1 . გამოვიდა მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ასევე გილყადის მთელი ქვეყანა და უფლის წინაშე, მიცფაში შეიკრიბა, როგორც ერთი კაცი.
2 . გამოცხადნენ მთელი ერის მეთაურნი, ისრაელის ყოველი ტომი, ღმერთის ხალხის კრებულად, ოთხასი ათასი ქვეითი, მახვილის ამღები კაცი.
3 . და შეიტყვეს ბენიამინის ძეებმა, რომ ავიდნენ ისრაელის ძეები მიცფას. თქვეს ისრაელიანებმა: "გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?”
4 . მიუგო ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: "ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.
5 . აღდგნენ ჩემზე გიბყას მკვიდრნი, გარს შემოერტყნენ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
6 . ავიყვანე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და გარყვნილი საქმე ჩაიდინეს ისრაელში.
7 . აჰა, ყველანი ძენი ხართ ისრაელისა, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!”
8 . წამოდგა ხალხი როგორც ერთი კაცი და თქვა: "არც ერთი ჩვენგანი არ წავა თავის კარავში და არც ერთი ჩვენგანი არ დაბრუნდება თავის სახლში.
9 . აი, რას დავმართებთ დღეს გიბყას: წილისყრით გავილაშქრებთ მის წინააღმდეგ!
10 . ისრაელის ყოველი ტომის ასეულიდან ათი კაცი გამოვარჩიოთ, ათასეულიდან - ასი, ათიათასიდან - ათასი; საგზლით მოამარაგონ ისინი, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი იმ სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც ჩაიდინა ისრაელში!”
11 . შეიკრიბა მთელი ისრაელი ქალაქის წინააღმდეგ და შეიკრნენ როგორც ერთი კაცი.
12 . კაცები დაგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და უთხრეს: "ეს რა ბოროტება მოხდა თქვენ შორის?
12 . კაცები დაგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და უთხრეს: "ეს რა ბოროტება მოხდა თქვენ შორის?
13 . ახლა მოგვეცით ის ზნედაცემული ხალხი გიბყაში რომ არიან, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან”. მაგრამ არ შეისმინეს ბენიამინის ძეებმა თავიანთი ძმების, ისრაელის ძეთა სიტყვა.
14 . და შეიყარნენ გიბყაში ბენიამინის ძენი თავ-თავისი ქალაქებიდან, ისრაელის ძეებთან საბრძოლველად.
15 . ოცდაექვსი ათასი ხმლის ამღები კაცი შემოიკრიბა ბენიამინის ძეთა ქალაქებიდან; მათ გარდა, შვიდასი რჩეული კაცი გიბყელთაგან აღირიცხა.
16 . მთელი ამ ხალხიდან, შვიდასი რჩეული კაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა.
17 . ისრაელის ძენი, ბენიამინის გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები; თითოეული მათგანი მებრძოლი იყო.
18 . ადგნენ და ავიდნენ ბეთელში, რჩევა ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: "რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?” უთხრა მათ უფალმა: "იუდა გავიდეს პირველი!”
19 . ადგნენ დილით ისრაელიანები და დაიბანაკეს გიბყას პირდაპირ.
20 . გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საომრად და გიბყას მახლობლად დადგნენ საბრძოლო წყობით.
21 . გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბყადან და მიწაზე დასცეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
22 . მხნეობა მოიკრიბეს ისრაელის კაცებმა და კვლავ დადგნენ საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც პირველ დღეს იდგნენ.
23 . და ავიდნენ ისრაელის ძენი, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ჰკითხეს უფალს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად?” თქვა უფალმა: "გადით”.
24 . და კვლავ მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს.
25 . გამოვიდა ბენიამინი მათ წინააღმდეგ გიბყადან მეორე დღეს და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მახვილის ამღები.
26 . ავიდა ბეთელს მთელი ისრაელი, მთელი ერი და შესტიროდა უფალს, იჯდა და მარხულობდა საღამომდე, აღავლინეს უფლის წინაშე სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები.
27 . ჰკითხეს ისრაელის ძეებმა უფალს, (იმ დღეებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა.
28 . და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აჰარონის ძისა, იდგა მის წინაშე იმ დღეებში.) თქვეს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად, თუ შევწყვიტოთ?” უთხრა მათ უფალმა: "გადით, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მათ”.
29 . და ჩასაფრდნენ ისრაელიანები გიბყას ირგვლივ.
30 . გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინის ძეთა წინააღმდეგ მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბყას წინ.
31 . გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ხალხის წინააღმდეგ, დაშორდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად ხალხის მოსვრა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელისკენ ადის, მეორე კი გიბყასკენ. ოცდაათამდე ისრაელიანი მოკლეს.
32 . თქვეს ბენიამინის ძეებმა: "უწინდებურად იმუსრებიან ჩვენ წინაშე”. ისრაელის ძეებმა კი თქვეს: "გავექცეთ და ქალაქიდან გზებზე გამოვიტყუოთ”.
