1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "განუცხადე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა, მოწმიდარობის აღთქმა დადო, რათა უფალს მიუძღვნას თავი,
3 . ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს.
4 . თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე.
5 . არ შეეხოს მის თავს სამართებელი თავისი მოწმიდარობის მთელ დროს; ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომლებიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე.
6 . არ მიუახლოვდეს მკვდარს თავისი მოწმიდარობის მთელ დროს:
7 . არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
8 . წმიდაა იგი უფლისთვის, მისი მოწმიდარობის მთელ დროს.
9 . ხოლო თუ მოულოდნელად მოკვდება ვინმე მის გვერდით და შეიბილწება მოწმიდარობის თავი, მაშინ მოიპარსოს თავი განწმენდის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს.
10 . მიიტანოს მერვე დღეს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მღვდელთან, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
11 . მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად და გამოისყიდის მკვდრის შეხების ცოდვისგან და იმავე დღეს განწმენდს მის თავს.
12 . განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისათვის; და გაუქმდება წინა დღეები, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა.
13 . ესაა რჯული მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეების შესრულებისას, მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან,
14 . და შესწირავს იგი თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უნაკლო კრავს სრულადდასაწველად, ერთწლიან უნაკლო დედალ ცხვარს ცოდვის მსხვერპლად და ერთ უნაკლო ვერძს - სამშვიდობო შესაწირად;
15 . ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს და ზეთნაცხებ უსაფუარო კვერებს, პურეულ და საღვრელ შესაწირს.
16 . მიიტანს ამას მღვდელი უფლის წინაშე და შესწირავს მის ცოდვის მსხვერპლს და სრულადდასაწველს.
17 . ხმიადების კალათასთან ერთად ვერძს შესწირავს უფალს სამშვიდობო შესაწირად; და შესწირავს მღვდელი პურეულის ძღვენსა და საღვრელსაც.
18 . გაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავისი მოწმიდარობის თავს, აიღებს თავისი მოწმიდარობის თავის თმას და ცეცხლზე დადებს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის ქვეშაა.
19 . აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს, ერთ უფუარ კვერს კალათიდან, ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავისი მოწმიდარობის თავს.
20 . და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე შერხევით: წმიდაა იგი მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა; ამის შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო.
21 . ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო და მისი მოწმიდარობის შესაწირი. იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება; თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა, ისე გააკეთოს, მოწმიდარობის რჯულისამებრ”.
22 . უთხრა უფალმა მოსეს:
23 . "უთხარი აჰარონს და მის ძეებს: ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ:
24 . უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას!
25 . უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.
26 . უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!
27 . მოუხმობ ჩემს სახელს ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ”.
1 . კვლავ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის წინაშე; დასაჯა ისინი უფალმა და ორმოცი წლით გადასცა ფილისტიმელთა ხელს.
2 . იყო ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, მანოახი ერქვა; ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.
3 . გამოეცხადა ამ ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: "აჰა, ბერწი ხარ, შვილი არ გიშვია, მაგრამ დაორსულდები და ძეს შობ.
4 . ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო.
5 . რადგან დაორსულდები და ძეს გააჩენ. სამართებელი ნუ შეეხება მის თავს, ვინაიდან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა მუცლიდანვე; და ის დაიწყებს ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
6 . მივიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: "ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის შეხედულება ჰქონდა, ფრიად შემაძრწუნებელი; არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.
7 . მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”.
8 . ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: "გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.
9 . შეისმინა ღმერთმა მანოახის ხმა და ისევ მოვიდა ღვთის ანგელოზი ქალთან; მდელოზე იჯდა, ხოლო მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო.
10 . ისწრაფა ქალმა, გაიქცა და უთხრა ქმარს: "აჰა, გამომეცხადა ის კაცი, იმ დღეს რომ მელაპარაკა”.
11 . ადგა, გაჰყვა თავის ცოლს მანოახი, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: "შენ ხარ ის კაცი, ჩემს ცოლს რომ ელაპარაკა?” უპასუხა: "მე ვარ”.
