1 . მერე გახსნა იობმა პირი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.
2 . ალაპარაკდა იობი და თქვა:
3 . "ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე და ის ღამე, როცა ითქვა: ‘კაცი ჩაისახა!’
4 . წყვდიადად იქცეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა თავისი სიმაღლიდან და აღარც ნათელი გააბრწყინოს მასზე!
5 . ბნელში დაინთქას და სიკვდილის აჩრდილმა მოიცვას იგი, ღრუბელმა დაფაროს და შეაძრწუნოს იგი დღის სიშავემ!
6 . წყვდიადმა შეიპყროს ის ღამე, ნუღარ აღირიცხოს წლის დღეებში და თვეთა რიცხვში ნუღარ შევა!
7 . აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.
8 . სწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომლებიც მზად არიან ლევიათანი გააღვიძონ!
9 . დაბნელდნენ მისი გარიჟრაჟის ვარსკვლავნი, ნათელს ელოდოს და არ მოვიდეს, ნუ იხილავს გაცისკროვნებას.
10 . რადგან დედაჩემის საშოშივე არ დამიხშო კარი და არ დაფარა ტანჯვა ჩემი თვალისაგან.
11 . რატომ არ მოვკვდი დაბადებისას, რად არ მოვისპე მუცლიდან გამოსვლისას?
12 . რად მიმიღეს ბებიაქალის მუხლებმა და ძუძუს რისთვის ვწოვდი?
13 . რადგან ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი, ვიძინებდი და მოვისვენებდი,
14 . მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, თავისთვის სამარხთა აღმშენებლებთან
15 . ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო ჰქონდათ და ვერცხლით ივსებდნენ სახლებს.
16 . არ ვიარსებებდი ნაადრევად მოწყვეტილი გადამალული ჩვილებივით, რომელთაც არ უხილავთ ნათელი.
17 . შფოთვას წყვეტენ იქ ბოროტები და განისვენებენ ძალაგამოლეულნი.
18 . მშვიდად არიან ტუსაღნი, აღარ ესმით ზედამხედველთა ხმა.
19 . მცირეც იქაა და დიდიც, მონაც თავისუფალია თავისი ბატონისგან.
20 . რატომ ეძლევა სინათლე წამებულს და სიცოცხლე სულგამწარებულს,
21 . სიკვდილს რომ მოელის, ის კი არ მოდის! და დაფარული საუნჯესავით ეძიებს მას?
22 . სიხარულის ყიჟინას რომ დასცემს, როცა საფლავს იპოვის?
23 . რისთვის მიეცა სიცოცხლე კაცს, რომლისგანაც დაფარულია გზა და რომელიც ალყაში ჰყავს ღმერთს მოქცეული?
24 . რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი.
25 . რადგან, რისიც მეშინოდა, ის დამატყდა და რაც მაძრწუნებდა, ის არ ამცდა.
26 . არ მაქვს სიმშვიდე, აღარც სიწყნარე, აღარც მოსვენება. უბედურება მეწია”.
1 . მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
2 . „ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? გამცეს პასუხი ღმერთის მამხილებელმა!”
3 . უპასუხა იობმა უფალს და უთხრა:
4 . „აჰა, არარაობა ვარ; რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ.
5 . ერთხელ ვთქვი და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც და აღარაფერს დავუმატებ”.
6 . მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
7 . „წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
8 . ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე მამტყუნებ, რომ თავად გამართლდე?
9 . ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
10 . აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, ბრწყინვალება და შარავანდედი შეიმოსე.
11 . აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის მძვინვარება, დახედე ამაყებს და დაამდაბლე.
12 . დახედე ქედმაღალს და მოდრიკე, ადგილზევე გათელე ბოროტეულნი.
13 . ერთიანად ჩამარხე მტვერში და დაფარულში დაატყვევე მათი სახე.
14 . მაშინ მეც ვაღიარებ, რომ საკუთარი მარჯვენა გიხსნის.