33 . ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და დადგა ბაყალ-თამარში. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავისი ადგილებიდან, გიბყას დასავლეთით.
34 . გამოვიდა გიბყას წინააღმდეგ ათი ათასი რჩეული კაცი, მთელი ისრაელიდან და სასტიკი ბრძოლა გაიმართა; არ იცოდნენ ბენიამინის ძეებმა, რომ უბედურება ელოდათ.
35 . და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე; დახოცეს იმ დღეს ისრაელის ძეებმა ბენიამინის ოცდახუთი ათას ასი კაცი, ყველა მახვილის ამღები.
36 . დაინახეს ბენიამინის ძეებმა, რომ განადგურდნენ; ადგილი მოუტოვეს ისრაელიანებმა ბენიამინს, რადგან გიბყას მახლობლად ჩასაფრებული ხალხის იმედი ჰქონდათ.
37 . ჩასაფრებულები სწრაფად დაესხნენ თავს გიბყას, ეკვეთნენ და მახვილის პირით მოსრეს მთელი ქალაქი.
38 . ისრაელის კაცებსა და ჩასაფრებულებს ნიშანი ჰქონდათ დათქმული, რომ კვამლის დიდ სვეტს აუშვებდნენ ქალაქიდან.
39 . როცა უკუიქცა ისრაელი ბრძოლის ველიდან და იწყო ბენიამინმა მუსვრა და გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი; თქვეს: უწინდებურად იმუსრებიანო ჩვენს წინაშე, როგორც წინა ბრძოლების დროს.
40 . ამ დროს სვეტად აედინა კვამლი ქალაქს. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ქალაქის ყოველ კუთხეს კვამლი ასდის ცამდე.
41 . მოუბრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა რომ უბედურება ეწია.
42 . ზურგი აქციეს და გაექცნენ ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ მაინც წამოეწიათ ბრძოლა და ქალაქებიდან გამოსულებიც მუსრავდნენ მათ თავიანთ შორის.
43 . ალყაში მოაქციეს ბენიამინი, მოქანცვამდე სდიეს და გიბყამდე ხოცეს, აღმოსავლეთით.
44 . თვრამეტი ათასი კაცი დაეცა ბენიამინისგან, ყველა მათგანი მამაცი ვაჟკაცი.
45 . უდაბნოსკენ იბრუნეს პირი და რიმონის კლდისკენ გაიქცნენ; გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი მოკლეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და მოსრეს მათგან კიდევ ორი ათასი კაცი.
46 . მთლიანად იმ დღეს ოცდახუთი ათასი, მახვილის ამღები კაცი დაეცა ბენიამინისგან, ყველა მამაცი ვაჟკაცი.
47 . ექვსასი კაცი გაბრუნდა და გაიქცა უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ და ცხოვრობდნენ რიმონის კლდეში ოთხ თვეს.
48 . კვლავ მოუბრუნდნენ ისრაელის კაცები ბენიამინის ძეებს და მოსრეს მახვილის პირით მთელი ქალაქი, პირუტყვი და ყველაფერი, რაც დახვდათ; და ცეცხლს მისცეს ყველა ქალაქი, რომელიც შემოხვდათ.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მასთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
2 . მოვიდნენ და შეატყობინეს იოშაფატს: „დიდძალი ურდო დაიძრა შენს წინააღმდეგ ზღვის გაღმიდან, არამიდან და, აჰა, ხაცეცონ-თამარში ანუ ყენ-გედში არიან ისინი”.
3 . შეშინდა და სახე უფლის საძიებლად იბრუნა იოშაფატმა. მარხვა გამოაცხადა მთელ იუდაში.
4 . შეიკრიბა იუდა, რომ ეძიათ უფლისაგან შეწევნა; იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან შესავედრებლად;
5 . დადგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში უფლის სახლის ახალი ეზოს წინ
6 . და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო! განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში და შენ არ ბატონობ ყველა ერის სამეფოზე? შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება და შენს წინააღმდეგ ვერავინ აღდგება.
7 . განა შენ არ განდევნე, ღმერთო ჩვენო, ამ ქვეყნის მკვიდრნი შენი ხალხის, ისრაელიანებისაგან? და სამუდამოდ მიეცი იგი შენი მეგობრის, აბრაჰამის შთამომავლობას!
8 . დამკვიდრდნენ იქ და საწმიდარი ააშენეს შენს სახელზე და თქვეს:
9 . როცა ბოროტება მოვა ჩვენზე, განკითხვის მახვილი ან შავი ჭირი და შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენს სახელზეა ეს სახლი და შემოგღაღადებთ ჩვენს გასაჭირს, რათა ისმინო და გვიხსნა.