12 . უთხრა მანოახმა: "აჰა, როცა ახდება შენი სიტყვები, როგორ მოვექცეთ და რა ვუყოთ ყრმას?”
13 . უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: "მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.
14 . ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, ღვინო და მაგარი სასმელი არ დალიოს და უწმიდური არაფერი შეჭამოს; დაიცვას ყოველივე, რაც ვუბრძანე”.
15 . უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: "დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.
16 . უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: "რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
17 . ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: "რა არის შენი სახელი? როცა ასრულდება შენი სიტყვა, პატივს მოგაგებთ”.
18 . უპასუხა უფლის ანგელოზმა: "სახელს რატომ მეკითხები? საკვირველია იგი”.
19 . და აიყვანა მანოახმა თიკანი, პურეული ძღვენი და კლდეზე აღუვლინა უფალს, სასწაული მოახდინა ანგელოზმა, მანოახი და მისი ცოლი კი უყურებდნენ:
20 . როცა სამსხვერპლოდან ალი ავარდა ზეცისკენ, ალს აჰყვა უფლის ანგელოზი და ამაღლდა; და დაინახეს ეს მანოახმა და მისმა ცოლმა და პირქვე დაემხნენ.
21 . გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ; და მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
22 . უთხრა მანოახმა თავის ცოლს: "სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.
23 . მიუგო ცოლმა: "თუ ჩვენი სიკვდილი ენება უფალს, სრულადდასაწველსა და პურეულ ძღვენს არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან და არც ამ ყოველივეს გვახილვინებდა და მოგვასმენინებდა”.
24 . შვა ქალმა ძე და უწოდა სახელად სამსონი; წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.
25 . და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.
2 . დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.
3 . მოვკვეთ მოსამართლეთ მისი წიაღიდან და ყველა მის მთავარს დავხოცავ მასთან ერთად! - ამბობს უფალი.
4 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.
5 . დავუშვებ ცეცხლს იუდაზე და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს!
6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე - ღარიბს.
7 . თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!
8 . გირაოში წამოღებულ ტანსაცმელზე წვებიან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.
9 . მე გავანადგურე მათ წინაშე ამორელნი, რომელთა სიმაღლეც კედარივით იყო და სიმაგრე მუხასავით. მოვსპე მისი ნაყოფი ზევით და ფესვები ქვემოთ.
10 . მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოც წელიწადს გატარებდით უდაბნოში, რათა დაგემკვიდრებინათ ამორელთა ქვეყანა.
11 . დავადგინე თქვენი ძენი წინასწარმეტყველებად და თქვენი ჭაბუკნი - მოწმიდრებად. განა ასე არაა, ძენო ისრაელისა? - ამბობს უფალი.
12 . თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდრებს, წინასწარმეტყველთ კი უბრძანებდით: არ იწინასწარმეტყველოთო!
13 . აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.
14 . მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.
15 . ვერც მშვილდის დამჭერი აღდგება, ვერც მალემსრბოლი გადარჩება და ვერც ცხენზე ამხედრებული იხსნის თავის სულს,
16 . მამაცთაგან ყველაზე გაბედულიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს! - ამბობს უფალი.
1 . იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში.
2 . ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
3 . ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.
5 . მიდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს მთელი მხარე.
6 . ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.
7 . დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი!
9 . და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენში, მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
10 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
11 . მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
12 . მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.
13 . მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.
14 . იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”
15 . იესომ კი მიუგო და უთხრა: "ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება.
16 . მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
17 . და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . მათ რომ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივადექით კოსს, ხოლო მეორე დღეს - როდოსს, იქიდან - პატრას.
2 . ვნახეთ ხომალდი, ფინიკიაში რომ მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
3 . კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისკენ გავცურეთ და ტვიროსს მივაღწიეთ; რადგან ხომალდი იქ უნდა გადმოეტვირთათ.
