1 . ეს არის ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც, თითოეული თავისი სახლეულით, იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში.
2 . რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
3 . ისაქარი, ზებულონი და ბენიამინი,
4 . დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5 . ყოველი მათგანი იაკობის საზარდულიდან იყო გამოსული, სულ სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6 . და გარდაიცვალა იოსები, ყველა მისი ძმა და მთელი მათი თაობა;
7 . ისრაელის ძენი კი მომრავლდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ, მეტისმეტად გაძლიერდნენ და აღივსო ის ქვეყანა მათით.
8 . და დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
9 . უთხრა თავის ხალხს: "ჩვენზე ბევრნი და ძლიერნი არიან ისრაელის ძეთა ხალხი.
10 . ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან; და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, იომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან”.
11 . და დაუნიშნეს მათ სამუშაოს უფროსნი, რომ მძიმე შრომით დაეუძლურებინათ ისინი. აუშენეს მათ ფარაონს სამარაგო ქალაქები - ფითომი და რაყმესესი.
12 . მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელის ძეთა წინაშე.
13 . უმოწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელის ძეებს ეგვიპტელნი.
14 . სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხაზე, აგურზე და მინდვრებში. ყველა საქმეში, რომლითაც ამუშავებდნენ, დაუნდობლად ექცეოდნენ მათ.
15 . უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს შიფრა, ხოლო მეორეს ფუყა ერქვა.
16 . უთხრა: "ებრაელ ქალებს, რომ მოამშობიარებთ, შეხედეთ, თუ ვაჟი იქნება, მოკალით, ხოლო თუ ქალი იქნა - იცოცხლოს”.
17 . მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
18 . იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და ჰკითხა: "რატომ იქცევით ასე, ცოცხლად რად ტოვებთ ვაჟებს?”
19 . უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: "ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, უფრო ჯანსაღნი არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ”.
20 . სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.
21 . და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.
22 . და ასე უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს: "ყოველი ახალშობილი ვაჟი მდინარეში ჩააგდეთ, ქალი კი ცოცხალი დატოვეთ!”
1 . "მოუხმე ახლა, თუ გყავს მოპასუხე და წმიდანთაგან ვის მიმართავ?
2 . რადგან უგუნურს რისხვა სრავს, ბრიყვს კი შური კლავს.
3 . კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.
4 . შორს არიან ხსნისგან მისი ძენი, შეიმუსრებიან კარიბჭესთან და არ ეყოლებათ გამომხსნელი.
5 . რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან, მძარცველები შთანთქავენ მის ქონებას.
6 . რადგან მტვრისგან არ გამოდის წუხილი და მიწიდან არ აღმოცენდება უბედურება.
7 . რადგან ტანჯვისთვის იბადება ადამიანი და ნაპერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
8 . მე კი ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთის წინაშე დავდებდი ჩემს საქმეს,
9 . რომელიც დიდ საქმეებს ახდენს და სასწაულებს - აურაცხელად;
10 . ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწევენ წარმატებას მათი ხელნი;
11 . მდაბლებს სიმაღლეზე დასხამს და მგლოვიარეებს ხსნაში აღაზევებს.
12 . ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწვვენ წარმატებას მათი ხელნი.
13 . მათსავე მზაკვრობაში შეიპყრობს ბრძენთ და ამაოებად აქცევს ცბიერთა რჩევას.
14 . დღისით წყვდიადს გადაეყრებიან და შუადღისით ხელის ცეცებით დადიან, როგორც ღამე.
15 . იხსნის გლახაკს მათი პირის მახვილისგან და ძლიერის ხელისგან.
16 . იმედი აქვს უძლურს და პირს კუმავს უსამართლობა.
17 . აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხელს ღმერთი; ყოვლადძლიერის წვრთნას ნუ უგულებელჰყოფ!
18 . რადგან ის აყენებს ტკივილს და თვითონვე უხვევს ჭრილობებს, განგმირავს და თავისივე ხელით კურნავს.
19 . ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის და მეშვიდეში ბოროტება არ შეგეხება.
20 . შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს - მახვილის ძალისგან.
21 . ენის შოლტს დაემალები და განადგურებას არ შეუშინდები, როცა მოვა.
22 . გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.
23 . რადგან ველის კლდეებთან გექნება აღთქმა და მინდვრის ნადირს მშვიდობა ექნება შენთან.
24 . გეცოდინება, რომ მშიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს სამკვიდრებელს და დანაკარგი არ გექნება.
25 . გაიგებ, რომ მრავალრიცხოვანი იქნება შენი ნაშიერი და მიწის ბალახივით - შენი შთამომავლობა.
26 . დღესრული ჩახვალ საფლავში, როგორც ხორბლის ძნა შემოდის თავის დროზე.
27 . აჰა, გამოვიკვლიეთ ეს და ასეა, შეისმინე და იცოდე შენდა სასიკეთოდ.