10 . ახლა კი, აჰა, მოდიან ყამონისა და მოაბის ძენი და სეყირის მთის მკვიდრნი, რომელთა შორის გავლის უფლება არ მიეცი ისრაელს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდა, არამედ გვერდი აუარეს და არ გაუნადგურებიათ ისინი.
11 . შეხედე, როგორ გვიხდიან სამაგიეროს?! მოდიან, რომ გაგვდევნონ სამკვიდრებლიდან, რომელიც შენ მოგვეცი.
12 . ღმერთო ჩვენო! განა არ განიკითხავ მათ?! რადგან უძლურნი ვართ ამოდენა ურდოს წინაშე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან შენკენაა მოპყრობილი ჩვენი თვალი!”
13 . მთელი იუდა იდგა უფლის წინაშე, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ძეებით.
14 . მაშინ გადმოვიდა უფლის სული შუაგულ კრებულში იახაზიელ ზაქარიაჰუს ძეზე, რომელიც ბენაიას, იეყიელის და ლევიანი მათანიას შთამომავალი იყო, ასაფიანთაგან.
15 . თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.
16 . ჩადით ხვალ მათთან; აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ.
17 . ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”
18 . მიწაზე დაემხო იოშაფატი; მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი უფლის წინაშე დაემხნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს.
19 . აღიმართნენ ლევიანნი კეჰათელთაგან და კორახელთაგან უფლის, ისრაელის ღმერთის ხმამაღლა საქებრად.
20 . დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.
21 . მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმიდის დიდებულება და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!”
22 . როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა ყამონისა და მოაბის ძეებისა და სეყირის მთის მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა.
23 . აღდგნენ ყამონისა და მოაბის ძენი სეყირის მკვიდრთა წინააღმდეგ მათ ასაოხრებლად და გასანადგურებლად; და როცა სეყირის მკვიდრთა განადგურება დაასრულეს, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.
24 . როცა უდაბნოს საგუშაგოსთან მივიდნენ იუდეველნი, ურდოსკენ გაიხედეს და, აჰა, გვამებითაა მოფენილი მიწა და ცოცხალი აღარავინაა.
25 . მივიდა იოშაფატი თავის ხალხთან ერთად ნადავლის წამოსაღებად და იპოვეს დიდძალი ქონება, უამრავი სამოსელი და ძვირფასი ნივთები; იმდენი ნადავლი დაგროვდა, რომ ერთბაშად წაღება ვერ შეძლეს და სამ დღეს ეზიდებოდნენ სიმრავლის გამო.
26 . მეოთხე დღეს ბერახას (კურთხევის) ველზე შეიკრიბნენ, ვინაიდან იქ აკურთხეს უფლის სახელი. ამიტომ ეწოდება იმ ადგილს კურთხევის ველი ამ დღემდე.
27 . დაბრუნდა იუდასა და იერუსალიმის ყველა კაცი და სიხარულით მიუძღოდა მათ იოშაფატი იერუსალიმში დასაბრუნებლად, რადგან უფალმა მტრებზე გაახარა ისინი.
28 . ჩანგებით, ქნარებითა და ბუკებით მივიდნენ იერუსალიმში, უფლის სახლში.
29 . უფლის შიში დაეცა დედამიწის ყოველ სამეფოს, როცა ესმათ, რომ უფალმა იბრძოლა ისრაელის მტრებთან.
30 . დამშვიდდა იოშაფატის სამეფო და მშვიდობა მისცა ღმერთმა გარშემო.
31 . მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლის გამეფდა იგი და ოცდახუთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
32 . მამამისის, ასას გზით დადიოდა და არ გადაუხვევია უფლის თვალში სიმართლის კეთებისგან.
33 . თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხსაც ბოლომდე არ მიუმართავს გული თავიანთი მამების ღმერთისკენ.
34 . იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, იეჰუ ხანანის ძის მატიანეშია აღწერილი, რომელიც ისრაელის მეფეთა წიგნში იქნა შეტანილი.
35 . ამის მერე იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფე ახაზიას შეეკრა, რომელიც ბოროტად იქცეოდა.
36 . თარშიშში გასამგზავრებელი გემების ასაშენებლად შეეკრა მას და ყეციონ-გებერში ააგო ხომალდები.
37 . იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა: „რადგან ახაზიას შეეკარი, ჩაგიშლის საქმეებს უფალი!” დაიმსხვრნენ ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.
