1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
2 . კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
3 . ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და თავის მსგავსად და ხატად შეეძინა ძე, რომელსაც სახელად შეთი უწოდა.
4 . შეთის დაბადების შემდეგ ადამმა კიდევ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
5 . ადამის სიცოცხლის დღეებმა სულ ცხრაას ოცდაათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
6 . იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შეეძინა ენოში.
7 . ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა კიდევ რვაას შვიდი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
8 . შეთის დღეებმა ცხრაას თორმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
9 . იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კენანი.
10 . ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
11 . ენოშის დღეებმა სულ ცხრაას ხუთი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
12 . იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და ეყოლა მაჰალალელი.
13 . კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
14 . კენანის დღეებმა სულ ცხრაას ათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
15 . იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა იარედი.
16 . მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
17 . მაჰალალელის დღეებმა სულ რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
18 . იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
19 . იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
20 . იარედის დღეებმა სულ ცხრაას სამოცდაორი წელი შეადგინა და გარდაიცვალა.
21 . იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
22 . მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი სამასი წელი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი და ასულნი.
23 . ენოქის დღეები სულ სამას სამოცდახუთი წელიწადი იყო.
24 . ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.
25 . იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შეეძინა ლამექი.
26 . მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
27 . მეთუშალახის დღეები მთლიანად ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი იყო და გარდაიცვალა.
28 . იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი.
29 . უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: "ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.
30 . ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
31 . ლამექის დღეებმა სულ შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
32 . ნოე ხუთასი წლის იყო, როცა სამი ვაჟი - სემი, ქამი და იაფეთი - შეეძინა.
1 . როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები,
2 . იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.
3 . და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
4 . ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.
5 . და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
6 . მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
7 . თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
8 . მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9 . ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.
10 . და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11 . მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით.
12 . გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
13 . უთხრა ღმერთმა ნოეს: "დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.
14 . გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.
15 . ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
16 . სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.
17 . და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.
18 . შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19 . ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.
20 . ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.
21 . მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.
22 . და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.
1 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: "ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”
2 . უთხრა აბრამმა: "უფალო ღმერთო! რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის განმგებელი”.
3 . თქვა აბრამმა: "შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე”.
4 . და იყო აბრამის მიმართ უფლის სიტყვა: "არ გახდება იგი შენი მემკვიდრე; არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე”.
5 . გაიყვანა გარეთ და უთხრა: "ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა”. მერე უთხრა: "შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება”.
6 . და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.
7 . კვლავ უთხრა: "მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა”.
8 . უპასუხა: "უფალო ღმერთო! როგორ უნდა მივხვდე, რომ მე დავიმკვიდრებ?”
9 . უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.
10 . მიიყვანა ეს ყველაფერი, შუაზე გაჭრა და ნაჭრები ერთიმეორის პირდაპირ დააწყო. მხოლოდ ფრინველები არ გაჭრა შუაზე.
11 . და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორს, მაგრამ განდევნა ისინი აბრამმა.
12 . მზის ჩასვლისას ღრმად ჩაეძინა აბრამს; მაშინ ძრწოლამ და დიდმა წყვდიადმა მოიცვა იგი.
13 . უთხრა უფალმა: "იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში; დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხასი წელი.
14 . და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.
15 . შენ კი მშვიდობით მიხვალ შენს მამებთან; ტკბილი სიბერე გექნება და დაიკრძალები.
16 . მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.
17 . როდესაც მზე ჩავიდა და წყვდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა.
18 . იმ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: "შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე.
19 . კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,
20 . ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
21 . ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები”.
1 . და ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა და უჩვენა მას უფალმა გილყადის მთელი ქვეყანა დანამდე;
2 . ნაფთალის მთელი ქვეყანა, ეფრემისა და მენაშეს ქვეყანა და იუდას მთელი ქვეყანა, ზღვის დასასრულამდე;
3 . ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.
4 . უთხრა მას უფალმა: "ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. შენი თვალით დაგანახე, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
5 . და მოკვდა მოსე, მსახური უფლისა, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.
6 . და დამარხა იგი უფალმა მოაბის ქვეყნის ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, მაგრამ დღემდე არავინ იცის მისი სამარხი.
7 . ას ოცი წლის იყო მოსე, როცა გარდაიცვალა; თვალთ არ დაჰკლებია და ღონე არ გამოსცლია.