15 . აჰა, ბეჰემოთი, შენსავით ჩემი შექმნილია იგი, ხარივით ჭამს ბალახს.
16 . აჰა, მისი ძალა მის წელშია და მისი ღონე - მუცლის კუნთებში.
17 . კედარივით ხრის კუდს; გადაგრეხილი აქვს ბარძაყის ძარღვები.
18 . მისი ძვლები სპილენძის მილებია; სახსრები - რკინის წნელები.
19 . ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მისი შემოქმედი თუ მიუახლოებს თავის მახვილს.
20 . რადგან ასაზრდოებენ მას მთები, სადაც ხარობს ყოველი ცხოველი ველისა.
21 . ლოტოსის ქვეშ წვება, ლერწმისა და ჭაობის საფარში.
22 . ლოტოსი იფარავს და ჩრდილს აძლევს მას, ღელის ტირიფებით არის გარემოცული.
23 . თუ აბობოქრდა მდინარე - არ დაფრთხება, მშვიდადაა, იორდანეც რომ მიასკდეს პირზე.
24 . სანამ თვალღიაა განა შეიპყრობს ვინმე ან კაუჭით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?
1 . "თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას?
2 . ცხვირში თუ გაუყრი რგოლს და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
3 . თუ დაგიწყებს ძლიერ ვედრებას და მოწიწებით თუ დაგელაპარაკება?
4 . თუ დაგიდებს აღთქმას, რომ სამუდამო მსახურად დაგიდგება?
5 . თუ გაგართობს ჩიტივით და დააბამ მას შენი ქალიშვილებისთვის?
6 . თუ ივაჭრებენ მისით მეთევზენი და დაანაწილებენ ვაჭართა შორის?
7 . თუ დაუფარავ კანს ისრებით და მეთევზის კაპარჭებით - თავს?
8 . დაადე მას ხელი და დაგამახსოვრდება მასთან შერკინება, აღარასოდეს გააკეთებ ამას!
9 . აჰა, ფუჭია შენი მოლოდინი; მისი ერთი გამოხედვაც კი ძირს დაგცემს.
10 . მის შეწუხებას ვერავინ ბედავს, ჩემს წინ ვინღა დადგება?!
11 . ვის რა მოუცია, რომ ავუნაზღაურო? ჩემია მთელი ცისქვეშეთი.
12 . არ დავდუმდები მის კიდურებზე, მის ძლევამოსილებაზე და მშვენიერ აღნაგობაზე.
13 . ვის გაუხდია მისთვის ჯავშანი? მის ორმაგ ყბებში ვინ შეაღწევს?
14 . მისი სახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ შიშის ზარია!
15 . მისი ფარფლები ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
16 . ერთი მეორეს ერწყმის და ჰაერი ვერ ატანს მათ შორის:
17 . ერთმანეთს მიეკვრნენ, ჩაეჭიდნენ და არ განიყოფიან.
18 . მის დაცემინებაზე ნათელი ელვარებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
19 . მისი ხახიდან ცეცხლის ჩირაღდნები გამოდიან და ნაპერწკლები იფრქვევა.
20 . კვამლი გამოსდის ნესტოებიდან, როგორც მდუღარე ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
21 . მისი სუნთქვა ნაკვერჩხლებს აღვივებს და ხახიდან ალი გამოდის.
22 . მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში.
23 . მტკიცედ შეერწყა ერთმანეთს მისი ხორცის ფენები, მკვრივად აფენია, არ შეირყევა.
24 . ქვასავით მაგარია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
25 . როგორც კი წამოიმართება - ძლიერნი კრთებიან და ეცლებიან თავზარდაცემულნი.
26 . მისწვდება მას მახვილი და ვერას აკლებს - ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ისარი.
27 . რკინას ჩალად მიიჩნევს და სპილენძს - დამპალ ხედ.
28 . ვერ უკუაქცევს მას ისარი, ჩალასავითაა მისთვის შურდულის ქვები.
29 . ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.
30 . მუცელზე წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი ჭანჭყობში.