1 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2 . იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
3 . და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
4 . აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.
5 . შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
6 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
7 . და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
8 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
9 . რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
10 . მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
11 . რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
12 . მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
13 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
14 . გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
15 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
16 . რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
17 . ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
18 . ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
19 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
20 . მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
21 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
22 . შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
23 . ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
24 . მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
25 . ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
26 . ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
27 . წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
28 . და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.
29 . გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
30 . გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
31 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
32 . დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
33 . გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
34 . ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
35 . გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
36 . დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
37 . დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
38 . აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
39 . დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
40 . სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
41 . გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
42 . ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება.
43 . ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
1 . მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიუშვებს.
2 . კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.
3 . სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.
4 . ზვიადი თვალები და ამაყი გული - უკეთურთა ლამპარი და ცოდვაა.
5 . ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, დაუდევარი კი გაღატაკდება.
6 . მატყუარა ენით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.
7 . უმართლოთა ძალადობა მათვე მიუბრუნდება, ვინაიდან სამართლის ქმნა უგულებელჰყვეს.
8 . მრუდეა უმართლოს გზა, სუფთა კაცი კი პირდაპირია მოქმედებაში.
9 . ერდოს კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
10 . ბოროტი სწადია უმართლოს გულს, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მოყვასი.
11 . დამცინავის დასჯისას გულუბრყვილო გონიერდება ბრძენი კი შეგონებით იძენს ცოდნას.
12 . აკვირდება მართალი უმართლოს სახლს, როგორ ეცემა და ნადგურდება.
13 . ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.
14 . ფარულად მიძღვნილი საჩუქარი რისხვას აცხრობს და ქრთამი უბეში - ძლიერ გულისწყრომას.
15 . სიმართლის ქმნა - სიხარულია მართლისთვის და შიშის ზარი - ბოროტის მქმნელისთვის.
16 . გონიერების გზიდან გადავარდნილი ადამიანი მკვდართა კრებულში დაისვენებს.
17 . სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
18 . ბოროტეული მართლის გამოსასყიდია, მოღალატე კი - გულწრფელისა.
19 . უდაბურ მიწაზე ცხოვრება სჯობს, ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას.
20 . სანუკვარი განძი და ზეთია ბრძენის სახლში, ბრიყვი კაცი კი შთანთქავს მათ.
21 . სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლესა და პატივს ჰპოვებს.
22 . ძლიერთა ქალაქს დაიპყრობს ბრძენი და დაანგრევს მის საიმედო სიმაგრეს.
23 . ვინც თავის ბაგესა და ენას უფრთხილდება უბედურებისგან იცავს თავის თავს.
24 . ამაყი, ქედმაღალი და დამცინავია მისი სახელი, ვინც ამპარტავნულად მოქმედებს.
25 . ზარმაცს საკუთარი სიხარბე კლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ მუშაობაზე;
26 . მთელ დღეს ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს.
27 . უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უმეტეს, თუ ცბიერებით მოაქვს იგი.
28 . ცრუ მოწმე მოიკვეთება, ჭეშმარიტების გამგონი კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.
29 . ბოროტი კაცი სახეს ისასტიკებს, მართალი კი თავის გზას აკვირდება.
30 . არ არსებობს სიბრძნე, გონება და რჩევა, უფალს რომ დაუპირისპირდეს.
31 . ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
1 . ასე ამბობს უფალი: "ჩადი იუდას მეფის სახლში და ილაპარაკე იქ ეს სიტყვა.
2 . თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, დავითის ტახტზე მჯდომარე იუდას მეფევ, შენ, შენმა მსახურებმა და ამ კარიბჭეში შემომსვლელმა ხალხმა!
3 . ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე.
4 . თუ ამ სიტყვას შეასრულებთ, მაშინ მეფეები ივლიან ამ სახლის კარიბჭეებში, დასხდებიან დავითის ადგილზე, მის ტახტზე, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრდებიან, თვითონ მეფე, მისი მსახურები და მისი ხალხი.
5 . მაგრამ თუ არ შეისმენთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ გაუკაცრიელდება ეს სახლი”.
6 . რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: "გილყადივით ხარ ჩემთვის და ლიბანის მწვერვალივით, მაგრამ მაინც უდაბნოდ და უკაცრიელ ქალაქად გაქცევ.
7 . ამაოხრებლებს მოვუხმობ შენ წინააღმდეგ, თითოეულს თავისი იარაღით, გაჩეხავენ შენს რჩეულ კედრებს და ცეცხლში ჩაყრიან.
8 . მრავალი ერი ჩაუვლის ამ ქალაქს და ერთმანეთს ჰკითხავენ: ასე რატომ მოექცა უფალი ამ დიდებულ ქალაქს?