1 . ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და ეს არის მათი საგვარტომო ნუსხა, რომლებიც ჩემთან ერთად ამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:
2 . ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან დანიელი; დავითის ძეთაგან ხატუში;
3 . შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან: ზაქარია და მასთან, მისი საგვარტომოდან ასორმოცდაათი მამაკაცი;
4 . ფათახ-მოაბის ძეთაგან: ელიოჰოყენაი ზერახის ძე და მასთან ერთად ორასი მამაკაცი;
5 . შექანიას ძეთაგან: იახაზიელის ძე და მასთან ერთად სამასი მამაკაცი;
6 . ყადინის ძეთაგან: ყებედი იონათანის ძე და მასთან ერთად ორმოცდაათი მამაკაცი;
7 . ყელამის ძეთაგან: ესაია ყათალიას ძე და მასთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი;
8 . შეფატიას ძეთაგან: ზებადია მიქაელის ძე და მასთან ერთად ოთხმოცი მამაკაცი;
9 . იოაბის ძეთაგან: ყობადია იეხიელის ძე და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამაკაცი;
10 . ბანის ძეთაგან: შელომითი იოსიფიას ძე, და მასთან ერთად ას სამოცი მამაკაცი;
11 . ბებაის ძეთაგან: ზაქარია ბებაის ძე და მასთან ერთად ოცდარვა მამაკაცი;
12 . ყაზგადის ძეთაგან: იოხანან ჰაკატანის ძე და მასთან ერთად ას ათი მამაკაცი;
13 . ადონიკამის ძეთაგან უკანასკნელნი; მათი სახელებია: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და მათთან ერთად სამოცი მამაკაცი;
14 . ბიგვაის ძეთაგან: ყუთაი და ზაბუდი და მათთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი.
15 . შევკრიბე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის და ვიდექით იქ სამ დღეს. ვაკვირდებოდი ხალხს და მღვდლებს, მაგრამ მათ შორის ლევის ძეთაგან ვერავინ ვპოვე.
16 . დავიბარე ხალხის მეთაურები: ელეაზარი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი; ასევე მოძღვრები: იოიარიბი და ელნათანი.
17 . გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის მთავართან. ვუთხარი რა უნდა ელაპარაკათ იდოსთან და მის ძმებთან, ტაძრის მსახურებთან, ქასიფიას ადგილზე მყოფებთან, რათა მოეყვანათ ჩვენამდე მსახურები, ჩვენი ღმერთის სახლისთვის.
18 . ჩვენი ღმერთის კეთილი ხელის გამო, რომელიც ჩვენზე იყო, მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძე, ისრაელის ძე, სახელად შერებია და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ძმები, თვრამეტი კაცი;
19 . და ხაშაბია და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ძენი - ოცი კაცი.
20 . ასევე ტაძრის მსახურები, რომლებიც დავითმა და მთავრებმა დაუდგინეს ლევიანებს მსახურებად - ორას ოცი მსახური; ყველა მათგანი სახელებით იყო დადგენილი.
21 . და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე და მისთვის გვეთხოვა, დაცული გზა ჩვენთვის, ჩვენი პატარებისთვის და მთელი ჩვენი ქონებისთვის,
22 . რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: "ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”
23 . ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.
24 . გამოვყავი თორმეტი მთავარი მღვდელი: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან;
25 . ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლისთვის შეწირული, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა და იქ დამსწრე მთელმა ისრაელმა.
26 . მივუწონე მათ ხელში ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი, ასი ტალანტის ვერცხლის ჭურჭელი და ასი ტალანტი ოქრო.
27 . ათასი დრაქმის ოქროს ოცი საბანებელი და საუკეთესო სპილენძის ორი ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი.
28 . ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისთვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა, ხოლო ეს ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შესაწირია თქვენი მამების ღმერთისადმი.
29 . გაუფრთხილდით და დაიცავით, ვიდრე მიუწონიდეთ მთავარ მღვდლებს, ლევიანებს და ისრაელის მამების მთავრებს იერუსალიმში, უფლის სახლის ოთახებში”.
30 . მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი, ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა მიეტანათ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში.
31 . პირველი თვის მეთორმეტე დღეს გავემგზავრეთ მდინარე აჰავადან იერუსალიმში; ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, მან გვიხსნა მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან.
32 . მივედით იერუსალიმში და გავჩერდით იქ სამ დღეს.
33 . მეოთხე დღეს მიუწონეს მერემოთს, ურია მღვდლის ძეს ხელში ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში; მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინხასის ძე; ასევე მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი იეშუას ძე და ნოადია ბინუის ძე, ლევიანები.
34 . ყველაფერი დაითვალა და აიწონა; და ჩაიწერა მთელი ეს წონა იმ დროს.
35 . შესწირეს ისრაელის ღმერთს სრულადდასაწველი, ტყვეობიდან დაბრუნებულებმა, გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა: თორმეტი მოზვერი მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი კრავი, თორმეტი ვაცი ცოდვის მსხვერპლისთვის, ყოველივე ეს სრულადდასაწველად უფლისთვის.
36 . და გადასცეს მეფის დავალება მეფისნაცვლებს და მდინარის გაღმელ განმგებლებს და ისინიც მხარში ედგნენ ხალხსა და ღვთის სახლს.
