1 . კარიბჭისკენ წამიძღვა, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული.
2 . და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა მრავალი წყლის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
3 . ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, მე რომ ვიხილე; იმ ხილვის მსგავსი იყო, მე რომ ვნახე, როცა ქალაქის გასანადგურებლად მოვიდა; იმ ხილვას ჰგავდა, მე რომ მდინარე ქებართან ვიხილე და პირქვე დავემხე.
4 . უფლის დიდება ტაძარში იმ კარიბჭით შევიდა, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული.
5 . ამიყვანა სულმა, შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებამ აავსო ტაძარი.
6 . გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან; კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
7 . მითხრა: "ძეო კაცისავ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ფეხების ტერფებისა, სადაც საუკუნოდ დავმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის. აღარ შებილწავს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი - არც ის და არც მისი მეფენი, თავიანთი სიძვითა და მეფეთა გვამებით გორაკებზე.
8 . თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და თავიანთი წირთხლის ჩემს წირთხლთან გათანაბრებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. ჩემი წმიდა სახელი შებილწეს თავიანთი სისაძაგლეებით, რასაც სჩადიოდნენ ისინი; მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.
9 . ახლა კი განაშორონ ჩემგან თავიანთი სიძვა და თავიანთი მეფეთა სამარხები; მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
10 . შენ კი, ძეო კაცისავ! ამ ტაძრის შესახებ აუწყე ისრაელის სახლს, რომ შერცხვეთ თავისი ურჯულოებისა და აზომონ ტაძარი.
11 . და თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი და მისი აგებულება, მისი გასასვლელები და შესასვლელები, მთელი მისი ნახაზი, ყოველი წესი და კანონი; მათ თვალწინ დაწერე, რომ დაიცვან მთელი მისი აგებულება და წესი, და შეასრულონ.
12 . ეს არის ტაძრის კანონი - მთის თხემი და მთელი მისი მიდამო წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის ტაძრის კანონი.
13 . ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთითა და მტკაველით: კვარცხლბეკი - ერთი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა, ჩარჩო მის კიდეზე ირგვლივ - ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს სიმაღლე:
14 . მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე - ორი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე - ოთხი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა.
15 . სამსხვერპლოს კერა - ოთხი წყრთა, კერიდან მაღლა ოთხი რქა ამოდის.
16 . სამსხვერპლოს კერა - თორმეტი წყრთა სიგრძით და თორმეტი - სიგანით; ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
17 . შვერილი თოთხმეტი წყრთა იყოს სიგრძით, თოთხმეტი სიგანით მის ოთხივე მხარეს; ჩარჩო მის ირგვლივ - ნახევარი წყრთა, ხოლო მისი კვარცხლბეკი - ერთი წყრთა ირგვლივ; საფეხურები აღმოსავლეთით ჰქონდეს მიმართული”.
18 . და მითხრა: "ძეო კაცისავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის სამსხვერპლოს წესები იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, რათა სრულადდასაწველი მსხვერპლი აღავლინონ მასზე და სისხლი მოაპკურონ.
19 . მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავლებს, რომლებიც მომიახლოვდნენ, რათა მემსახურონ, ამბობს უფალი ღმერთი, თითო მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად.
20 . აიღებ მისი სისხლიდან და სცხებ მის ოთხ რქას, შვერილს ოთხივე კუთხეში და ჩარჩოს ირგვლივ; ასე განწმედ და ცოდვისგან გამოისყიდი მას.
21 . ასევე აიღებ მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დასწვავ ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ.
22 . მეორე დღეს კი, შესწირავ უმანკო თხას ცოდვის გამოსყიდვის შესაწირად, ამით გაწმიდავენ სამსხვერპლოს, როგორც მოზვერით გაწმიდეს.
23 . გაწმედას რომ დაასრულებ, უმანკო მოზვერსა და უმანკო ვერძს შესწირავ ფარიდან.