4 . მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულიწმიდით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5 . ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
6 . გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.
7 . დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაიდაში მივედით, ძმები მოვიკითხეთ და ერთი დღე მათთან გავატარეთ.
8 . მომდევნო დღეს გამოვედით პავლე და მასთან მყოფნი; კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით შვიდთაგან ერთ-ერთის, ფილიპე მახარებლის სახლში და მასთან დავრჩით.
9 . ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.
10 . მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში, იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბოსი ჩამოვიდა.
11 . მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: "ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”.
12 . ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
13 . მაგრამ პავლემ გვითხრა: "რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.
14 . რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: "იყოს ნება უფლისა!”
15 . იმ დღეების შემდეგ, ჩაბარგებულნი ავედით იერუსალიმს.
16 . თან ზოგიერთი კესარიელი მოწაფეც გამოგვყვა. მათ მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
17 . იერუსალიმში ასულები, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18 . მომდევნო დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან. მოვიდა ყველა უხუცესიც.
19 . მოიკითხა რა ისინი, დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით მოახდინა წარმართებს შორის.
20 . მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: "ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
21 . შენზე ამბობენ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.
22 . რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.
23 . ისე მოიქეცი, როგორც გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
24 . წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯი, თავი რომ გადაიპარსონ. ამით გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
25 . ხოლო იმ წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, მივწერეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოერიდონ კერპთშენაწირებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას”.
26 . მაშინ წაიყვანა ის კაცები პავლემ, მომდევნო დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და განწმედის დღეების შესრულება გამოაცხადა, სანამ თითოეული მათგანისთვის ძღვენს შეწირავდა.
27 . შვიდი დღე რომ გავიდა, აზიელმა იუდევლებმა ტაძარში დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
28 . ყვიროდნენ: "კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”.
29 . მასთან ერთად ქალაქში ტროფიმე ეფესელი ჰყავდათ დანახული და იფიქრეს, პავლემ ისიც შეიყვანა ტაძარშიო.
30 . მთელი ქალაქი შეიძრა; შეგროვდა ხალხი; შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი
31 . მოკვლა რომ დაუპირეს, ათასისთავს ამბავი მიუვიდა - მღელვარებამ მოიცვაო მთელი იერუსალიმი.
32 . მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გაეშურა. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
33 . მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა, ორი ჯაჭვით შეეკრათ, თან იკითხა, ვინ არის და რა ჩაიდინაო?
34 . ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი - მეორეს. მან კი, რაკი ამ აურზაურში სინამდვილის გაგება ვერ შეძლო, მისი ციხე-სიმაგრეში წაყვანა ბრძანა.
35 . კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო,
36 . ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: "აღიგავოს იგი!”
37 . ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, ჰკითხა პავლემ ათასისთავს: "შეიძლება რაღაც გითხრა?” ხოლო მან უპასუხა: "ბერძნული იცი?
38 . მაშ, შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც შფოთი ატეხა ამ დღეების წინ და უდაბნოში ოთხი ათასი ავაზაკი გაიყვანა?”
39 . უთხრა პავლემ: "მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე; გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო”.
40 . როდესაც მან ნება დართო, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა.
