1 . ჩავიდა სამსონი ღაზაში, ნახა იქ ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.
2 . შეატყობინეს ღაზელებს: "სამსონი ჩამოსულა აქ”. და გარს უვლიდნენ და მთელი ღამე დარაჯობდნენ ქალაქის კარიბჭესთან, ჩასაფრებულნი იყვნენ და ამბობდნენ: "ინათებს თუ არა მოვკლავთ”.
3 . შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.
4 . ამის შემდეგ ერთი ქალი შეიყვარა სორეკის ხეობაში, სახელად დალილა.
5 . მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.
6 . უთხრა სამსონს დალილამ: "გთხოვ, მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა და რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?”
7 . უთხრა სამსონმა: "შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
8 . მიუტანეს დალილას ფილისტიმელმა მთავრებმა შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა დალილამ სამსონი.
9 . შიდა ოთახებში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა დალილამ სამსონს: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” და ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც მომწვარი ძენძის ძაფი წყდება ხოლმე. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10 . უთხრა დალილამ სამსონს: "აჰა, დამცინე და მომატყუე; ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?”
11 . სამსონმა უთხრა: "ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
12 . აიღო დალილამ ახალთახალი, უხმარი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” შიდა ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული; და ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
13 . უთხრა დალილამ სამსონს: "აქამდე ხომ დამცინოდი და მატყუებდი; მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?” უთხრა სამსონმა: "თუ ჩემი თმის შვიდ ნაწნავს საძახველს ჩააგრეხ, მაშინ დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
14 . ეძინა სამსონს, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახავს ჩააგრიხა, პალოზე მიაბა და ხმამაღლა დაიძახა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახავის პალოცა და ნაძახიც.
15 . უთხრა დალილამ: "როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ შენი გული ჩემთან არ არის? აი, სამჯერ დამცინე და არ მითხარი, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა”.
16 . რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
17 . გაუმხილა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უთხრა მას: "სამართებელი არ შემხებია თავზე, დედაჩემის მუცლიდანვე ღვთის მოწმიდარი ვარ, თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
18 . იხილა დალილამ, რომ გული გადაუხსნა; მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: "ერთხელ კიდევ ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა”. ავიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც აუტანეს საკუთარი ხელით.
19 . კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; იწყო სამსონმა დაკნინება, და გამოეცალა ძალა.
20 . თქვა დალილამ: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ!” გაიღვიძა და თქვა: "წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს”. არ იცოდა, რომ განშორდა უფალი.
21 . შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.
22 . ამასობაში წამოზრდა იწყო მისმა თმამ, მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
23 . შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რათა ემხიარულათ და დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, ამბობდნენ: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა სამსონი, ჩვენი მტერი”.
24 . და რა იხილა ხალხმა იგი, განადიდა თავისი ღმერთი და თქვა: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენგანი მოსრა”.
25 . და როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: "მოუხმეთ სამსონს, რომ გაგვართოს”. და გამოიყვანეს სამსონი საპყრობილედან, სვეტებს შორის დააყენეს და ამ სანახაობით ერთობოდნენ.
26 . უთხრა სამსონმა ჭაბუკს, რომელსაც ხელჩაკიდებული დაჰყავდა: "იმ სვეტებზე დამადებინე ხელი, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო”.
27 . სახლი კაცებითა და ქალებით იყო სავსე, ფილისტიმელთა ყველა მთავარი იქ იყო თავმოყრილი, სამი ათასამდე კაცი და ქალი ერდოზე იყო გასული და სამსონის ყურებით ერთობოდნენ.
28 . მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: "უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.
29 . და მოეჭიდა სამსონი ორ შუათანა სვეტს, რომლებზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30 . თქვა სამსონმა: "დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
31 . ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეული, წამოასვენეს და დამარხეს იგი ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის სამარხში. ოც წელს განსჯიდა სამსონი ისრაელს.
1 . მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
2 . ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?
3 . მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისმოსავი ამოირჩია ღმერთმა: უფალი მისმენს, როცა მოვუხმობ მას.
4 . ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.
5 . შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.
6 . მრავალი ამბობს: "ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა, უფალო!
7 . შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას.
8 . მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.
1 . ყურად იღე ჩემი ნათქვამი, უფალო, ჩასწვდი ჩემს წუხილს.
2 . ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
3 . უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
4 . რადგან არა ხარ სიავის მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
5 . ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.
6 . შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
7 . მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.
8 . უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
9 . რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.
10 . განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
11 . გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
12 . რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
1 . უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
2 . შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
3 . ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
4 . შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
5 . რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
6 . მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
7 . დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
8 . განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
9 . ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
10 . გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.
1 . გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
2 . ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
3 . ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
4 . რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
5 . განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
6 . მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
7 . ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
8 . და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
9 . უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
10 . შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
11 . უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
12 . რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
13 . შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
14 . რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
15 . ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
16 . ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
17 . დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
18 . სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
19 . აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
20 . უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
21 . რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
22 . ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
23 . რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
24 . ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
25 . გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
26 . თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
27 . მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
28 . ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
29 . დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
30 . მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
31 . თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
32 . აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
33 . რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
34 . უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
35 . გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
36 . უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
37 . უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
38 . გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
1 . ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
2 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?
3 . როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
4 . მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
5 . თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
6 . ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
1 . ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
2 . შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.
3 . შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
4 . ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
5 . გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
6 . მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
7 . გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.
8 . შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
9 . ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
10 . ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
11 . ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ.
12 . ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.
13 . აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.
14 . იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
15 . მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.