1 . დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
2 . მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
3 . პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
4 . ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
5 . აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
6 . ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
7 . სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
8 . უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
9 . უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
10 . ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
11 . დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
12 . დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
13 . როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
14 . ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
15 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
16 . უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17 . ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18 . ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19 . უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
20 . ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
21 . ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22 . შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
23 . შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
24 . სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25 . ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
26 . სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27 . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
1 . ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2 . უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
3 . მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4 . სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
5 . სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
6 . პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
7 . რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
8 . თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
9 . სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
10 . და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11 . აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
12 . დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
13 . პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 . ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
15 . რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
16 . პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17 . ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 . ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
19 . მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 . ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 . მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22 . მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
23 . ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
24 . სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25 . თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
26 . კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
27 . ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
28 . ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29 . როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
30 . ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
31 . მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
32 . და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
33 . ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
34 . ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
35 . ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
36 . თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
37 . მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
38 . ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
39 . ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40 . გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
41 . იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
42 . იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43 . როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44 . მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45 . იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46 . მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47 . ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48 . ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
49 . უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
50 . მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51 . მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
52 . მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
1 . 1. ყოველივე ამის შემდგომ სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის დროს, მოვიდა ეზრა ძე ზერახიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა სილკიასი, ძისა შალემისა, 2. ძისა ცადოკისა, ძისა ახიტობისა, ძისა ამარიასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბოკასი, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინსასისა, ძისა ელყაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა. 2. ეს ეზრა მოვიდა ბაბილონიდან როგორც მწიგნობარი, განსწავლული მოსეს რჯულში, რომელიც მიეცა ღვთისაგან ისრაელს. 4. და მიაგო მას მეფემ პატივი, და ჰპოვა მან მადლი მის წინაშე ყველა თავის სათხოვარში. 5. მოვიდნენ მასთან ერთად ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, მეკარეთაგან და ტაძრის მსახურთაგან იერუსალიმში არტაქსერქსეს მეფობის მეშვიდე წელს, მეხუთე თვეს (და ეს იყო მეშვიდე წელი მეფობისა). 6. პირველი თვის ახალმთავრობისას ბაბილონიდან გამოსულნი, მეხუთე თვის ახალ მთვარეზე მოვიდნენ იერუსალიმში, ღვთისგან მოცემული ბედნიერი გზით. 7. ხოლო ეზრა დიდად ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა უფლის კანონთა და მცნებათაგან და ესწავლებინა მთელი ისრაელისთვის ყველა სამართალი და მსჯავრი. 8. მოვიდა წერილობითი ბრძანებაც მეფე არტაქსერქსესგან ეზრა მღვდლისა და საღვთო რჯულის მკითხველისადმი, რომლის პირიც შემდეგია: 9. მეფე არტაქსერქსე ეზრას, მღვდელსა და საღვთო რჯულის მკითხველს, იბარებდე: 10. კაცთმოყვარებით განმიკითხავს და მიბრძანებია: ვისაც კი სურს იუდას ხალხიდან - მღვდლებს და ლევიანებს, ჩვენს სამეფოში, მყოფთ, შენთან ერთად წავიდნენ იერუსალიმში. 11. ამგვარად, წადილის მქონენი ერთად გაემართეთ, როგორც განმისჯია მე და შვიდ ახლობელ თანამზრახველს, 12. რათა ნახონ, რაც ხდება იუდასა და იერუსალიმში თანახმად უფლის რჯულისა, 13. და მიუტანონ ძღვენი ისრაელის უფალს იერუსალიმში, მე და ჩემმა მახლობლებმა რომ აღვუთქვით, და ყოველი ოქრო და ვერცხლი, რაც კი იპოვება ბაბილონის ქვეყნად უფლისათვის იერუსალიმში, ხალხის შესაწირავთან ერთად მათი უფლის ტაძრისათვის, რომელიც იერუსალიმშია. 14. შეგროვდეს ოქრო და ვერცხლი კურატებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის და იმისთვის, რაც საჭიროა. 15. ასე შესწირონ მსხვერპლი თავიანთი უფლის სამსხვერპლოზე. 16. და ყოველივე, რისი გაკეთებაც გსურს შენს ძმებთან ერთად ამ ოქროთი და ვერცხლით, აღასრულე შენი ღვთის ნებისამებრ. 17. უფლის წმინდა ჭურჭელი მოცემული გაქვს სამსახურებლად ტაძრისათვის შენი ღმერთისა, იერუსალიმში რომ არის. 18. სხვა დანარჩენი, რაც კი დაგჭირდება სახმარად შენი ღმერთის ტაძრისათვის, გაეცი სამეფო საგანძურიდან. 19. ხოლო მე, მეფე არტაქსერქსემ, ვუბრძანე სირიისა და ფინიკიის მეგანძურებს, რათა, რასაც მოითხოვს ეზრა მღვდელი და რჯულის მეცნიერი მაღალი ღმერთისა, შეუფერხებლად მიეცეს მას ვერცხლი ას ტალანტამდეც კი, 20. ასევე ხორბალი, ას საწყაულამდე, ას საწყაულამდე ღვინო და მარილი უხვად. 21. ყოველივე საღვთო რჯულის შესაბამისად გულმოდგინედ სრულდებოდეს მაღალი ღმერთის სახელზე, რათა არ მოევლინოს რისხვა მეფისა და მეფისწულთა სამეფოს. 22. თქვენ კი გეტყვით, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, მეკარეს, ტაძრის მსახურს და ტაძრის მემატიანეს, არავითარი ხარკი, არც სხვა რამ გადასახადი არ დასდოთ, და არც არავის ჰქონდეს უფლება მათ რაიმე გადაახდევინოს. 23. ხოლო შენ, ეზრა, ღვთის სიბრძნით დაადგინე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განიკითხავდნენ მთელს არაბსა და ფინიკიაში ყველას, ვინც აღიარებს შენი უფლის რჯულს; არმცოდნეთ კი ასწავლიდე. 24. ყველა, ვინც კი გადავა შენი უფლის ან მეფის კანონს, სამაგალითოდ დაისაჯონ ან სიკვდილით, ან გვემოთ, ან ვერცხლის გადახდევინებით, ან მოკვეთით. 