1 . მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.
2 . წარგზავნა იეშუამ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც ბეთავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით იყო და უთხრა: "ადით და დაზვერეთ ქვეყანა”. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.
3 . დაბრუნდნენ იეშუასთან და უთხრეს: "ნუ წავა მთელი ხალხი; ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და მოსრას ჰაღაი; ნუ გარჯი მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი”.
4 . ავიდა სამი ათასამდე კაცი ხალხიდან, მაგრამ უკუაქციეს ჰაღაის კაცებმა;
5 . დახოცეს მათგან ოცდათექვსმეტამდე ჰაღაის კაცებმა, კარიბჭიდან შებარიმამდე სდიეს და გაწყვიტეს მთის დამრეცზე; დაუდნა ხალხს გული, წყალივით გაუხდა.
6 . შემოიხია იეშუამ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე და მტვერი დაიყარა თავზე ისრაელის უხუცესებთან ერთად.
7 . მოსთქვამდა იეშუა: "ვაი, უფალო ღმერთო! რად გადმოალახვინე ამ ხალხს იორდანე, რათა ამორელთა ხელში ჩაგეგდო და დაგეღუპა? ნეტა იორდანეს გაღმა დამკვიდრება გვერჩია!
8 . გემუდარები, უფალო, რაღა ვთქვა, მას შემდეგ, რაც ზურგი აქცია ისრაელმა თავის მტრებს?
9 . გაიგებენ ქანაანელნი და ამ მიწის ყველა მკვიდრნი, გარს შემოგვადგებიან და წარხოცენ ჩვენს სახელს დედამიწის პირიდან. შენს დიად სახელს რაღას უზამ?”
10 . უთხრა უფალმა იეშუას: "ადექი, რას დამხობილხარ პირქვე?!
11 . შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი აღთქმაც, რომელიც ვამცნე; დარისხებულიდან აიღეს, კიდეც მოიპარეს, გადამალეს და თავის ჭურჭელთან დადეს.
12 . ამიტომ ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა მტრებთან გამკლავება და ზურგი აქციეს მათ, რადგან თვითონ შეიქნენ დარისხებულნი; აღარ ვიქნები თქვენთან თუ არ ამოშანთავთ დარისხებულს თქვენი წიაღიდან.
13 . ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.
14 . დილას ტომებად დადექით და ტომი, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს საგვარეულოების მიხედვით; საგვარეულო, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს სახლეულების მიხედვით; სახლეული, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს კაცების მიხედვით.
15 . ცეცხლით დაიწვას დარისხებულის დატაცებაში მხილებული, ის და ყოველივე, რაც მისია, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და ურჩობა გამოიჩინა ისრაელში”.
16 . ადგა იეშუა დილით და დააყენა ისრაელი ტომებად; დაკავდა იუდა.
17 . გამოვიდა იუდას ტომი და დაკავდა ზერახის საგვარეულო. გამოვიდა სახლეულებით ზერახის საგვარეულო და დაკავდა ზაბდი.
18 . სათითაოდ გამოიყვანა მამაკაცები მისი სახლეულიდან და დაკავდა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ზერახის შთამომავალი, იუდას ტომიდან.
19 . უთხრა იეშუამ ყაქანს: "შვილო, დიდება მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, აღიარე მის წინაშე და მითხარი, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ”.
20 . მიუგო ყაქანმა იეშუას: "ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ცუდად მოვიქეცი:
21 . დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.
22 . წარგზავნა იეშუამ შიკრიკნი და გაიქცნენ კარვისკენ; და აჰა, ყაქანის კარავშია დამალული, ვერცხლი კი - მის ქვეშაა.
23 . წამოიღეს კარვიდან, მიუტანეს იეშუას, ყველა ისრაელიანს და დაყარეს უფლის წინაშე.
24 . წაიყვანა იეშუამ ყაქანი, ზერახის ძე, თავისი ვერცხლით, მოსასხამითა და ოქროს ზოდით, ასევე მისი ძეები და ასულები, ხარი, სახედარი, ცხვარი, კარავი და ყოველივე, რაც გააჩნდა; მთელი ისრაელი ახლდა თან; და გაიყვანეს ყაქორის ველზე.