9 . პასუხად ეტყვიან: იმიტომ, რომ უფლის, თავიანთი ღმერთის აღთქმა მიატოვეს, უცხო ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენო.
10 . მკვდარ მეფეზე ნუ ტირით და ნუ გლოვობთ, იტირეთ მიმავალი, ტყვეობაში წაყვანილი მეფე, რადგან აღარასოდეს დაბრუნდება და ვეღარ იხილავს მშობლიურ ქვეყანას.
11 . რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იუდას მეფის იოშიას ძეზე, რომელიც მამამისის, იოშიას ნაცვლად გამეფდა, რომელიც ამ ადგილიდან გავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდება!
12 . "იქ მოკვდება, სადაც გადაასახლეს, ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს!” 13 ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
13 . ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
14 . ვინც ამბობს: ფართო სახლს და ვრცელ ზემო ოთახებს ავიშენებ; სარკმლებს გამოჭრის თავისთვის, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.
15 . იმიტომ მეფობ, რომ კედრით აშენო? მამაშენიც კი ჭამდა და სვამდა, მაგრამ ამასთან ერთად სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა; ამიტომ ჰქონდა სიკეთე.
16 . ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა? ამბობს უფალი.
17 . მაგრამ შენი თვალი და შენი გული მხოლოდ ანგარებას, უდანაშაულო სისხლის დაღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას ეძებს.
18 . ამიტომ ამბობს უფალი იეჰოიაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: "არ დაიტირებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, ან ვაი, ჩემო დაო! არ დაატირებენ მას: ვაი, ბატონო! ან ვაი, მისო დიდებულებავო!
19 . ვირის დამარხვით დაიმარხება, წაათრევენ და იერუსალიმის ჭიშკრების მიღმა გადააგდებენ.
20 . ადი ლიბანში და მთელი ძალით იყვირე, ბაშანში აღიმაღლე ხმა და ყაბარიმშიც იყვირე, რადგან შეიმუსრა ყველა შენი მოკავშირე.
21 . მშვიდად ყოფნის ჟამს გაფრთხილებდი, მაგრამ თქვი: არ მოვისმენო. სიყმაწვილიდანვე ასეთი იყო შენი საქციელი, არ ემორჩილებოდი ჩემს სიტყვას.
22 . შენს მწყემსებს ქარი გარეკავს და შენი მოყვარულნი დატყვევდებიან. მაშინ კი შერცხვები და დამცირდები ყველა შენი ბოროტების გამო.
23 . შენ, რომელიც ლიბანში მკვიდრობ და კედრებში ბუდობ, გაიტანჯები, როცა ტკივილი მოგეწევა მშობიარე ქალივით.
24 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ბეჭედიც რომ იყო ჩემი მარჯვენა ხელისა, იექონია იეჰოიაკიმის ძევ, იუდას მეფევ, იქიდანაც წაგაძრობდი.
25 . მაინც ჩაგაგდებ შენი სულის მაძიებელთა ხელში, ვისიც გეშინია - მათ ხელში, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორისა და ქალდეველთა ხელში.
26 . გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ; იქ დაიხოცებით.
27 . ვეღარ დაბრუნდებით იმ ქვეყანაში, რომელსაც მიელტვით.
28 . საზიზღარი და დამსხვრეული კერპია ეს კაცი იექონია? თუ - უსარგებლო ჭურჭელი? რატომ არიან ის და მისი თესლი გადაყრილნი და განდევნილნი იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდნენ?
29 . ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა!
30 . ასე ამბობს უფალი: "ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უშვილო, რომელიც ვერ აღზევდება თავის დღეებში, რადგან მისი თესლიდან ვერ გამოვა დავითის ტახტზე მჯდომი და იუდას მმართველი”.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა სოსთენი,
2 . ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან - მათთან თუ ჩვენთან:
3 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
4 . ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს თქვენთვის და ღვთის მადლისთვის, რაც ქრისტე იესოში მოგეცათ,
5 . იმიტომ, რომ ყველაფრით გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით,
6 . ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;
7 . და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
8 . ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
9 . ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.
10 . მაგრამ შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ ერთი გონებით და ერთი აზრით.
11 . რადგან ქლოეს ხალხისგან შევიტყვე ძმებო, რომ თქვენს შორის დავაა.
12 . ვგულისხმობ იმას, რომ ყველა თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13 . განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
14 . მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, კრისპუსისა და გაიოზის გარდა,
15 . რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
16 . მოვნათლე სტეფანას სახლეულიც; მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
17 . რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
18 . ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
19 . რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.
20 . სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?
21 . და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
22 . ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23 . ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას,
24 . ხოლო მოწოდებულთათვის - იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც - ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს.
25 . რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე - ადამიანებზე უძლიერესი.
26 . ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული;
27 . არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი; და წუთისოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
28 . მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
29 . რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე.
30 . მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
31 . რათა იყოს, როგორც სწერია: ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.