1 . როცა უფალი ელიას ცად ატაცებას აპირებდა ქარბორბალათი, ელისესთან ერთად გილგალიდან მოდიოდა ელია.
2 . უთხრა ელიამ ელისეს: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა შორს, ბეთელში მიმავლინა”. მიუგო ელისემ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ჩავიდნენ ბეთელს.
3 . გამოვიდნენ ბეთელში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს ელისეს: "იცი, რომ უფალი დღეს აიტაცებს შენს თავს ზემოთ შენს ბატონს?” უპასუხა: "მეც ვიცი, დადუმდით”.
4 . უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იერიხოში წარმავლინა”. მიუგო ელიას: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” მივიდნენ იერიხოს.
5 . მიეახლნენ ელისეს იერიხოში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: "იცი, რომ უფალი დღეს შენს თავს ზემოთ აიტაცებს შენს ბატონს?” უპასუხა: "ვიცი, დადუმდით”.
6 . უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იორდანესთან გამაგზავნა”. მიუგო: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” წავიდნენ ორივენი.
7 . ორმოცდაათი კაცი, წინასწარმეტყველთა ძეთაგან, მივიდნენ და მათ პირდაპირ დადგნენ მოშორებით, ეს ორნი კი იორდანესთან იდგნენ.
8 . აიღო ელიამ თავისი მოსასხამი დაგორგლა და დაჰკრა წყალს; ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ორივემ.
9 . როგორც კი გადალახეს, უთხრა ელიამ ელისეს: "მთხოვე, რაც გინდა, სანამ ავიტაცები შენგან”. მიუგო ელისემ: "გთხოვ, სული, რომელიც შენზეა, ორმაგად იყოს ჩემზე”.
10 . უთხრა ელიამ: "ძნელ საქმეს ითხოვ, მაგრამ თუ დამინახავ ატაცებულს, აგისრულდება; თუ ვერ დამინახავ, არ აგისრულდება”.
11 . როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
12 . დაინახა ელისემ და შეჰყვირა: "მამაო ჩემო, მამაო ჩემო! ისრაელის ეტლობავ და მხედარნო!” და მეტად აღარ დაუნახავს. ჩაბღუჯა თავისი სამოსი და ორად გაგლიჯა.
13 . აიღო მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაბრუნდა და იორდანეს ნაპირთან დადგა.
14 . მოიმარჯვა მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: "სადაა უფალი, ელიას ღმერთი?” წყალს რომ დაჰკრა ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ელისემ.
15 . შორიდან დაინახეს იგი იერიხოში მყოფმა წინასწარმეტყველთა ძეებმა და თქვეს: "ელიას სულია ელისეზე”. მოვიდნენ მასთან შესახვედრად და მიწამდე დაუკრეს თავი.
16 . უთხრეს: "აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: "ნუ გაგზავნით”.
17 . ისე დაიჟინეს, რომ შერცხვა და უთხრა: "გაგზავნეთ!” გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამი დღე ამაოდ ეძებეს, ვერ იპოვეს.
18 . მობრუნდნენ. ელისე იერიხოში იჯდა; უთხრა: "განა არ გითხარით, ნუ გაგზავნით-მეთქი?”
19 . უთხრეს ელისეს იმ ქალაქის კაცებმა: "კარგ ადგილზე მდებარეობს ეს ქალაქი, როგორც ჩვენი ბატონი ხედავს, მაგრამ წყალი ცუდია და უნაყოფოა მიწა”.
20 . თქვა ელისემ: "მომეცით ახალი თასი და შიგ მარილი ჩაყარეთ”. მათაც მიუტანეს.
21 . გამოვიდა ელისე წყლის სათავესთან, ჩაყარა შიგ მარილი და თქვა: "ასე ამბობს უფალი: მე განვკურნე ეს წყალი! აღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა”.
22 . დღემდე განკურნებულია ის წყალი ელისეს სიტყვისამებრ, რომელიც თქვა.
23 . იქიდან ბეთელში წავიდა. გზაზე რომ მიდიოდა, ბავშვები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და ეძახდნენ: "წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!”
24 . მოტრიალდა, დაინახა ისინი და დაწყევლა უფლის სახელით. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
25 . წავიდა ქარმელის მთისკენ, იქიდან კი სამარიაში დაბრუნდა.
1 . აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2 . გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3 . წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4 . რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5 . დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6 . უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7 . შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8 . ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9 . საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10 . გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11 . დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12 . მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13 . რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14 . აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15 . და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16 . გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17 . რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18 . მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19 . შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20 . განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21 . ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22 . ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23 . გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24 . რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25 . ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26 . იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27 . ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28 . მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29 . დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30 . გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31 . იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32 . დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33 . ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34 . ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35 . გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
1 . და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.
2 . თვის მეხუთე დღეს, ეს იყო მეფე იოაქინის განდევნიდან მეხუთე წელი,
3 . გამოეცხადა უფლის სიტყვა მღვდელ ეზეკიელს, ბუზის ძეს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას. უფლის ხელი იყო მასზე.
4 . ვიხილე: აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი; ელვარებაა მის ირგვლივ, შუაში კი ელვარე ფოლადივით, ცეცხლის შუაგულში.
5 . მის შუაგულში ოთხი არსება დავინახე, ადამიანის მსგავსნი იყვნენ ისინი.
6 . თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა.