25 . უთხრა იეშუამ: "რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხს უბედურებას უფალი”. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და ცეცხლით დაწვეს, მას შემდეგ, რაც ჩაქოლეს.
26 . ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდე დგას; და დაცხრა უფლის მძვინვარე რისხვა. დღემდე ამიტომ ეწოდება იმ ადგილს ყაქორის ველი.
1 . გამოვიდა მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ასევე გილყადის მთელი ქვეყანა და უფლის წინაშე, მიცფაში შეიკრიბა, როგორც ერთი კაცი.
2 . გამოცხადნენ მთელი ერის მეთაურნი, ისრაელის ყოველი ტომი, ღმერთის ხალხის კრებულად, ოთხასი ათასი ქვეითი, მახვილის ამღები კაცი.
3 . და შეიტყვეს ბენიამინის ძეებმა, რომ ავიდნენ ისრაელის ძეები მიცფას. თქვეს ისრაელიანებმა: "გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?”
4 . მიუგო ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: "ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.
5 . აღდგნენ ჩემზე გიბყას მკვიდრნი, გარს შემოერტყნენ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
6 . ავიყვანე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და გარყვნილი საქმე ჩაიდინეს ისრაელში.
7 . აჰა, ყველანი ძენი ხართ ისრაელისა, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!”
8 . წამოდგა ხალხი როგორც ერთი კაცი და თქვა: "არც ერთი ჩვენგანი არ წავა თავის კარავში და არც ერთი ჩვენგანი არ დაბრუნდება თავის სახლში.
9 . აი, რას დავმართებთ დღეს გიბყას: წილისყრით გავილაშქრებთ მის წინააღმდეგ!
10 . ისრაელის ყოველი ტომის ასეულიდან ათი კაცი გამოვარჩიოთ, ათასეულიდან - ასი, ათიათასიდან - ათასი; საგზლით მოამარაგონ ისინი, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი იმ სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც ჩაიდინა ისრაელში!”
11 . შეიკრიბა მთელი ისრაელი ქალაქის წინააღმდეგ და შეიკრნენ როგორც ერთი კაცი.
12 . კაცები დაგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და უთხრეს: "ეს რა ბოროტება მოხდა თქვენ შორის?
12 . კაცები დაგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და უთხრეს: "ეს რა ბოროტება მოხდა თქვენ შორის?
13 . ახლა მოგვეცით ის ზნედაცემული ხალხი გიბყაში რომ არიან, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან”. მაგრამ არ შეისმინეს ბენიამინის ძეებმა თავიანთი ძმების, ისრაელის ძეთა სიტყვა.
14 . და შეიყარნენ გიბყაში ბენიამინის ძენი თავ-თავისი ქალაქებიდან, ისრაელის ძეებთან საბრძოლველად.
15 . ოცდაექვსი ათასი ხმლის ამღები კაცი შემოიკრიბა ბენიამინის ძეთა ქალაქებიდან; მათ გარდა, შვიდასი რჩეული კაცი გიბყელთაგან აღირიცხა.
16 . მთელი ამ ხალხიდან, შვიდასი რჩეული კაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა.
17 . ისრაელის ძენი, ბენიამინის გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები; თითოეული მათგანი მებრძოლი იყო.
18 . ადგნენ და ავიდნენ ბეთელში, რჩევა ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: "რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?” უთხრა მათ უფალმა: "იუდა გავიდეს პირველი!”
19 . ადგნენ დილით ისრაელიანები და დაიბანაკეს გიბყას პირდაპირ.
20 . გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საომრად და გიბყას მახლობლად დადგნენ საბრძოლო წყობით.
21 . გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბყადან და მიწაზე დასცეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
22 . მხნეობა მოიკრიბეს ისრაელის კაცებმა და კვლავ დადგნენ საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც პირველ დღეს იდგნენ.
23 . და ავიდნენ ისრაელის ძენი, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ჰკითხეს უფალს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად?” თქვა უფალმა: "გადით”.
24 . და კვლავ მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს.
