყებენ ძებნას და მის სიტყვებს გულში ჩაითხრობენ. 18. რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის; ცოდნა უგუნურისა უაზრო სიტყვებია. 19. უჭკუოსთვის წვრთნა ბორკილებია ფეხებზე და ჯაჭვი - მარჯვენა ხელზე. 20. ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს, ჭკვიანი კაცი კი წყნარად გაიღიმებს. 21. წვრთნა ჭკვიანისთვის ოქროს სამკაულია და ძვირფასი სალტე - მარჯვენა მკლავზე. 22. ბრიყვის ფეხები შინისკენ მიიჩქარის, მრავლისგანმცდელი კაცი კი კდემამოსილად შედგება მის წინ. 23. უგუნური სახლში კარებიდან იჭვრიტება, აღზრდილი კაცი კი გარეთ დადგება. 24. უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა. 25. უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ, გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება. 26. ბრიყვთა გული მათ პირზეა, ბრძენთა პირი კი - მათ გულში. 27. სატანის წყევლისას უღვთო თავის სულს იწყევლის. 28. მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებულია თავის სამეზობლოში.