24 . უფლის წინაშე წარადგინე, მღვდლებმა მარილი მოაფრქვიონ და სრულადდასაწველ მსხვერპლად აღუვლინონ უფალს.
25 . შვიდი დღის მანძილზე ამზადე ყოველ დღე თითო თხა ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად; ასევე მომზადდეს უმანკო მოზვერი და ვერძი ფარიდან.
26 . შვიდი დღის მანძილზე შეასრულონ სამსხვერპლოს გამოსყიდვა და სუფთაჰყონ იგი. ასე გაწმედენ მას და იქნება იგი გამოსაყენებელი.
27 . ამ დღეებს რომ დაასრულებენ, მერვე დღეს და შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები და მე მიგიღებთ თქვენ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . როცა ვინმე პურეულ მსხვერპლს სწირავს უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დაადოს.
2 . და მიიტანოს აჰარონის ძეებთან, მღვდლებთან; აიღოს სავსე პეშვი გამტკიცული ფქვილი, ზეთი საკმეველთან ერთად და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი* წილი სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის.
3 . მონარჩენი კი პურეული ძღვენიდან, აჰარონისა და მისი ძეებისთვის იყოს; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
4 . თუ თონეში გამომცხვარ პურს შესწირავ მსხვერპლად, გამტკიცული, უსაფუარო, ზეთში აზელილი ფქვილისგან იყოს პურები და ფუნთუშები, უსაფუარო და ზეთნაცხები.
5 . თუ შენი შესაწირი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული, ზეთში აზელილი, უსაფუარო ფქვილისგან უნდა იყოს.
6 . დააქუცმაცე და ზეთი მოასხი; ესაა პურეულის შესაწირი.
7 . თუ ქვაბიდანაა შენი პურეულის შესაწირი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილით უნდა მომზადდეს.
8 . მიიტანე ამათგან უფლისთვის გაკეთებული ძღვენი, წარუდგინე იგი მღვდელს და შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
9 . აიღებს მღვდელი ძღვენისგან მის მოსაგონარ წილს და დააკმევს სამსხვერპლოზე; საცეცხლო შესაწირია ეს, საამო კეთილსურნელება უფლისთვის.
10 . პურეული ძღვენიდან მონარჩენი აჰარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ეს უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
11 . პურეულის არცერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
12 . პირველნაყოფთა მსხვერპლად შესწირეთ ისინი უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანოთ საამო კეთილსურნელებად.
13 . შეაზავე მარილით ყოველი პურეული ძღვენი, ნუმც მოგეკლოს შენი ღმერთის აღთქმის მარილი შენი ძღვენისთვის: ყოველ შენს შესაწირთან ერთად შესწირე მარილი.
14 . თუ პირველმოწეულ თავთავთაგან შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს, ცეცხლზე მოხალული მარცვალი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
15 . დაასხი ზეთი და დაადე საკმეველი: ესაა პურეულის შესაწირი.
16 . დააკმიოს მღვდელმა დაღერღილი და ზეთიანი მარცვლების მოსაგონარი წილი მთელ საკმეველთან ერთად. ესაა საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
1 . ამ ამბების შემდეგ ართახშასთას მეფობისას სპარსეთში, ეზრა ძე სერაიასი, აზარიასი, ხილკიასი,
2 . შალუმისა, ცადოკისა, ახიტუბისა,
3 . ამარიასი, ყაზარიასი, მერაიოთისა,
4 . ზერახიასი, ყუზისა, ბუკისა,
5 . აბიშუაყისა, ფინხასისა, ელეაზარისა, აჰარონ მღვდელმთავრისა -
6 . ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
7 . ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდლები, ლევიანნი, მგალობელნი, კარიბჭის მცველნი და ნეთინელნი (ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი) იერუსალიმში, ართახშასთას მეფობის მეშვიდე წელს.
8 . და მივიდა იგი იერუსალიმში მეფობის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს.
9 . ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე,
10 . რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.
11 . აი, იმ წერილის პირი, რომელიც მეფე ართახშასთამ მისცა ეზრა მღვდელსა და მწიგნობარს, რომელიც უფლის მცნებებსა და დადგენილებებს წერდა ისრაელისთვის.
12 . „მეფეთ მეფე ართახშასთა, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა!
13 . განკარგულებას ვიძლევი, რომ ყოველი მსურველი ისრაელის ხალხთაგან ჩემს სამეფოში, მათი მღვდელნი და ლევიანნი, ვინც ისურვებს შენთან ერთად იერუსალიმში წასვლას, წავიდეს.
14 . რადგან მეფისა და მისი შვიდი მრჩევლის მიერ ხარ წარგზავნილი, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღმერთის რჯულის მიხედვით გამოიკვლიო რა ხდება იუდეასა და იერუსალიმში;
15 . და რომ წაიღო იქ ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს იერუსალიმში დავანებულ ისრაელის ღმერთს,
16 . და მთელი ოქრო-ვერცხლისა, რამდენსაც მოიძიებ მთელ ბაბილონის მხარეში, ხალხისგან თუ მღვდელთაგან, რასაც კეთილი ნებით შესწირავენ ღვთის სახლს, რომელიც იერუსალიმშია.
17 . ამიტომ, ამ ფულით, დაუყოვნებლივ შეიძინე ზვარაკნი, ცხვარნი, კრავნი, თავის პურეულ და საღვრელ შესაწირებთან ერთად და შესწირე ყოველივე ღვთის სახლის სამსხვერპლოზე, რომელიც იერუსალიმშია.
18 . დანარჩენი ოქრო-ვერცხლით კი ის გააკეთეთ, რასაც კეთილად მიიჩნევთ შენ და შენი ძმები, თქვენი ღმერთის ნების თანახმად.
19 . ჭურჭელი, რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, სრულად მიიტანე იერუსალიმში ღვთის წინაშე.
20 . დანარჩენი, რის გაცემაც დაგჭირდება შენი ღმერთის სახლის გამო, სამეფო სასახლის საგანძურიდან გაეცი.
21 . მე კი, მეფე ართახშასთა, განკარგულებას გავცემ მდინარისგაღმელი ყოველი ხაზინადარისადმი: ყველაფერი, რასაც ეზრა მღვდელი, ციური ღმერთის რჯულის მწერალი გთხოვთ, აღსრულდეს გულმოდგინებით!
22 . ას ტალანტამდე ვერცხლი, ას საწყაულამდე ხორბალი, ას-ას ბათამდე ღვინო და ზეთი, მარილი კი აუწყველად.
23 . ყოველივე, რაც ცათა ღმერთისგან არის ნაბრძანები, სიზუსტით უნდა აღსრულდეს ცათა ღმერთის სახლისთვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფესა და მის ძეებს?
24 . გიბრძანებთ, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, კარიბჭის მცველსა თუ ღვთის სახლის მსახურს არ დაეკისროს გადასახადი, მოსაკრებელები ან ხარკი.
25 . შენ კი, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მთელი ხალხი მდინარის გაღმა, ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ!
26 . ის, ვინც არ დაემორჩილება შენი ღვთის რჯულსა და მეფის კანონს, მყისვე გაასამართლონ და აღასრულონ სამართალი: სიკვდილი თუ განდევნილება, ქონების ჩამორთმევა თუ დატუსაღება”.
27 . კურთხეულია უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც ჩაუდო ეს მეფის გულს, რათა შეიმკოს უფლის სახლი, რომელიც იერუსალიმშია.
28 . წყალობა მაპოვნინა მეფის, მისი მრჩევლებისა და მთელი მისი ძლევამოსილი მთავრების წინაშე; მტკიცედ ვიყავი, რადგან უფლის, ჩემი ღვთის ხელი იყო ჩემზე და შევკრიბე ისრაელის მთავარნი, ჩემთან ერთად რომ ამოსულიყვნენ.