25 . გამოვიდა ბენიამინი მათ წინააღმდეგ გიბყადან მეორე დღეს და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მახვილის ამღები.
26 . ავიდა ბეთელს მთელი ისრაელი, მთელი ერი და შესტიროდა უფალს, იჯდა და მარხულობდა საღამომდე, აღავლინეს უფლის წინაშე სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები.
27 . ჰკითხეს ისრაელის ძეებმა უფალს, (იმ დღეებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა.
28 . და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აჰარონის ძისა, იდგა მის წინაშე იმ დღეებში.) თქვეს: "ისევ გავიდეთ ჩვენს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად, თუ შევწყვიტოთ?” უთხრა მათ უფალმა: "გადით, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მათ”.
29 . და ჩასაფრდნენ ისრაელიანები გიბყას ირგვლივ.
30 . გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინის ძეთა წინააღმდეგ მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბყას წინ.
31 . გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ხალხის წინააღმდეგ, დაშორდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად ხალხის მოსვრა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელისკენ ადის, მეორე კი გიბყასკენ. ოცდაათამდე ისრაელიანი მოკლეს.
32 . თქვეს ბენიამინის ძეებმა: "უწინდებურად იმუსრებიან ჩვენ წინაშე”. ისრაელის ძეებმა კი თქვეს: "გავექცეთ და ქალაქიდან გზებზე გამოვიტყუოთ”.
33 . ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და დადგა ბაყალ-თამარში. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავისი ადგილებიდან, გიბყას დასავლეთით.
34 . გამოვიდა გიბყას წინააღმდეგ ათი ათასი რჩეული კაცი, მთელი ისრაელიდან და სასტიკი ბრძოლა გაიმართა; არ იცოდნენ ბენიამინის ძეებმა, რომ უბედურება ელოდათ.
35 . და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე; დახოცეს იმ დღეს ისრაელის ძეებმა ბენიამინის ოცდახუთი ათას ასი კაცი, ყველა მახვილის ამღები.
36 . დაინახეს ბენიამინის ძეებმა, რომ განადგურდნენ; ადგილი მოუტოვეს ისრაელიანებმა ბენიამინს, რადგან გიბყას მახლობლად ჩასაფრებული ხალხის იმედი ჰქონდათ.
37 . ჩასაფრებულები სწრაფად დაესხნენ თავს გიბყას, ეკვეთნენ და მახვილის პირით მოსრეს მთელი ქალაქი.
38 . ისრაელის კაცებსა და ჩასაფრებულებს ნიშანი ჰქონდათ დათქმული, რომ კვამლის დიდ სვეტს აუშვებდნენ ქალაქიდან.
39 . როცა უკუიქცა ისრაელი ბრძოლის ველიდან და იწყო ბენიამინმა მუსვრა და გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი; თქვეს: უწინდებურად იმუსრებიანო ჩვენს წინაშე, როგორც წინა ბრძოლების დროს.
40 . ამ დროს სვეტად აედინა კვამლი ქალაქს. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ქალაქის ყოველ კუთხეს კვამლი ასდის ცამდე.
41 . მოუბრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა რომ უბედურება ეწია.
42 . ზურგი აქციეს და გაექცნენ ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ მაინც წამოეწიათ ბრძოლა და ქალაქებიდან გამოსულებიც მუსრავდნენ მათ თავიანთ შორის.
43 . ალყაში მოაქციეს ბენიამინი, მოქანცვამდე სდიეს და გიბყამდე ხოცეს, აღმოსავლეთით.
44 . თვრამეტი ათასი კაცი დაეცა ბენიამინისგან, ყველა მათგანი მამაცი ვაჟკაცი.
45 . უდაბნოსკენ იბრუნეს პირი და რიმონის კლდისკენ გაიქცნენ; გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი მოკლეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და მოსრეს მათგან კიდევ ორი ათასი კაცი.
46 . მთლიანად იმ დღეს ოცდახუთი ათასი, მახვილის ამღები კაცი დაეცა ბენიამინისგან, ყველა მამაცი ვაჟკაცი.
47 . ექვსასი კაცი გაბრუნდა და გაიქცა უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ და ცხოვრობდნენ რიმონის კლდეში ოთხ თვეს.