1 . 1. მის ნაცვლად აღდგა იუდა, მისი ვაჟი, რომელსაც მაკაბელი ერქვა. 2. მხარში ამოუდგნენ მას მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამამისს შეუერთდა, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის. 3. შორს გაიტანა თავისი ხალხის დიდება; თორი შეიმოსა როგორც ბუმბერაზმა, შეისხა საომარი საჭურველი და იბრძოდა, მახვილით იცავდა ბანაკს. 4. თავისი საქმეებით ლომს ჰგავდა და ლომის ბოკვერს, მსხვერპლზე რომ ბდღვინავს. 5. დევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და წვავდა თავისი ხალხის მაშფოთებელთ. 6. მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით. 7. გაამწარა ბევრი მეფე და თავისი საქმით გაახარა იაკობი, და კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე. 8. მოიარა იუდამ ქალაქები და გაწყვიტა იქ ღვთისმგმობელნი და მიიქცა რისხვა ისრაელიდან. 9. სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ. 10. ამასობაში აპოლონიოსმა თავი მოუყარა წარმართებს და დიდძალ ლაშქარს სამარიიდან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად. 11. გაიგო ეს ამბავი იუდამ, გაემართა მის შესახვედრად, სძლია მას და მოკლა. ბევრი დაეცა განგმირული, დანარჩენებმა კი თავს უშველეს. 12. მოხვეტეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი სიცოცხლე. 13. როცა გაიგო სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, რომ იუდამ თავი მოუყარა მთელს კრებულსა და მორწმუნეთა მრევლს, და საომრად გავიდა, 14. თქვა: გავითქვამ სახელს და სამეფოში პატივს მოვიხვეჭ. შევებრძოლები იუდასა და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვათა შეურაცხმყოფელთო. 15. და გაეშურა მისკენ ღვთისმგმობელთა ძლიერი ბანაკი, რომ მიხმარებოდნენ მას ისრაელიანების დასასჯელად. 16. ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდა, გამოვიდა იუდა მის შესახვედრად მეტად მცირე რაზმით. 17. როცა მათ წინააღმდეგ გამოსული ლაშქარი დაინახეს, უთხრეს იუდას: როგორ შევებრძოლოთ ასე ცოტანი ამ ურიცხვ და ძლიერ ლაშქარს? დაქანცულებიც ვართ, რადგან დღეს არაფერი გვიჭამიაო. 18. მიუგო იუდამ: ადვილია მცირეთა ხელით მრავალთა ძლევა; ბევრის ხელით მოხდება ხსნა თუ მცირეს ხელით, ცის წინაშე სულერთია. 19. ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის. 20. ისინი ჩვენზე აღძრულან დიდი თავხედობითა და ურჯულოებით, რათა მოგვსპონ ჩვენ, ჩვენი ცოლები და ჩვენი შვილები, და გაგვძარცვონ. 21. ჩვენი კი ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და რჯულისთვის. 22. თავად უფალი გააცამტვერებს მათ ჩვენს თვალწინ; თქვენ კი ნუ შეგეშინდებათ. 23. როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი, მოულოდნელად მიეჭრა მათ და შეიმუსრნენ სერონი და მისი ლაშქარი მის წინაშე. 24. და მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე ვაკემდე და დაეცა მათგან რვაასი კაცი, დანარჩენები კი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ. 25. განითქვა შიში იუდასი და მისი ძმებისა, და თავზარი დაეცათ მათ ირგვლივ წარმართებს. 26. მეფესაც მისწვდა მისი სახელი და ალაპარაკდნენ წარმართები იუდას ბრძოლებზე. 27. შეიტყო ეს ამბები მეფე ანტიოქოსმა და ძალზე განრისხდა. დაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ მისი სამეფოს მთელი ძალა, დიდი და ურიცხვი ლაშქარი. 28. გახსნა თავისი განძთსაცავი და მისცა წლიური გასამრჯელო ლაშქარს, უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ ყოველი საჭიროებისთვის. 29. ნახა, რომ გამოილია ვერცხლი საგანძურში და ქეეყნის შემოსავალმაც დაიკლო განხეთქილებათა და უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა მამაპაპეული კანონების გაუქმებით. 30. და შეშფოთდა, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ თუღა შეეძლო გაეცა საჩუქრები, რომელთაც წინათ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და ხელგაშლილად იძლეოდა. 31. დიდად შეწუხებულმა განიზრახა, სპარსეთში წასულიყო, აეკრიფა მხარეთა შემოსავალი და ბევრი ვერცხლი დაეგროვებინა. 32. სახელმწიფო საქმეები კი მდინარე ევფრატიდან ქვეყნის კიდემდე ლისიას, სახელოვან კაცს სამეფო გვარისას, ჩააბარა. 33. მასვე ჩააბარა აღსაზრდელად თავისი ვაჟი, ანტიოქოსი, ვიდრე მობრუნდებოდა. 34. ჩააბარა ჯარების ნახევარი და სპილოები, დაუტოვა მას განკარგულება ყველაფერზე, რასაც აპირებდა იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთათვის, 35. რომ გაეგზავნა ჯარი ისრაელის ძლიერებისა და იერუსალიმის ნატამალის გასაცამტვერებლად და მათი სახსენებლის აღსაგველად იმ ადგილიდან, 36. უცხო ტომის დასასახლებლად მთელ მიწა-წყალზე და მის ქვეყანაზე წილის საყრელად. 37. მეფემ კი წაიძღვანა ჯარების დარჩენილი ნახევარი და გაემგზავრა ანტიოქიიდან, თავისი სამეფო ქალაქიდან, ასორმოცდამეშვიდე წელს; გადაცურა მდინარე ევფრატი და მოიარა ზემო ქვეყნები. 38. გამოარჩია ლისიამ პტოლემეოსი, დორუმენოსის ძე, ნიკანორი და გორგია, მაგარი ვაჟკაცები მეფის მეგობართაგან, 39. და გაგზავნა მათთან ერთად ასოციათასი ქვეითი და შვიდი ათასი მხედარი, რომ შესულიყვნენ იუდას ქვეყანაში და აეოხრებინათ ის მეფის ბრძანებისამებრ. 40. და გაემართნენ მთელს ჯართან ერთად; მივიდნენ და დაეწყვნენ ემაუსის მახლობლად, ვაკეზე. 41. როდესაც იმ ქვეყნის ვაჭრებს მოესმათ მათი სახელი, აიღეს ურიცხვი ოქრო-ვერცხლი და ჯაჭვები და გაეშურნენ ბანაკისკენ, რომ მონებად აეყვანათ ისრაელიანები; და შეუერთდნვნ მათ სირიისა და უცხოთესლთა ქვეყნის ძალები. 42. იუდამ და მისმა ძმებმა დაინახეს, რომ გამრავლდა უბედურებანი და ჯარები დგანან მთელს მათ მიწა-წყალზე; გაიგეს მეფის ბრძანებაც, რომელიც გაცემული იყო ხალხის გასანადგურებლად და ამოსაწყვეტად. 43. თქვეს ერთმანეთში: აღვადგინოთ დაცემული ჩვენი ხალხი და ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის და საწმიდარისთვის. 44. შეიკრიბა საკრებულო, რომ მზად ყოფილიყვნენ საომრად, ელოცათ და გამოეთხოვათ წყალობა და შებრალება. 45. იერუსალიმი კი უკაცრიელი იყო როგორც უდაბნო; აღარ იყო მიმსვლელ-მომსვლელი მის მკვიდრთაგან; საწმიდარი გათელილი იყო, ციხე-სიმაგრე უცხოთესლს ეჭირა, წარმართთა ბუნაგად ქცეულიყო; წაერთვა სიხარული იაკობს და დადუმდა სტვირი და ებანი. 46. შეიკრიბნენ და გაეშურნენ მიცფასკენ, იერუსალიმის პირდაპირ, რადგან მიცფა წინათ სალოცავი ადგილი იყო ისრაელისთვის. 47. იმარხულეს იმ დღეს, ჩაიცვეს ჯვალო, თავზე ნაცარი გადაიყარეს და ტანისამოსი შემოიგლიჯეს. 48. გადაშალეს რჯულის წიგნი, რომლის მეშვეობითაც წარმართები ცდილობდნენ დაჰკითხოდნენ თავიანთი კერპების გამოსახულებებს. 49. მოიტანეს სამღვდელო შესამოსელი, ნათავარები და მეათედები, და მოუხმეს მოწმიდარებს, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ თავიანთი დღეები. 50. ცისკენ აღიმაღლეს ხმა, თქვეს: რა ვუყოთ ამათ, საით წავიღოთ? 51. სიწმინდე შენი გათელილია და წაბილწული, და შენი მღვდლები გლოვაში და დამცირებაში არიან. 52. აჰა, წარმართები შეკრულან ჩვენს ასაოხრებლად. შენ ხედავ, რაც განუზრახავთ ჩვენთვის. 53. როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას, შენ თუ არ შეგვეწევი? 54. საყვირებს ჩაჰბერეს და დიდი ხმით აყვირდნენ. 55. ამის შემდეგ იუდამ დანიშნა ერის წინამძღოლები, ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები. 56. მათ კი, ვინც სახლის შენებაში იყვნენ ან ცოლს ირთავდნენ, ან ვენახს აშენებდნენ, ან ბრძოლა აშინებდათ, გამოუცხადა შინ დაბრუნებულიყვნენ, რჯულის თანახმად. 57. დაიძრა ლაშქარი და ემაუსის სამხრეთით დაბანაკდა. 58. თქვა იუდამ: სარტყელი შემოირტყით და გამხნევდით, დილაადრიანად მზად იყავით წარმართებთან საომრად, ჩვენს წინააღმდეგ რომ ამხედრებულან, რათა დაგვამხონ ჩვენ ჩვენს საწმიდართან ერთად. 59. ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი ხალხისა და საწმიდარის უბედურება ვიხილოთ. 60. რასაც ზეცაში ინებებს, ის მოახდინოს!