8 . ოცდაათი დღე იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის ველებზე და დაასრულეს მისთვის გლოვა და ტირილი.
9 . და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
10 . აღარ აღმდგარა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
11 . ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც გააგზავნა იგი უფალმა ეგვიპტელთა ქვეყანაში - ფარაონზე, მის მსახურებსა და მთელ მის ქვეყანაზე,
12 . ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელიც მთელი ისრაელის თვალწინ მოიმოქმედა მოსემ.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . აუმხედრდა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.
2 . ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: "წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?”
3 . უთხრა უფლის ანგელოზმა ელია თიშბელს: "წადი, დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი, ნუთუ აღარ არის-თქო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?
4 . ამიტომ ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები!” წავიდა ელია.
5 . დაბრუნდნენ მოციქულნი ახაზიასთან. ჰკითხა: "რატომ დაბრუნდით?”
6 . უთხრეს: "კაცი გამოვიდა შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და გადაეცით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არისო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდებიო”.
7 . უთხრა მეფემ: "როგორი იყო ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?”
8 . უპასუხეს: "ბალნით არის დაფარული და წელზე ტყავის სარტყელი არტყამს”. თქვა მეფემ: "ეს ელიაა, თიშბელი”.
9 . მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდნენ და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია; უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, მეფემ შემოგითვალა, ძირს ჩამოვიდესო!”
10 . მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
11 . კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!”
12 . ელიამ უთხრა: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
13 . მესამედაც მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი, მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: "ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში.
14 . აჰა, ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და შთანთქა ორი წინამორბედი ორმოცდაათისთავი, თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად; ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში!”
15 . უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: "ჩაჰყევი, ნუ გეშინია!” ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან.
16 . უთხრა მეფეს: "ასე ამბობს უფალი, რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გაგზავნე შენი მოციქულები საკითხავად, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი სიტყვას, ვეღარ ადგები სარეცელიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები”.
17 . მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ წარმოთქვა. მის ნაცვლად კი იორამი გამეფდა, იოშაფატის ძის, იორამის, იუდას მეფის გამეფების მეორე წელს, რადგან ძე არ ჰყოლია.
18 . ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
1 . აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.
2 . უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და შემატყობინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი”.
3 . უთხრა იოაბმა: „დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ხალხი, განა ყველა მათგანი ჩემი ბატონი მეფის მონები არ არიან? მაშ რაღად ითხოვს ამას ჩემი ბატონი? ცოდვისკენ რად უნდა უბიძგო ისრაელს?”
4 . მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბზე. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და დაბრუნდა იერუსალიმში.
5 . მიუტანა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რიცხვი და მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღმოჩნდა ისრაელში, იუდაში კი ოთხას სამოცდაათი ათასი მახვილის ამღები კაცი იყო.
6 . ლევიანები და ბენიამინი არ აღურიცხავს, რადგან სისაძაგლედ მიიჩნია იოაბმა მეფის ბრძანება.
7 . ბოროტი იყო ეს საქმე ღმერთის თვალში და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.
8 . უთხრა დავითმა ღმერთს: „ფრიად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე! ახლა გევედრები, მიუტევე უფალო, დანაშაული შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი”.
9 . დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის წინასწარმეტყველს და უთხრა:
10 . „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო”.
11 . მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
12 . სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვით შევიწროება შენი მტრისაგან და თან მისი მახვილი გემუქრებოდეს თუ სამი დღის მანძილზე შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი მძვინვარებდეს ისრაელის მთელ საზღვრებში. რა ვუპასუხო ჩემს წარმომგზავნელს?”
13 . უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან ძალზედ დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”.
14 . მოუვლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელს და სამოცდაათი ათასი კაცი დაეცა ისრაელში.
15 . და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
16 . აღაპყრო დავითმა თვალები და დაინახა დედამიწასა და ცას შორის მდგარი უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელში იერუსალიმზე გაწვდილი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. და პირქვე დაემხნენ ჯვალოთი შემოსილი დავითი და უხუცესნი.
17 . უთხრა დავითმა ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე შენი ხალხის აღრიცხვა? მე შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე, ამ ცხვრებს ხომ არაფერი დაუშავებიათ? უფალო, ღმერთო ჩემო! გევედრები, ჩემზე და მამაჩემის სახლეულზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად”.
18 . და უბრძანა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა ორნან იებუსელის კალოზე.