48 . კვლავ მოუბრუნდნენ ისრაელის კაცები ბენიამინის ძეებს და მოსრეს მახვილის პირით მთელი ქალაქი, პირუტყვი და ყველაფერი, რაც დახვდათ; და ცეცხლს მისცეს ყველა ქალაქი, რომელიც შემოხვდათ.
1 . ასე შეჰფიცა უფალს მიცფაში ისრაელმა: "არც ერთი ჩვენგანი არ მისცემს თავის ასულს ცოლად ბენიამინს”.
2 . მოვიდა ხალხი ბეთელში და დასხდნენ იქ საღამომდე უფლის წინაშე; აღიმაღლეს ხმა და მოთქვამდნენ დიდი ტირილით.
3 . ამბობდნენ: "უფალო, ისრაელის ღმერთო, რისთვის მოხდა ეს ისრაელში? ერთი ტომი მოაკლდა დღეს ისრაელს!”
4 . დილაადრიანად ადგა ხალხი მეორე დღეს, ააგეს იქ სამსხვერპლო და აღუვლინეს სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირები.
5 . ყველა ტომთაგან?” რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ ავიდოდა მიცფაში, უფლის წინაშე.
6 . ნაღვლობდნენ ისრაელის ძეები ბენიამინის, თავისი ძმის გამო და ამბობდნენ: "მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.
7 . გადარჩენილებს როგორღა მოვექცეთ, ხომ დავიფიცეთ უფლის წინაშე, რომ არ მივათხოვებთ ჩვენს ასულთაგან?”
8 . იკითხეს: "თუ არის ვინმე ისრაელის ტომთაგან, რომელიც არ ამოსულა მიცფაში, უფლის წინაშე?” და აჰა, არავინ მისულა საკრებულოდ გილყადის იაბეშიდან.
9 . და როცა აღირიცხა ხალხი, აღმოჩნდა, რომ არავინ იყო გილყადის იაბეშიდან.
10 . თორმეტი ათასი მამაცი მებრძოლი მიავლინა იქ თემმა და უბრძანა: "წადით და მახვილის პირით შემუსრეთ გილყადის იაბეშის მკვიდრნი, ქალებიცა და ბავშვებიც.
11 . აი, რა უნდა გააკეთოთ: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი დედაკაცი, მოსპეთ”.
12 . გამოარჩიეს გილყადის იაბეშის მაცხოვრებლებში ოთხასი ქალწული, რომლებმაც მამაკაცის სარეცელი არ იცოდნენ და მიიყვანეს შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
13 . წარგზავნა ისრაელის მთელმა კრებულმა შუამავალი და გამოუცხადეს მშვიდობა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეებს.
14 . დაბრუნდნენ ბენიამინის ძენი და მიათხოვეს გილყადის იაბეშში ცოცხლად დატოვებული ქალები; მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.
15 . და ნაღვლობდა ხალხი ბენიამინის გამო, რადგან ბზარი გააჩინა უფალმა ისრაელის ტომებში.
16 . თქვეს კრებულის უხუცესებმა: "როგორ მოვიქცეთ გადარჩენილებთან ცოლების თაობაზე? რადგან განადგურდნენ ბენიამინელთა ქალები”.
17 . და თქვეს: "მემკვიდრეობა უნდა მიეცეს გადარჩენილ ბენიამინელებს, რათა არ ამოიძირკვოს ტომი ისრაელისგან,
18 . მაგრამ არ შეგვიძლია მათთვის ჩვენი ასულების მითხოვება, რადგან ფიცი გვაქვს წარმოთქმული ისრაელის ძეებს, რომ წყეულ იყოს ბენიამინისთვის ცოლის მიმცემი”.
19 . თქვეს: "აჰა, უფლის დღესასწაულია ყოველ წელს შილოში, ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემისკენ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონას სამხრეთით”.
20 . და უბრძანეს ბენიამინის ძეებს: "წადით და ჩასაფრდით ვენახებში.
21 . უყურეთ და, აჰა, როცა დაინახავთ, რომ გამოვიდნენ შილოელი ასულები საფერხულოდ, მაშინ გამოდით ვენახებიდან, გაიტაცეთ თითოეულმა საცოლე მათგან და წადით ბენიამინის ქვეყანაში.