25. კურთხეულია ერთი უფალი, რომელმაც გულში შთაუნერგა მეფეს განდიდება მისი სახლისა იერუსალიმში, 26. და მე პატივი მომაგო მეფისა და მისი თანამზრახველების, ყოველი მისი მახლობლისა და დიდებულის წინაშე. 27. მე გავმხნევდი უფლის, ჩემი ღმერთის შეწევნით და შევკრიბე კაცნი ისრაელთაგან, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. 28. აი, წინამძღოლნი მათი მამისსახლებისა და უხუცესობის მიხედვით, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს: 29. ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან გამელოსი; დავითის ძეთაგან ხატუში შექანიასი; 30. ფარყიშის ძეთაგან ზაქარია და მასთან ერთად ჩაწერილი ას ორმოცდა ათი კაცი; 31. ფახათმოაბის ძეთაგან ელიაოხია, ზერახიასი, და მასთან ერთად ორასი კაცი; 32. ზათოესის ძეთაგან შექანია იახზიელისა, და მასთან ერთად სამასი კაცი. ყადინის ძეთაგან ბენ-იონათანი და მასთან ერთად ორას ორმოცდა ათი კაცი; 33. ყოლამის ძეთაგან იშია, ღოთოლიასი და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი; 34. შეფატიას ძეთაგან ზერახია მიქაელისა და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი. 35. იოაბის ძეთაგან აბდია იახზიელისა, და მასთან ერთად ორას თორმეტი კაცი; 36. ბინუის ძეთაგან ასალიმოთი, იოსაფიასი, და მასთან ერთად ას სამოცი კაცი; 37. ბებაის ძეთაგან ზაქარია, ბებე და მასთან ერთად ოცდარვა კაცი; 38. ყაზგადის ძეთაგან იოხანანი, ჰაკატანი და მასთან ერთად ას ათი კაცი; 39. ადონიკამის ძეთაგან - უკანასკნელნი და აი, სახელები მათი: ელიფელეტი, იეყუში და შემაყია და მათთან ერთად სამოცდა ათი კაცი; 40. ბიგვაის ძეთაგან ყუთაი ისტალკუროსისა, და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი. 41. და შევკრიბე ისინი თერად წოდებულ მდინარესთან, იქვე დავიბანაკეთ სამ დღეს და მე დავათვალიერე ისინი, 42. მაგრამ მღვდლთაგან და ლევიანთაგან იქ ვერავინ ვპოვე. 43. შევუთვალე ელყაზარს, იადუელს, მაასმასს, ელნათანს, შემაყიას, იოარიბს, ნათანს, ელნათანს, ზაქარიას და მეშულამს, წინამძღვართა და სწავლულთ, 44. მისულიყვნენ ყიდოსთან, განძთსაცავის ადგილის წინამძღვართან, 45. და ვუბრძანე ეთქვათ ყიდოსთვის და მისი ძმებისათვის და იმ ადგილის განძისმცველთათვის წარმოეგზავნათ მღვდელმსახურნი ჩვენი უფლის სახლისათვის. 46. და გამოგვიგზავნეს, ჩვენი უფლის მაგარი ხელით, კაცნი მცოდნენი ძეთაგან მახლისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა: ხაშაბია და მისი ძენი და ძმანი თვრამეტი კაცი. 47. ხაშაბია და ანნუნოსი და ძმა ხოშაყია, ხანუნეოსის ძეთაგან, და მათი ძენი - ოცი კაცი; 48. ტაძრის მსახურთაგან, რომელნიც დავითმა და წინამძღოლებმა დაადგინეს ლევიანთა სამსახურისათვის - ტაძრის მსახურნი ორას ოცი; თითოეულის სახელის აღნიშვნით. 49. გამოვუცხადე იქ მარხვა ჭაბუკებს ჩვენი უფლის წინაშე, 50. რათა გამოგვეთხოვა მისგან კეთილი გზა ჩვენთვის და ჩვენი თანამგზავრებისთვის, შვილებისათვის და საქონლისათვის; 51. მრცხვენოდა, მეთხოვა მეფისათვის ქვეითნი, მხედრები და გამცილებელნი ჩვენი მტრებისაგან თავის დასაცავად; 52. რადგან ვუთხარით მეფეს, რომ ჩვენი უფლის ძალი იქნებოდა მის მაძიებლებთან ყოველ კეთილ საქმეში. 53. კვლავ ვევედრეთ უფალს ჩვენსას ყოველივე ამისთვის და მივიღეთ მისგან დიდი წყალობა. 54. გამოვყავი მღვდელთა წინამძღვართაგან თორმეტი კაცი და შერაბია და ხაშაბია და მათთან ერთად მათი ძმებისგან ათი კაცი. 55. და ავუწონე მათ ვერცხლი და ოქრო და ჩვენი უფლის სახლის წმიდა ჭურჭელი, რაც თვით მიუძღვნა მეფემ და მისმა თანამზრახველებმა და დიდებულებმა და მთელმა ისრაელმა. 56. და აწონილი გადავეცი მათ ექვსას ორმოცდაათი ვერცხლის ტალანტი და ვერცხლის ჭურჭელი ასი ტალანტისა, ასი ოქროს ტალანტი, ოცი ოქროს ნივთი და სპილენძის ჭურჭელი, რჩეული სპილენძის, ოქროსდრად მბზინვარე, თორმეტი. 57. ვუთხარი მათ: თქვენც წმიდა ხართ უფლისათვის, წმიდაა ჭურჭელიც, ვერცხლიც და ოქროც, ილოცეთ უფლის, ჩვენი მამების უფლის მიმართ. 58. იფხიზლეთ და დაიცავით, ვიდრე არ გადასცემთ მათ მღვდელთა წინამძღვართ და ლევიანებს და ისრაელის საგვარეულოთა წინამძღოლებს იერუსალიმში, ჭურჭლის საცავში ჩვენი უფლის სახლისა. 59. მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, რაც იერუსალიმში იყო, და შეიტანეს ისინი უფლის ტაძარში. 60. დავიძარით მდინარე თერადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს და შევედით იერუსალიმში ჩვენი უფლის ძლიერი ხელით, რომელიც ჩვენზე იყო; და გვიფარავდა ჩვენ გზაზე ყოველი მტრისგან და მოვედით იერუსალიმში. 