19 . წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
20 . შემობრუნდა ორნანი, დაინახა ანგელოზი და დაიმალა თავის ოთხ ვაჟთან ერთად. ხორბალს ლეწავდა მაშინ ორნანი.
21 . მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
22 . უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი ამ კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ; სრულ ფასს გადაგიხდი, რათა შეწყდეს ხალხის განადგურება”.
23 . უთხრა ორნანმა დავითს: „მეფე ბატონო, აიღე და გააკეთე, რაც გენებოს. მოგცემ ხარებს სრულადდასაწველად, კევრებს - შეშად და ხორბალს - პურეულის შესაწირად. ყველაფერს მოგცემ!”
24 . უპასუხა ორნანს მეფე დავითმა: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, ვერც შენს საკუთრებას შევწირავ უფალს და ვერც მუქთ სრულადდასაწველს აღვუვლენ”.
25 . ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს იმ ადგილის საფასურად.
26 . იქ აუშენა დავითმა უფალს სამსხვერპლო და აღავლინა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო მსხვერპლები, მოუხმო უფალს, მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის დაშვებით უპასუხა.
27 . უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც ქარქაშში ჩააგო თავისი მახვილი.
28 . დაინახა დავითმა, რომ უპასუხა უფალმა ორნან იებუსელის კალოზე და იქ შესწირა მსხვერპლი.
29 . ხოლო უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა და სრულადდასაწველის სამსხვერპლო, იმჟამად გაბაონის მაღლობზე იყო.
30 . არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა.
1 . როდესაც სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან, შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები და უფლის დიდებამ აავსო სახლი.
2 . და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა უფლის სახლში შესვლა, რადგან უფლის დიდებამ აავსო იგი.
3 . როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4 . მეფემ და მასთან ერთად მთელმა ხალხმა შესწირეს მსხვერპლები უფლის წინაშე.
5 . მეფე სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი შესწირა მსხვერპლად. და აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
6 . მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის გაკეთებული, საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეშვეობით; მღვდლებმა საყვირებს ჩაჰბერეს მათ წინაშე და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
7 . შუა ეზოც გაწმიდა სოლომონმა უფლის სახლის წინ, რადგან იქ შესწირა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირის ქონი, ვინაიდან ვეღარ დაიტია სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ სრულადდასაწველნი, პურეული ძღვენი და ქონი.
8 . შვიდდღიანი დღესასწაული გამართა სოლომონმა იმ დროს და მასთან ერთად, მთელი ისრაელის დიდმა კრებულმა, ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის მდინარემდე;
9 . მერვე დღეს საზეიმო თავშეყრა გამართეს, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს საზეიმო მიძღვნას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
10 . მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს თავ-თავის კარვებში გაუშვა ხალხი, ბედნიერნი და გულმხიარულნი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ხალხს.
11 . დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და მეფის სასახლე; და ყველაფერი, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა ჩადებული უფლის სახლისთვის და თავისი სახლისთვის, წარმატებით დააგვირგვინა.
12 . ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.
13 . თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს ან კალიას ვუბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს;
14 . და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან - მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.
15 . თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოვუსმენ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვას.
16 . ახლა ავირჩიე და გავწმიდე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად; გამუდმებით აქ იქნება ჩემი თვალი და გული.
17 . თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს შეასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
18 . მაშინ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი. ვუთხარი: არ დაგელევა-მეთქი კაცი, რომელიც იმეფებს ისრაელზე.
19 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და მსახურებას დაუწყებთ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
20 . მაშინ აღმოვფხვრი მათ ჩემი მიწიდან, მათთვის რომ მაქვს მიცემული; და ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელისათვის განვწმინდე, მოვიშორებ ჩემი სახიდან და საიგავოდ და საქილიკოდ გავხდი ხალხთა შორის.
21 . და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს დიდებით მოსილს, გაოცდება და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
22 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ, ამის გამო მოუვლინა მათ უფალმა ყველა ეს ბოროტება!”
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან რომ ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით.
2 . დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: "დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის საპყრობილედ; და ყოველი ბილწი მხეცისა და არაწმიდა ფრინველის საპყრობილედ;
3 . ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.
4 . გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: "გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.
5 . ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.
6 . მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით; სასმისი, რომელსაც ღვინით გივსებდათ, ორმაგად შეუვსეთ მას.
7 . რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.
8 . ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
9 . და დაიტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, მასთან რომ მეძავობდნენ და ნებივრობდნენ, როცა მისი ხანძრის კვამლს დაინახავენ.