22 . და როცა მოვლენ მათი მამები ან ძმები ჩვენთან საჩივლელად, ვეტყვით: ჩვენ გვიწყალობეთ ისინი მათთვის, რადგან ვერ შევძინეთ თოთოეულ კაცს თავის ცოლი გილყადის იაბეშის ბრძოლაში; არც თქვენ მიგიციათ ნებით ისინი, თორემ დამნაშავენი იქნებოდით”.
23 . ასეც მოიქცნენ ბენიამინის ძენი და მოიყვანეს ცოლები, მოფერხულეთაგან რომ გაიტაცეს; წავიდნენ და დაბრუნდნენ თავის სამკვიდრებელში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ იქ.
24 . და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი თავ-თავის ტომსა და საგვარეულოში; იქიდან კი თითოეული თავის სამკვიდრებელში გადავიდა.
25 . მეფე არ ჰყავდა იმ დღეებში ისრაელს და თითოეული იმას აკეთებდა, რასაც თვითონ თვლიდა სამართლიანად.
1 . მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.
2 . დიდმა დრომ - ოცმა წელიწადმა - განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დამკვიდრებიდან; და მოენატრა უფალი ისრაელის მთელ სახლს.
3 . ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: "თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
4 . განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5 . თქვა სამუელმა: "შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს”.
6 . შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: "შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
7 . გაიგეს ფილისტიმელებმა, მიცფაში შეკრებილანო ისრაელის ძენი და გამოვიდნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ესმათ ისრაელის ძეებს და დიდად შეშინდნენ.
8 . უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: "ნუ შეწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
9 . აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.
10 . როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.
11 . გამოვიდნენ ისრაელიანნი მიცფადან, განდევნეს ფილისტიმელნი და მუსრავდნენ მათ ბეთ-ქარამდე.
12 . აიღო სამუელმა ერთი ლოდი, დადო მიცფასა და ჰაშენს შორის და უწოდა მას ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). თქვა: "ამ ადგილამდე შეგვეწია უფალი”.
13 . დამარცხდნენ ფილისტიმელნი და მეტად აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში.
14 . და დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთა მიერ წართმეული ქალაქები: ყეკრონიდან გათამდე; მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორს შორის.
15 . მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
16 . დადიოდა წლიდან წლამდე, გარს უვლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას და მთელ იმ ადგილებში მსაჯულობდა ისრაელზე.
17 . მერე რამაში ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი. იქაც განსჯიდა ისრაელს და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი და აჰა, სამოსელი ჰქონდა შემოგლეჯილი და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა.
2 . ჰკითხა დავითმა: "საიდან მოდიხარ?” მიუგო: "ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი”.
3 . უთხრა დავითმა: "რა მოხდა, მიამბე!” უპასუხა: "ბრძოლის ველიდან გაიქცა ხალხი, ბევრია დაცემული და მკვდარი, საული და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ”.
4 . უთხრა დავითმა ყმაწვილს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "საიდან იცი, რომ საული და მისი ვაჟი იონათანი დაიხოცნენ?”
5 . და თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: "შემთხვევით გილბოაყის მთაზე აღმოვჩნდი”, მიუგო ყმაწვილმა, "ვხედავ, შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან.
6 . უკან მოიხედა, დამინახა და მიმიხმო. მივუგე, აქა ვარ, ბატონო-მეთქი.
7 . მკითხა: "ვინ ხარ?” ვუპასუხე: "ყამალეკელი ვარ”.
8 . მითხრა: მოდი და მომკალი! ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
9 . მეც დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, მოვხსენი სამაჯური, მკლავზე რომ ეკეთა და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს”.
10 . ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო.
11 . გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
12 . ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "სადაური ხარ?” მიუგო: "ხიზანი ყამალეკელის შვილი ვარ”.
13 . უთხრა დავითმა: "როგორ არ შეგეშინდა და ხელი როგორ აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?”
14 . დაუძახა დავითმა ერთ მსახურ ყმაწვილს და უთხრა: "მოდი და მოკალი ეს კაცი”. მანაც დაჰკრა და მოკლა.
15 . თქვა დავითმა: "შენს თავზე იყოს შენივე სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული”.
16 . ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე.
17 . და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
18 . "შენს მაღლობებზე გაიგმირა შენი მშვენება, ისრაელო! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
19 . ნუ იტყვით ამ ამბავს გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
20 . გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, არც ნაყოფის მომტანი მინდვრები, რადგან მანდ შეიბილწა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
21 . არც განგმირულთა უსისხლოდ და არც ვაჟკაცთა ხორცის დაუგლეჯად უკან არ დაბრუნებულა იონათანის მშვილდი; ფუჭად არ დაბრუნებულა საულის მახვილი!
22 . საული და იონათანი! სიცოცხლეშიც საამონი და საყვარელნი, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი და ლომზე ძლიერნი!
23 . ისრაელის ასულნო! დაიტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ სამოსელს.
24 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
25 . ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე აღმატებული.
26 . როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საბრძოლო საჭურველი!”
1 . ხანგრძლივი ომი იყო საულისა და დავითის სახლებს შორის. და სულ უფრო ძლიერდებოდა დავითი, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა.
2 . ძეები შეეძინა დავითს ხებრონში; პირმშო ყამნონი - იზრეყელელი ახინოყამისგან.
3 . მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის ასულისა.
4 . მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
5 . მეექვსე, ითრეამი - ყეგლასგან, დავითის ცოლისგან; ესენი შეეძინა დავითს ხებრონში.
6 . საულისა და დავითის სახლებს შორის ომში, მტკიცედ ეჭირა აბნერს საულის სახლის მხარე.
7 . ხარჭა ჰყავდა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა იშბოშეთმა აბნერს: "რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?”
8 . დიდად განრისხდა აბნერი იშბოშეთის ნათქვამზე; უთხრა: "ძაღლის თავი ხომ არ ვარ იუდაში? დღემდე ერთგული ვარ მამაშენის, საულის სახლის, მისი ძმებისა და მეგობრების მიმართ, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს?
9 . ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და უარესიც დამართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც უფალმა შეჰფიცა დავითს:
10 . მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავითის ტახტს დავადგენ ისრაელსა და იუდაზე, დანიდან ბეერ-შებაყამდე”.
11 . და ვეღარ შეეპასუხა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12 . მოციქულები გაუგზავნა აბნერმა დავითს, რომ ეთქვათ: "ვისია ეს ქვეყანა? კავშირი შემიკარი და, აჰა, შენთან იქნება ჩემი ხელი, რათა შენკენ მოვაქციო მთელი ისრაელი”.
13 . მიუგო დავითმა: "კეთილი, შევკრავ კავშირს შენთან, ოღონდ ერთ რამეს მოვითხოვ: ვერ იხილავ ჩემს სახეს, როცა ჩემს სანახავად მოხვალ თუ მიქალს, საულის ასულს არ მოიყვან ჩემთან”.
14 . მოციქულები გაუგზავნა დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს და მოსთხოვა: "მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩის ფასად დავნიშნე”.
15 . გაგზავნა კაცი იშბოშეთმა და წაართვა ქალი მის ქმარს, ფალტიელ ლაიშის ძეს.
16 . წამოჰყვა ქმარი ქალს, მიჰყვებოდა და მისტიროდა ბახურიმამდე. მერე უთხრა აბნერმა: "წადი, გაბრუნდი!” და ისიც გაბრუნდა.
17 . ელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: "გუშინაც და გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
18 . ახლა ასე უნდა მოიქცეთ, რადგან ნათქვამი აქვს უფალს დავითზე: "ჩემი მსახურის დავითის ხელით გადავარჩენ ჩემს ერს, ისრაელს, ფილისტიმელებისა და ყველა მტრის ხელიდან”.
19 . ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელებს. და მერე ხებრონში წავიდა, რათა დავითისთვის ეთქვა ყველაფერი, რაც ისრაელსა და ბენიამინელთა მთელ სახლს მიაჩნდა მოსაწონად.