61. და აქ, მესამე დღის დამდეგს, ჩვენი აწონილი ვერცხლი და ოქრო გადაეცა უფლის სახლში მღვდელ მარმოთს, ურიას ძეს. 62. იყო მასთან ერთად ელყაზარი, ძე ფინხასისა; აგრეთვე იყვნენ მათთან იოზაბად იესოს ძე და ნოყადია ბანუიასი, ლევიანები; ჩააბარეს რიცხვით და წონით ყოველივე და ჩაწერილ იქნა მათი მთელი წონა იმავე დროს. 63. ხოლო ტყვეობიდან გამოსულებმა შესწირეს მსხვერპლი უფალს, ისრაელის ღმერთს: თორმეტი კურატი, მთელი ისრაელისათვის, ოთხმოცდა თექვსმეტი ვაცი, სამოცდა თორმეტი კრავი, თხები სამადლობელად, ყოველივე მსხვერპლად უფლისათვის. 64. გადასცეს მეფის განკარგულებანი სამეფოს მმართველთ და კოილე სირიისა და ფინიკიის მთავართ და მათ ადიდეს ხალხი და უფლის ტაძარი. 65. როდესაც ყოველივე აღსრულდა, მოვიდნენ ჩემთან წინამძღოლნი და მითხრეს: 66. არ განეშორა ერი ისრაელისა, მთავარნი და მღვდელნი და ლევიანნი ამ ქვეყნის უცხოთესლის ხალხებს და მათს უწმიდურებას - ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, იებუსელებს, მოაბელებს, ეგვიპტელებს და ედომელებს; 67. რადგან შეეუღლნენ მათ ასულებს თავადაც და ძენი მათნიც, და შეერია წმიდა თესლი უცხო თესლს, ამ ქვეყნის ხალხებს; წინამძღვარნი, და დიდებულნი ამ ურჯულოების თანამოზიარენი შეიქმნენ თავიდანვე. 68. ამის გაგონებაზე შემოვიძარცვე ტანსაცმელი და სამღვდელო შესამოსელი, ვიგლეჯდი თმას თავსა და წვერზე, და ვიჯექი დამწუხრებული და შეურვებული. 69. შემოიკრიბნენ ჩემთან ისრაელის, უფლის სიტყვით აღძრულნი, როცა ვგოდებდი ურჯულოებისათვის და ვიჯექი შეურვებული მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე. 70. როცა მარხვისგან ავდექი, შემოხეული კაბითა და სამღვდელო სამოსელით, მუხლი მოვიდრიკე და ხელაპყრობით მივმართე უფალს: 71. უფალო, მრცხვენია და ვძრწი შენი პირის წინაშე. 72. რადგან ჩვენმა ცოდვებმა გადაფარა ჩვენი თავები და უგუნურობებმა ჩვენმა ცას მიაღწია; 73. ჩვენი მამა-პაპის დროიდან ვართ დიდ ცოდვებში დღევანდელ დღემდე; 74. ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის ცოდვათა გამო ჩვენს ძმებთან, ჩვენს მეფეებთან და ჩვენს მღვდლებთან ერთად, ქვეყნის მეფეთა მახვილს მიგვეცი დასატყვევებლად, საძარცვავად და შეურაცხყოფისათვის დღევანდელ დღემდე. 75. აწ რაოდენი შეწევნა მივიღეთ შენგან, უფალო, რომ შეგვინარჩუნე ჩვენ ძირი და სახელი შენი სიწმიდის ადგილზე, 76. რომ გამოაჩინე ნათელი ჩვენი უფლის სახლში, მოგვეცი საზრდო ჩვენი მონობის ჟამს; 77. მონობაშიც არ ვყოფილვართ მიტოვებულნი ჩვენი ღმერთისგან, არამედ მადლი მოგვივლინე სპარსელთა მეფეების წინაშე, 78. რათა მოეცათ საზრდელი და განედიდებინათ ჩვენი ღმერთის ტაძარი და აშენებულიყო იავარქმნილი სიონი, მოეცა ჩვენთვის სამკვიდრებელი იუდასა და იერუსალიმში. 79. აწ რა ვთქვათ, უფალო, ყოველივე ამის მქონებლებმა? რადგან გადავედით შენს ბრძანებას, რომელიც მოგვეცი შენ მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით და გვითხარი, რომ 80. ქვეყანა, რომელშიც შედიხართ წილხვედრით, არის მიწა, შეგინებული სიბილწით ქვეყნის უცხოთესლთა მიერ, რომელთაც თავისი უწმიდურებით აავსეს იგი; 81. ამიერიდან თქვენი ასულნი არ შერთოთ მათ ვაჟებს, და მათი ასულნი არ მოჰგვაროთ ცოლად თქვენს ვაჟებს; 82. ნურასდროს ეძიებთ მათთან ზავით ცხოვრებას, რათა გაძლიერდეთ და იგემოთ სიკეთენი მიწისა და გაუყოთ იგი თქვენს შვილებს უკუნისამდე. 83. რაც გვემართება, ჩვენი უკეთური საქმეების გამო და ჩვენი დიდი ცოდვებისათვის გვემართება. 84. შენ გვილხინე, უფალო, ჩვენი ცოდვებისგან და მოგვეცი ასეთი ძირი, მაგრამ ჩვენ კვლავ მივიქეცით და გადავედით შენს რჯულს და შევერიეთ ამ ქვეყნის ხალხთა უწმიდურებას. 85. ხომ არ განრისხდი ჩვენზე ისე, რომ მოვისრათ და არ დარჩეს ძირი და თესლი და სახელი ჩვენი? 86. უფალო ისრაელისა, ჭეშმარიტი ხარ შენ, რადგან დავრჩით ძირად დღემდე. 87. აჰა, აწ ურჯულოებაში ვართ შენს წინაშე. არ ეგებოდა კვლავ მასში დგომა შენს პირისპირ. 88. როცა ეზრა ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა და ტიროდა ტაძრის წინ მიწაზე გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ იერუსალიმიდან დიდძალი ერი: კაცები, ქალები და ბავშვები, და დიდი იყო გოდება ხალხში; 89. ხმა ამოიღო იექონიამ, იეელოსის ძემ, ისრაელიანთაგან, და უთხრა ეზრას: ჩვენ ვცოდეთ უფალს და შევეუღლეთ ამ ქვეყნის უცხოთესლის დედაკაცებს და აწ იმედით მყოფობს ისრაელი. 90. აღვავლინოთ ჩვენ ფიცი უფლის წინაშე, რომ გავეყრებით ჩვენს ცოლებს, რომელნიც კი უცხოთესლნი არიან, მათ შვილებთან ერთად, როგორც განსაჯე შენ და მათ, რომელნიც მორჩილებენ საღმრთო რჯულს. 91. აღდეგ და აღასრულე, რადგან შენ გეკუთვნის ეს საქმე და ჩვენ შენთან ერთად ძალი მოგვეცემა. 92. ადგა ეზრა და ფიცით. შეჰკრა მთელი ისრაელის მღვდელთა და ლევიანთა მთავრები, რათა ასე მოქცეულიყვნენ და მათაც ფიცი დასდეს.