10 . მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში დადგა შენი განკითხვა.
11 . დედამიწის ვაჭრები დაიტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12 . ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხესა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,
13 . დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სიცოცხლეს.
14 . შენი გულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყველაფერი პოხიერი და ბრწყინვალე გაგიქრა და ვეღარავინ იპოვის მათ.
15 . ყოველივე ამით მოვაჭრენი, მისგან რომ გამდიდრდნენ, შორს გადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.
16 . იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირითა და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო,
17 . რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე. ყოველი მესაჭე, და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს გადგა.
18 . მოსთქვამდნენ მისი ხანძრის კვამლს რომ უყურებდნენ, და ამბობდნენ: რომელი ქალაქი ჰგავდა ამ დიდ ქალაქს?
19 . თავზე მტვერი დაიყარეს და მოსთქვამდნენ ტირილითა და გლოვით: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებითაც გამდიდრდა ყველა, ვინც ხომალდით დაცურავდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაუდაბურდა.
20 . გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.
21 . ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა, გადააგდო ზღვაში და თქვა: "ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.
22 . ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.
23 . ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.
24 . მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდანთა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი”.
1 . 1. უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც. 2. ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით. 3. უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან. 4. ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან. 5. გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი. 6. უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას. 7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე. 16. როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს. 17. რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი. 18. იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს. 19. შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება. 20. შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.
1 . 1. ახლა კი შევაქოთ სახელოვანი ვაჟკაცები და ჩვენი მამები თავ-თავიანთ თაობებში. 2. მრავალი დიდება შეუქმნია მათი მეოხებით უფალს, უკუნითიდან არის მისი სიდიადე. 3. ისინი იყვნენ განმგებელნი თავიანთ საბრძანებლებში და კაცნი, ძლიერებით სახელგანთქმულნი, თავიანთი სიბრძნით მიმცემნი რჩევისა და წინასწარმეტყველებებში გამომცხადებელნი. 4. ხალხის წინამძღვარნი თათბირებში და მათ განსწავლაში, ბრძნული იყო მათი სიტყვები დასამოძღვრად. 5. მათ შექმნეს მუსიკის ჰანგები და ჰიმნები წარმოთქვეს ჩასაწერად. 6. კაცნი მდიდარნი, დაჯილდოებულნი ძალით, და მშვიდად მცხოვრებნი თავიანთ სახლებში. 7. ყველანი პატივდადებულნი იყვნენ თავ-თავიანთ თაობებში და სიქადულნი იყვნენ თავიანთ დროში. 8. ზოგიერთმა მათგანმა დატოვა სახელი სადიდებლად, 9. ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, და ისე იქმნენ, თითქოს არც შობილიყვნენ, და მათ შემდგომად მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ. 10. მაგრამ იყვნენ ისინი კაცნი მოწყალენი, რომელთა მართალი საქმეები არ დავიწყებულა. 11. მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი ნაშიერნი. 12. აღთქმებში იქნება მათი თესლი და მათი შვილები მათივე წყალობით. 13. მათი თესლი უკუნისამდე იარსებებს და მათი დიდება არ წაიშლება. 14. მათი გვამები მშვიდობაში დაიმარხნენ და მათი სახელი თაობებში ცოცხლობს. 15. ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს. 16. ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა. 17. ნოე სრული და მართალი აღმოჩნდა, რისხვის ჟამს შეწყალებულ იქნა; ამიტომაც მიწაზე ნატამალად დარჩა, როცა წარღვნა მოხდა. 18. მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ არცერთი ხორციელი წარღვნით არ დაიღუპებოდა. 19. აბრაამი იყო დიდი მამა ბევრი ხალხისა, და დიდებაში მისი მსგავსი არ იპოვებოდა. 20. მან დაიცვა რჯული უზენაესისა და აღთქმით შეეკრა მას; აღთქმა თავის ხორცში გაამყარა და განსაცდელში მტკიცე აღმოჩნდა. 21. ამიტომაც უფალმა ფიცით აღუთქვა, რომ მის თესლში იკურთხებოდნენ ხალხები, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა მიწაზე, მის თესლს ვარსკვლავებივით აღამაღლებდა და ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე მისცემდა სამკვიდროს. 22. ისაკშიც ამგვარად დაადგინა მამამისის, აბრაამის გამო. 23. ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით და მისცა მას სამკვიდრებელი, განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა.