1 .
გამოხდა ხანი, მიაკითხა სამსონმა თავის ცოლს ხორბლის მკის დროს და საჩუქრად თიკანი მიართვა. თქვა: "შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!” მაგრამ ქალის მამამ არ დართო შესვლის ნება.
2 .
უთხრა სიმამრმა: "ვიფიქრე, რომ მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აი, მისი უმცროსი და მასზე მშვენიერია; გთხოვ, ის იყოს შენთვის ცოლად მის მაგიერ”.
3 .
მიუგო სამსონმა: "ამიერიდან უდანაშაულო ვიქნები ფილისტიმელთა წინაშე, ბოროტიც რომ გავუკეთო მათ”.
4 .
წავიდა სამსონი, სამასი მელია დაიჭირა, აიღო ჩირაღდნები, კუდებით ერთმანეთზე გადააბა მელიები და ორ კუდს შორის თითო ჩირაღდანი ჩაამაგრა.
5 .
ცეცხლი მოუკიდა ჩირაღდნებს, მიუშვა მელიები ფილისტიმელთა სამკალზე და გადაუწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები.
6 .
იკითხეს ფილისტიმელებმა: "ეს ვინ გაგვიკეთა?” უთხრეს: "სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მაყარს მიათხოვეს”. ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი.
7 .
უთხრა მათ სამსონმა: "რაკი ასე იქცევით, უსათუოდ შურს ვიძიებ თქვენზე და შემდეგ დაგეხსნებით”.
8 .
უმოწყალოდ ურტყა წვივებზე და თეძოებზე, მერე ჩავიდა და ყეტამის კლდის ნაპრალს შეეფარა.
9 .
ავიდნენ ფილისტიმელნი, დაბანაკდნენ იუდაში და განივრცნენ ლეხამდე.
10 .
ჰკითხეს იუდას მკვიდრებმა: "რად ამოხვედით ჩვენთან?” უპასუხეს: "სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა ისევე მოვექცეთ მას, როგორც ის მოგვექცა”.
11 .
სამი ათასი კაცი ჩავიდა იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: "განა არ იცი, რომ ფილისტიმელნი მთავრობენ ჩვენზე? ასე რად მოგვექეცი?” უპასუხა: "როგორც მომექცნენ, ისე მოვექეცი”.
12 .
უთხრეს: "შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა გადაგცეთ ფილისტიმელთ”. მიუგო სამსონმა: "შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ”.
13 .
უთხრეს: "არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და მათ ხელთ გადაგცემთ, მოკვლით კი არ მოგკლავთ”. ორი ახალი თოკით შეკრეს და წაიყვანეს კლდიდან.
14 .
მივიდნენ ლეხამდე და შეძახილებით დახვდნენ ფილისტიმელნი; და გადმოვიდა მასზე უფლის სული, ცეცხლმოკიდებული სელივით გახდნენ თოკები და ხელებზე შემოადნა საბელები.
15 .
იპოვა სახედრის ნედლი ყბა, გაიწოდა ხელი, აიღო და ათასი კაცი მოსრა მისით.
16 .
თქვა სამსონმა: "სახედრის ყბით დავხოცე და დავახვავე, სახედრის ყბით მოვკალი ათასი კაცი”.
17 .
თქვა და მოისროლა ვირის ყბა ხელიდან; იმ ადგილს კი რამათ ლეხი უწოდა.
18 .
ძლიერ მოსწყურდა და შეჰღაღადა უფალს: "შენი მსახურის ხელით ამხელა ხსნა მოავლინე და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე და ამ წინადაუცვეთელთ ჩავუვარდე ხელში?”
19 .
გააპო ღმერთმა ლეხის ნაპრალი და ჩქეფით გადმოვიდა წყალი. დალია, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს მღაღადებელის წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
20 .
ოცი წელიწადი მსაჯულობდა ისრაელში სამსონი ფილისტიმელთა დღეებში.