1 . ჩავიდა სამსონი ღაზაში, ნახა იქ ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.
2 . შეატყობინეს ღაზელებს: "სამსონი ჩამოსულა აქ”. და გარს უვლიდნენ და მთელი ღამე დარაჯობდნენ ქალაქის კარიბჭესთან, ჩასაფრებულნი იყვნენ და ამბობდნენ: "ინათებს თუ არა მოვკლავთ”.
3 . შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.
4 . ამის შემდეგ ერთი ქალი შეიყვარა სორეკის ხეობაში, სახელად დალილა.
5 . მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.
6 . უთხრა სამსონს დალილამ: "გთხოვ, მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა და რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?”
7 . უთხრა სამსონმა: "შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
8 . მიუტანეს დალილას ფილისტიმელმა მთავრებმა შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა დალილამ სამსონი.
9 . შიდა ოთახებში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა დალილამ სამსონს: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” და ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც მომწვარი ძენძის ძაფი წყდება ხოლმე. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10 . უთხრა დალილამ სამსონს: "აჰა, დამცინე და მომატყუე; ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?”
11 . სამსონმა უთხრა: "ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
12 . აიღო დალილამ ახალთახალი, უხმარი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” შიდა ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული; და ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
13 . უთხრა დალილამ სამსონს: "აქამდე ხომ დამცინოდი და მატყუებდი; მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?” უთხრა სამსონმა: "თუ ჩემი თმის შვიდ ნაწნავს საძახველს ჩააგრეხ, მაშინ დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
14 . ეძინა სამსონს, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახავს ჩააგრიხა, პალოზე მიაბა და ხმამაღლა დაიძახა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახავის პალოცა და ნაძახიც.
15 . უთხრა დალილამ: "როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ შენი გული ჩემთან არ არის? აი, სამჯერ დამცინე და არ მითხარი, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა”.
16 . რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
17 . გაუმხილა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უთხრა მას: "სამართებელი არ შემხებია თავზე, დედაჩემის მუცლიდანვე ღვთის მოწმიდარი ვარ, თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
18 . იხილა დალილამ, რომ გული გადაუხსნა; მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: "ერთხელ კიდევ ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა”. ავიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც აუტანეს საკუთარი ხელით.
19 . კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; იწყო სამსონმა დაკნინება, და გამოეცალა ძალა.
20 . თქვა დალილამ: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ!” გაიღვიძა და თქვა: "წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს”. არ იცოდა, რომ განშორდა უფალი.
21 . შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.