1 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღმერთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს”.
2 . ექვსი დღის შემდეგ მაღალ მთაზე წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა და ფერი იცვალა მათ წინაშე.
3 . მისი ტანისამოსი ბრწყინვალე და სპეტაკი გახდა, ისე რომ, ამ ქვეყნად არც ერთ გამთეთრებელს არ ძალუძს ასე გათეთრება.
4 . და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.
5 . უთხრა პეტრემ იესოს: "რაბი, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას”.
6 . ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო.
7 . და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას უსმინეთ!”
8 . უცებ მიმოიხედეს და ვეღარავინ დაინახეს ირგვლივ, იესოს გარდა.
9 . მთიდან ძირს რომ ეშვებოდნენ, იესომ გააფრთხილა ისინი, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგებოდა.
10 . გულში ჩაიდეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა.
11 . ჰკითხეს: რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
12 . უპასუხა: "მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე აღადგინოს. ძე კაცისას კი, როგორც დაწერილია, ბევრი ტანჯვა და დამცირება ელოდება.
13 . მაგრამ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და ისე მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე”.
14 . მოწაფეებთან რომ მივიდა, ნახა მათ ირგვლივ ბევრი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები.
15 . მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა და გაოცდნენ. მორბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ.
16 . ჰკითხა მათ: "რაზე ედავებით ამათ?”
17 . ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: "მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვი სული ჰყავს.
18 . სადაც შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, დუჟს ადენს, კბილებს აღრჭიალებინებს და აშეშებს. შენს მოწაფეებს ვთხოვე, განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს”.
19 . მიუგო მათ და უთხრა: "ჰოი, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ”.
20 . მიუყვანეს. როგორც კი სულმა იესო დაინახა, ბიჭი ძირს დაანარცხა. გორავდა მიწაზე დაცემული და დუჟი სდიოდა.
21 . ჰკითხა ბიჭის მამას: "რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?” უპასუხა: "პატარაობიდან.
22 . ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე”.
23 . იესომ უთხრა: "თუ შეძლებ, რომ ირწმუნო, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია”.
24 . ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: "მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.
25 . როგორც კი დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: "უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ დაბრუნდე მასში!”
26 . დაიყვირა, ძალუმად შეანჯღრია ბიჭი და გავიდა. ის კი მკვდარივით შეიქნა. ბევრმა კიდეც თქვა, მოკვდაო!
27 . იესომ კი ხელი მოკიდა, წამოაყენა და ისიც წამოდგა.
28 . შინ რომ შევიდა, მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს: "ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?”
29 . უპასუხა: "ეს მოდგმა სხვანაირად ვერ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.
30 . იქიდან წამოსულებმა გალილეაზე გაიარეს; არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო,
31 . რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: "ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელს, ისინი მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება”.
32 . მათ ვერ გაიგეს ეს ნათქვამი, მაგრამ ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.
33 . მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: "რაზე დაობდით გზაში?”
34 . ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ - ვინ უფრო დიდიაო?
35 . დაჯდა, უხმო თორმეტს და უთხრა: "თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური”.
36 . მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:
37 . "ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს მომავლინებელს”.
38 . უთხრა იოანემ: "მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება და დავუშალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვყვება”.
39 . იესომ უთხრა: "ნუ დაუშლით, ვინაიდან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, აგრე იოლად ვერ იტყვის აუგს ჩემზე.
40 . ვინაიდან ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.
41 . ვინც ჩემი სახელით ჭიქა წყალს მოგაწვდით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.
42 . ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.
43 . "თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე ჩაუქრობელ ცეცხლში,
44 . სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
45 . თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,
46 . სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
47 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გირჩევნია ცალი თვალით შეხვიდე ღმერთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,
48 . სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
49 . ვინაიდან ყოველნი ცეცხლით დამარილდებიან და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.
50 . მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი დაამარილებ? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში”.