31 . ქვაბივით ადუღებს უფსკრულს და ზღვას ნელსაცხებლის ჭურჭლად აქცევს.
32 . ბილიკს ასხივებს თავის უკან, კაცი იფიქრებს, უფსკრულნი გაჭაღარავდნენო.
33 . არავინაა მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის შექმნილი.
34 . უმზერს ყველაფერს, რაც მაღლაა, მეფობს სიამაყის ყველა ნაშიერზე”.
1 . მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2 . გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3 . წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4 . შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5 . ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6 . და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7 . ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8 . თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9 . ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10 . ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11 . რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12 . ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13 . შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14 . შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15 . შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16 . შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17 . შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18 . გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19 . მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20 . მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21 . ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22 . ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
1 . აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2 . გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3 . წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4 . რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5 . დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6 . უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7 . შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8 . ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9 . საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10 . გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11 . დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12 . მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13 . რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14 . აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15 . და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16 . გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17 . რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18 . მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19 . შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20 . განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21 . ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22 . ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23 . გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24 . რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25 . ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26 . იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27 . ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28 . მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29 . დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30 . გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31 . იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32 . დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33 . ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34 . ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35 . გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
1 . იმ დღეს დასჯის უფალი თავისი უმოწყალო, დიადი და მძიმე მახვილით ლევიათანს, გაქცეულ გველს; ლევიათანს, დაკლაკნილ გველს და მოკლავს ზღვის ურჩხულს.
2 . იმღერეთ იმ დღეს მასზე - საყვარელ ვაზზე:
3 . "მე, უფალი, ვფხიზლობ მასზე ყოველ წამს, ვარწყულებ, რომ არ დაზიანდეს, ღამით და დღისით ვდარაჯობ.
4 . რისხვა არაა ჩემში! მაგრამ თუ ვინმე ნარსა და ეკალს დამიგებს ბრძოლაში, გავილაშქრებ და ერთიანად გადავბუგავ!
5 . თუ არა და ჩაეჭიდოს ჩემს დაცვას, მშვიდობა ქმნას ჩემთან, დიახ, მშვიდობა ქმნას ჩემთან!”
6 . და იქნება, ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი და მთელი მსოფლიო აივსება ნაყოფით.
7 . განა ისე სცემდა მას, როგორც მის მცემელთ სცემდა? განა ისე ჰკლავდა, როგორც მისი მკვლელნი დახოცა?
8 . მთელი სისავსით სჯიდა მას, როცა უარყოფდა, გადახვეწა თავისი ძლიერი ქროლვით, როგორც აღმოსავლეთის ქარიან დღეს.
9 . ამიტომ ამით მიეტევება იაკობს დანაშაული და ასეთია სრული საფასური ცოდვათაგან განრიდებისა, როცა კირივით დაფშვნეტს სამსხვერპლოს ყველა ქვას და მეტად აღარ იდგებიან აშერები და მზის სვეტები.
10 . ვინაიდან დაცარიელდა გამაგრებული ქალაქი, მიტოვებულია საცხოვრებლები, უდაბნოსავით მიგდებული. ხბო იბალახებს იქ, წამოწვება და მისი რტოებით გამოიკვებება.
11 . გახმება მისი რტოები და დაამტვრევენ. მოვლენ დედაკაცები და დასწვავენ, რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამიტომაც არ შეიბრალებს შემოქმედი და გამჩენი არ შეიწყალებს.
12 . და იქნება იმ დღეს: ჩამობერტყავს უფალი თავის ნაყოფს მდინარის შესართავიდან ეგვიპტის ნაკადულამდე და სათითაოდ აიკრიფებით, ისრაელის ძენო.
13 . და იქნება იმ დღეს: ჩაბერავენ დიდ საყვირს და მოვლენ აშურის ქვეყანაში გადაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი და თაყვანს სცემენ უფალს წმიდა მთაზე, იერუსალიმში.