7 . სწორი ფეხები ჰქონდათ, ხოლო ფეხის ტერფები - ხბოს ჩლიქებივით; გაპრიალებული სპილენძივით ბრწყინავდნენ.
8 . ოთხივე მხარეს ფრთების ქვეშ ადამიანის ხელები ესხათ; ოთხივეს სახე და ფრთები ჰქონდათ.
9 . ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, მოძრაობისას სახეს არ აბრუნებდნენ, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მოძრაობდა.
10 . მათი სახეების გამომეტყველება კი ასეთი იყო: მარჯვენა მხარეს ოთხივეს ადამიანისა და ლომის სახე ჰქონდა; მარცხენა მხარეს ოთხივეს ხარის სახე ჰქონდა და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
11 . ასეთი იყო მათი პირსახე; ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ გაშლილი, ორ-ორი ფრთით ერთმანეთს ეხებოდნენ და ორითაც ტანს იფარავდნენ.
12 . თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სულს მიჰყავდა; მიდიოდნენ და არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
13 . ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან.
14 . ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.
15 . შევხედე ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს.
16 . მბრწყინავ ქრიზოლითს ჰგავდნენ შესახედაობითა და ნაკეთობით ეს ბორბლები, ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს. ასეთი იყო მათი შესახედაობა და ნაკეთობა: თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩასმული.
17 . დაიძვრებოდნენ თავიანთი ოთხი მიმართულებით, მოძრაობდნენ და მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
18 . ბორბლების ფერსოები მაღალი და საშინელი იყო; ოთხივე ფერსო გარშემო თვალებით იყო სავსე.
19 . ცხოველები რომ დაიძვრებოდნენ, ბორბლებიც იძვროდნენ მათთან ერთად; ცხოველები მიწიდან რომ აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ.
20 . საითკენაც სული გაიწევდა, იმ მიმართულებით მიდიოდნენ და ბორბლებიც მათთან ერთად მოძრაობდნენ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში.
21 . მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ გასწვრივ, რადგან ცოცხალი სული იდგა ბორბლებში.
22 . მოციმციმე ბროლის ცის თაღი იყო ცხოველთა თავზე, გასაოცარი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული.
23 . თაღის ქვეშ ერთმანეთს უსწორდებოდნენ მათი ფრთები, თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთი მხარეს და მეორე მხარეს.
24 . მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
25 . გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
26 . თაღის ზემოთ, მათ თავზე რომ იყო, საფირონის ქვის ტახტის მსგავსი რამ იდგა; ამ ტახტის მსგავსზე, მაღლა, ადამიანის მსგავსი რამ იჯდა.
27 . შემდეგ შევნიშნე მის წელს ზემოთ რაღაც განათებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე ცეცხლის მსგავსი რამ და ნათება იყო მის ირგვლივ.
28 . როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.
1 . ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
2 . ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები.
3 . ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.
4 . ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
5 . ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: "ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ”. ან კიდევ: "მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?”
6 . ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: "დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა”.
7 . ანგელოზებზე კი ამბობს: "ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს - ცეცხლის ალად”.
8 . ხოლო ძეზე: "შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
9 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
10 . და: "შენ დააფუძნე, უფალო, თავდაპირველად დედამიწა და ზეცა, შენი ხელის ნამოქმედარია.
11 . ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები; და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
12 . მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება”.
13 . ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად?”
14 . განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს?
1 . 1. გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა; 2. ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა მათი რიცხვი; 3. უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი. 4. როგორ განდიდდი, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადებს შენსავით? 5. შენ აღადგინე გვამი სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან უზენაესის სიტყვით; 6. შენ ჩამოაგდე მეფეები დასაღუპავად და დიდებულნი მათი სარეცლებიდან; 7. სინაიზე მოისმინე მხილება და ქორებზე შურისგების მსჯავრი; 8. შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს; 9. ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე; 10. განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა. 11. ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განმშვენებულნი და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით. 12. ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი. 13. ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. 14. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ. 15. და მაინც არ მოინანია ხალხმა და არ უკუაგდო თავის ცოდვები, ვიდრე ტყვეებად არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელ ქვეყნიერებაზე არ გაიფანტნენ. 16. დარჩა ძალზე მცირე ხალხი და მთავარი დავითის სახლიდან. მათგან ზოგიერთი სათნოდ იქცეოდა, ზოგიერთმა კი გაამრავლა ცოდვები. 17. ხიზკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და მის შუაგულში წყალი შეიყვანა, რკინით გათხარა კლდე და ააშენა წყალსაცავი. 18. მის დროს გამოილაშქრა სანხერიბმა და გამოგზავნა რაბსაკე, ხელი აღმართა სიონზე და ამპარტავნულად მედიდურობდა. 19. მაშინ აუკანკალდათ გულები და ხელები, და იტანჯებოდნენ მშობიარეთა მსგავსად. 20. მოუხმეს უფალს, გულმოწყალეს, და ხელები გაიწოდეს მისკენ. უმალ შეისმინა მათი წმიდამ ზეციდან და იხსნა ისინი ესაიას ხელით. 21. მან დაამარცხა აშურელთა მხედრობა და მისმა ანგელოზმა შემუსრა იგი. 22. რადგან ხიზკია უფლის წინაშე სათნოდ იქცეოდა და განმტკიცდა მამამისის, დავითის გზაზე, როგორც ამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით. 23. მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლეს ხანი. 24. თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა სიონში მგლოვარენი. 25. გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი - მათ ახდომამდე.