20 . მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა და ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერსა და მასთან მყოფ კაცებს.
21 . უთხრა აბნერმა დავითს: "ავდგები და წავალ, შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, რათა აღთქმა დადონ შენთან და შენს ნებაზე იმეფებ მათზე”. გაისტუმრა დავითმა აბნერი და მშვიდობით წავიდა იგი.
22 . აჰა, დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურები და იოაბი თარეშიდან, თან დიდძალი ნადავლი მოიყოლეს. აბნერი აღარ დახვდათ დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს და მშვიდობით წასულიყო იგი.
23 . როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, უთხრეს იოაბს: "მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და წავიდა იგი მშვიდობით”.
24 . მივიდა იოაბი დავითთან და უთხრა: "ეს რა ჰქენი? აჰა, აბნერი მოსულა, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
25 . განა არ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ იცოდეს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ, ყველაფერი გაიგოს, რასაც აკეთებ”.
26 . დავითისგან რომ გამოვიდა იოაბი, მოციქულები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან მოაბრუნა. არ იცოდა ეს ამბავი დავითმა.
27 . დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.
28 . მოგვიანებით, როცა გაიგო დავითმა ეს ამბავი, თქვა: "უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე საუკუნოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
29 . იოაბის თავს და მამამისის სახლს დაატყდეს! არ გამოილიოს იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, მახვილით განგმირული და უპურობით დამშეული!”
30 . იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოკლეს აბნერი, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი, გაბაონთან ბრძოლაში.
31 . უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ ხალხს: "შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ აბნერი”. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.
32 . როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, აღიმაღლა ხმა და ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა ხალხიც.
33 . დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: "განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34 . ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან”. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
35 . ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურის ჭამას სთავაზობდნენ დავითს. იფიცებოდა დავითი: "ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ ვიგემო მზის ჩასვლამდე პური ან სხვა რამე”.
36 . მთელმა ხალხმა შენიშნა და მოეწონა ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც აკეთებდა მეფე.
37 . გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა იმ დღეს, რომ მეფეს არ მოუკლავს აბნერ ნერის ძე.
38 . უთხრა მეფემ თავის მსახურებს: "იცით თუ არა, რომ მხედართმთავარი და დიდებული კაცი დაეცა დღეს ისრაელში?
39 . მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. დაე, უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტებისამებრ!”
1 . ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,
2 . ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.
3 . ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული.
4 . შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი.
5 . საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.
6 . ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა.
7 . ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს - მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.
8 . ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,
9 . რადგან მონები ვართ, თუმცა მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და წყალობა გაგვიმრავლა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რათა გამოვეცოცხლებინეთ, ჩვენი ღვთის სახლის ასაშენებლად და მისი ნანგრევების აღსადგენად, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში.
10 . ახლა კი რაღა ვთქვათ, ღმერთო ჩვენო, როცა მივატოვეთ შენი მცნებანი,
11 . რომლებიც გვამცნე შენი წინასწარმეტყველებისა და მსახურთა მეშვეობით: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდურია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხების საზიზღრობათა გამო, რადგან კიდეებამდე აღავსეს თავისი უწმიდურებით.
12 . აჰა, ნუ მიათხოვებთ მათ ძეებს თქვენს ასულებს და ნურც მათ ასულებს შერთავთ თქვენს ძეთ. უკუნისამდე ნუ გექნებათ მათთან მშვიდობა და სიკეთე, რათა შეძლოთ განმტკიცება და ამ ქვეყნის დოვლათის ჭამა, თქვენ შემდეგ კი, თქვენი ძეებისთვის დატოვება საუკუნოდ!
13 . ყოველივეს შემდეგ, რაც ჩვენი ბოროტი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო შეგვემთხვა, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ჩვენი უკეთურების გამო გვეკუთვნოდა და ასეთი ხსნა მოგვივლინე,
15 . უფალო, ისრაელის ღმერთო, მართალი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღემდე. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენს დანაშაულში, თუმცა არავის ძალუძს შენ წინაშე დგომა ამის გამო”.