22 . ამასობაში წამოზრდა იწყო მისმა თმამ, მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
23 . შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რათა ემხიარულათ და დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, ამბობდნენ: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა სამსონი, ჩვენი მტერი”.
24 . და რა იხილა ხალხმა იგი, განადიდა თავისი ღმერთი და თქვა: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენგანი მოსრა”.
25 . და როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: "მოუხმეთ სამსონს, რომ გაგვართოს”. და გამოიყვანეს სამსონი საპყრობილედან, სვეტებს შორის დააყენეს და ამ სანახაობით ერთობოდნენ.
26 . უთხრა სამსონმა ჭაბუკს, რომელსაც ხელჩაკიდებული დაჰყავდა: "იმ სვეტებზე დამადებინე ხელი, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო”.
27 . სახლი კაცებითა და ქალებით იყო სავსე, ფილისტიმელთა ყველა მთავარი იქ იყო თავმოყრილი, სამი ათასამდე კაცი და ქალი ერდოზე იყო გასული და სამსონის ყურებით ერთობოდნენ.
28 . მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: "უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.
29 . და მოეჭიდა სამსონი ორ შუათანა სვეტს, რომლებზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30 . თქვა სამსონმა: "დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
31 . ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეული, წამოასვენეს და დამარხეს იგი ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის სამარხში. ოც წელს განსჯიდა სამსონი ისრაელს.
1 . ამის შემდეგ, ათენიდან წამოსული, კორინთოში მივიდა.
2 . ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.
3 . და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
4 . ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.
5 . ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.
6 . მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.
7 . წავიდა იქიდან და ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის, სახლში მივიდა, რომელიც სინაგოგის გვერდით იდგა.
8 . ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
9 . უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: "ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
10 . ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.
11 . წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
12 . იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.
13 . თქვეს: "ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”.
14 . როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: "იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის;
15 . მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”.
16 . და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17 . მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენი და სამსჯავროს წინ სცემეს; გალიონს კი არაფერი ანაღვლებდა ამათგან.
18 . პავლე კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ; მერე გამოეთხოვა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გასცურა. კენქრეში გადაიპარსა თავი, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული.
19 . ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს.
20 . სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, მაგრამ არ დათანხმდა.
21 . გამოეთხოვა მათ და თქვა: "მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან.
22 . კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმში ავიდა, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში წავიდა.
23 . ერთხანს იქ დაჰყო, იქიდან წამოსულმა რიგრიგობით მოიარა ჯერ გალატელთა, შემდეგ კი ფრიგიის ქვეყანა, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
24 . ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში.
25 . განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26 . მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27 . ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.
28 . რადგან მოურიდებლად საჯაროდ ამხელდა იუდევლებს და წერილების მიხედვით ამტკიცებდა, რომ იესოა ქრისტე.
1 . ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი.
2 . რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაჰამმა. უწინარეს ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს ანუ მშვიდობის მეფეს.
3 . უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.
4 . შეხედეთ ახლა, რამდენად დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაჰამმაც კი უწილადა თავისი ნადავლის მეათედი.
5 . მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაჰამის საზარდულიდან გამოვიდნენ.
6 . ის კი მათი გვარიდან არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მეათედი აბრაჰამისგან და აკურთხა აღთქმის მქონე.
7 . ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება.
8 . აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
9 . და ასე ვთქვათ, თვით ლევიმაც კი, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაჰამის მეშვეობით გაიღო მეათედი.
10 . ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება.
11 . მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?
12 . რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც.
13 . ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს;
14 . რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
15 . და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი,
16 . რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით.
17 . ვინაიდან დამოწმებულია: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
18 . ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო,
19 . ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
20 . და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, -
21 . ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: "დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
22 . ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო.
23 . გარდა ამისა, მღვდლები ბევრნი იყვნენ, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში.
24 . ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს.
25 . ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.
26 . ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული,
27 . რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის; ვინაიდან ეს მან ერთხელ და სამუდამოდ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.
28 . ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.